Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნანა ნაცაური.

როგორი უნდა იყოს ზაფხულში ბავშვის ფიზიკური ცხოვრება და  რა ტიპის და ხანგრძლივობების აქტივობებით უნდა დაკავდნენ ისინი?

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მშობლები ფიქრობენ როგორ დატვირთონ ფუნქციურად ბავშვები ფიზიკურად, ემოციურად თუ შემეცნებითად. არდადეგების დროს ფიზიკური აქტივობა მარტივად შეგიძლიათ  აქციოთ სახალისო და დაუვიწყარ მოგონებად. პოზიტიური და აქტიური დასვენება საუკეთესო საშუალებაა  ჯანსაღი რუტინის შესანარჩუნებლად  ან ჩამოსაყალიბებლად.

ukactive-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ე.წ.  “ზარმაცი ზაფხულის არდადეგების“ შემდეგ,  ფიზიკური შესაძლებლობების 80%-ს კარგავენ. ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაცია ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით:

  • 3-6 წლამდე ბავშვები ყოველდღიურად მინიმუმ სამი საათის განმავლობაში უნდა დაკავდნენ აქტიური ფიზიკური თამაშებით;
  • 5–17 წლის ბავშვები და ახალგაზრდები, საშუალოდ, 60 წთ. ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით. ფიზიკური აქტივობის უმეტესი ნაწილი აერობული უნდა იყოს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტს უნდა მოძრაობდეს. 

სახალისო, აქტიური თამაშების დაგეგმვით,  ბავშვს შეუქმნით საფუძველს:

  • გაუმკლავდეს სტრესს  ფიზიკური დატვირთვით;
  • გაიუმჯობესოს ემოციური ინტელექტი და სოციალური ცნობიერება თანატოლებთან ურთიერთობით;
  • ისწავლოს თამაში წესების დაცვით და სხვისი პოზიციის გათვალისწინებით.

ამერიკის ზაფხულის სასწავლო ეროვნული ასოციაცია (National Summer Learning Association) მშობლებს ურჩევს მოიძიონ საზაფხულო ბანაკები ან ისეთი პროგრამები, სადაც შესაძლებელი იქნება ბავშვის ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება. წაახალისონ ეზოში, გარეთ თამაში, ველოსიპედის ტარება, თანატოლებთან სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, იარონ ბუნებაში. დარწმუნდნენ, რომ ზაფხულში ბავშვი დატვირთვის შესაბამის რაოდენობის წყალს სვამს. იყვნენ აქტიურები შვილებთან ერთად, ეს მათთვის კარგი მაგალითი იქნება. ისარგებლონ ადგილობრივი აუზებით და დასვენების ცენტრებით. სახლში იქონიონ ჯანსაღი საკვები და წასახემსებლები. მოამზადონ საჭმელი ერთად. გამორთონ ტელევიზორი და კომპიუტერი. მისცენ ბავშვებს სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურ და ფუნქციურ დატვირთვას.

აქტივობები ზაფხულის არდადეგებისთვის

შიდა სივრცეში და ბუნებაში ცოცვა

კლდეზე ცოცვის დროს (როგორც დახურულ სივრცეში, ასევე, ბუნებაში) დატვირთვა თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულზე. ბავშვი აუმჯობესებს ძალას, კოორდინაციას, გამძლეობას და სისწრაფეს. გარდა ამისა, უკეთ აღიქვამს საკუთარ სხეულს. 

ცოცვის დროს, ბავშვები, ძირითადად, გუნდურად გადალახავენ სირთულეებს, რა დროსაც სწავლობენ მეორე ადამიანზე ზრუნვას, გუნდურ მუშაობასა და უსაფრთხოებისათვის საჭირო წესებს.

ცურვა აუზში და ბუნებრივ გარემოში

წყალში თამაში და ცურვა ხშირად ბავშვებისთვის საყვარელი გასართობია. გარდა იმისა, რომ ზაფხულში გაგრილების საშუალებაა, მას ბევრი სარგებელი აქვს: აუმჯობესებს ნერვულ, ძვალ-სახსროვან, კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს; ხსნის სტრესს, ამაღლებს იმუნიტეტსა და  განწყობას, ეხმარება ახალგაზრდებს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში. 

ცხენოსნობა

ცხენზე ჯირითი იზომეტრიული ვარჯიშია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი იყენებს კონკრეტულ კუნთებს გარკვეულ პოზიციებზე დასარჩენად (ამ შემთხვევაში, ცხენზე წონასწორობის შესანარჩუნებლად). ცხენოსნობა აუმჯობესებს ძალას, მოქნილობას, პოზას და კოორდინაციას. ხელს უწყებს გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვან, ნერვულ და ძვალ სახსროვანი სისტემების განვითარებას. სპეციალისტები ხშირად ამისამართებენ ახალგაზრდებს ცხენოსნობაზე დეპრესიის, შფოთვისა  და სტრესის დროს.

ბატუტი

ბატუტზე ხტუნვა სახალისო და აქტიური ვარჯიშია. ხტუნვისას ვითარდება ბალანსი, მოქნილობა, კოორდინაცია, წონასწორობა, ძალა,  გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ბატუტზე ხტუნვა მნიშვნელოვნად ამაღლებს ბავშვის გუნება-განწყობას. 

ლაშქრობა

ლაშქრობა კარგი ფიზიკური აქტივობაა, რომელშიც მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მთელმა ოჯახმა, მათ შორის შინაურმა ცხოველებმაც. შეკრიბეთ ბავშვები, წაიყვანეთ სასეირნოდ სუფთა ჰაერზე.  ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, პატარები გაეცნობიან ბუნებას და შეძლებენ ისეთი უნარების დასწავლას, როგორიცაა: გარემოში ადაპტაცია, კოორდინაცია,  სირთულეების გადალახვა, სხვა ადამიანზე ზრუნვა, გუნდური მუშაობა, მიზნისკენ სწრაფვა. ლაშქრობა აუმჯობესებს ფიზიკურ ძალასა და ამტანობას, ამცირებს დეპრესიას და შფოთვას. 

კალათბურთი და ფეხბურთი

საქართველოში, პარკებსა თუ გასართობ მოედნებზე ხშირად გვხდება კალათბურთისა და ფეხბურთის სათამაშო სივრცეები. ბავშვებს მარტივად შეუძლიათ დაკავდნენ სპორტით მეგობრებთან ერთად.

გარდა იმისა, რომ ფეხბურთი და კალათბურთი პოპულარულია, სპორტის ეს სახეობები დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კალათბურთის და ფეხბურთის თამაში მოიცავს  სირბილის, სიარულის, ხტუნვისა და დარტყმის/ტყორცნის კომბინაციებს, რაც აუმჯობესებს: გამძლეობას, კოორდინაციას, ბალანსს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ცხიმის მოცულობას ორგანიზმში, ზრდის კუნთების ძალასა, ტონუსს და ძვლის სიმტკიცეს.

ითვლება, რომ რეგულარულად სპორტით დაკავება ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის სიმპტომების მართვას, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და სტრესი. ასევე ზრდის თავდაჯერებულობას და  ამაღლებს თვითშეფასებას.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი აქტიური ცხოვრების შესახებ ბავშვი ყველაზე მეტს მშობლისგან სწავლობს. ჩართეთ მთელი ოჯახი რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ კვებაში. შეარჩიეთ აქტივობები, რომლებიც შეესაბამება მის ასაკსა და განვითარებას. მიეცით ბევრი დრო, რომ იყოს აქტიური როგორც სტრუქტურირებულ, ასევე,  არასტრუქტურირებულ გარემოში. ეცადეთ, რომ აქტივობები იყოს მხიარული და მრავალფეროვანი. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მნიშვნელოვანია მათი ინტერესების გათვალისწინება აქტივობების დაგეგმვის დროს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5