“დედამიცისს” ესაუბრება ოკუპაციური თერაპევტი და ადრეული განვითარების სპეციალისტი თამარ ნოზაძე.
ადრეული განვითარების პერიოდში მშობლები ხშირად იყენებენ დამხმარე საშუალებებს – მანეჟს, ჭოჭინას, “ბაუნსერს”, “ჯამფერს” და ა.შ რა გავლენას ახდენს ასეთი მოწყობილობების ხშირი გამოყენება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე?
ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ბავშვის განვითარების პერიოდში ნაკლებად უწევს რეკომენდაციას ისეთ გაჯეტებს, როგორიცაა ჭოჭინა, მანეჟი და სხვა.
როდესაც ვლაპარაკობთ მანეჟის საჭიროებაზე, ეს არის მშობლისთვის დამხმარე საშუალება და არა ბავშვის განმავითარებელი, რადგან ის ყველა უნარი რაც ბავშვმა შეიძლება მანეჟში შეიძინოს, როგორიც არის ჯდომა უსაფრთხოდ, ან წამოდგომა და მანეჟის გარშემო სიარული, ეს ყველაფერი ბავშვს შეუძლია მანეჟის გარეთაც შეიძინოს თუ უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი – შეუძლია დივანთან წამოდგეს, ბალიშებით შემოწყობილ უსაფრთხო გარემოში იჯდეს და ავეჯზე დაყრდნობით ისწავლოს წამოდგომა. რა თქმა უნდა მანეჟის გამოყენება ბავშვს არ ვნებს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც არ უწევენ მანეჟს რეკომენდაციას არის, ის რომ მშობლებს დიდხანს უნდებათ რომ ბავშვი მანეჟში იჯდეს, ამ შემთხვევაში ბავშვს ეზღუდება გარემოს კვლევის შესაძლებლობა, რომელიც მის გონებრივ განვითარებაზე აისახება.
როდესაც ჭოჭინაზეა საუბარი, ამ საკითხს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ რატომაც კრძალავენ ჭოჭინის გამოყენებას არის ის რომ , მშობლები ჭოჭინაში სვამენ ბავშვებს იმ დროს (4-5 თვის ბავშებსაც კი), როდესაც ბავშვების მენჯი ამისთვის არ არის მზად დგომისთვის და ამან შეიძლება გამოიწვიოს მენჯის დისპლაზია და არასწორი განვითარება, რომელიც შემდგომ ხერხემალზეც იმოქმედებს და მეორე მხრივ, რასაც ჭოჭინა აკლებს ბავშვს არის ისევ და ისევ უსაფრთხოდ დაცემის გამოცდილების მიღება, რადგანაც თუ გვინდა ბავშვმა მალე გაიაროს ის უნდა იდგეს დამოუკიდებლად ისე, რომ ხელით არ უნდა ეყრდნობოდეს საყრდენს, არ უნდა ეშინოდეს დაცემის და შეეძლოს ავეჯის დახმარებით წამოდგომა, მხოლოდ ამის შემდეგ გაბედავს ის დამოუკიდებლად სიარულს. რაც შეეხება ჭოჭინა გამოვლილ ბავშვებს , მათ არ აქვთ დაცემის გამოცდილება მიღებული, რადგან ჭოჭინით არასდროს დაცემულან და როგორც კი ამოვიყვანთ ჭოჭინიდან და ერთხელ დაეცემიან, შესაძლოა თვეები დასჭირდეთ დაცემის შიშის გადასალახავად, შესაბამისად, ჭოჭინა ამცირებს უსაფრთხოდ დაცემის საშუალებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის საკუთარი სხეულისა და სივრცითი აღქმის განვითარებისთვის
თუმცა პოზიტიური სარგებელიც შეიძლება მოვუძებნოთ ჭოჭინის გამოყენებას – მაგ. ბავშვებს მოსწონთ რომ დაქრიან, შეიძლება ისწავლონ ჭოჭინით გარემოში მანიპულირება, სიჩქარის შეგრძნება გადაადგილებისას, დამოუკიდებლად გადაადგილების გამოცდილება და სხვა.
რეკომენდაცია ასეთია: თუ მშობელი მაინც გადაწყვეტს ჭოჭინის გამოყენებას, მნიშვნელოვანია დაველოდოთ ბავშვს და როცა ვნახავთ, რომ ბავშვი ავეჯის დახმარებით წამოდგება და დახმარებით დგას რამდენიმე წამით მაინც, ესეიგი მისი მენჯი მზად არის დგომისთვის და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავსვათ ჭოჭინაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე 15-20 წუთით და ამასთანავე მისცეს ბავშვს უსაფრთხო გარემოში ხოხვით გადაადგილების სტიმულირება, რომ ბავშვმა მიიღოს დამოუკიდებლად წამოდგომა -დაცემის გამოცდილება.
ჭოჭინის და მანეჟის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ზოგადად “გაჯეტებზე”, მათ სარგებელსა და ზიანზე ბავშვის განვითარებისთვის.
ნებისმიერი მოწყობილობა,“ბაუნსერი”, რომელიც არწევს ბავშვს, მანეჟი, რომელშიც ბავშვი უსაფრთხოდ ზის, ჭოჭინა, რომელშიც უსაფრთხოდ გადაადგილდება ბავშვი, “ჯამფერი”, რომელშიც ვსვამთ ბავშვს და დახტის, საწოვარა, რომელსაც წოვს ბავშვი თვითდამშვიდებისთვის და ჩასაძინებლად, ასევე ტელეფონი, ტელევიზორი, პლანშეტი და ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა, რომელიც ართობს, გადის გაჯეტებში და ითვლება რომ არის მშობლის დამხმარე საშუალება და არა განმავითარებელი. ბავშვები ბუნებრივ და უსაფრთხო გარემოში ბევრად უფრო მარტივად აითვისებდნენ ამ უნარებს ან მიიღებდნენ იგივე შეგრძნებებს, თუმცა გაჯეტები ასრულებს მშობლისთვის დამხმარე საშუალებას, მაგალითად ბაუნსერი, რომ სულ მშობელმა არ არწიოს ბავშვი ხელში, მანეჟი – იმისთვის რომ რამდენიმე წუთით მშობელმა უსაფრთხოდ დატოვოს ბავშვი; საწოვარა – რომ სულ ძუძუ არ ედოს ბავშვს პირში და სხვა.
გაჯეტები არის ბავშვისთვის არა განმავითარებელი, არამედ დროის გასაყვანი საშუალება, შესაბამისად თუ მშობელი ზოგადად ახდენს ბავშვის განვითარების სტიმულირებას და გაჯეტებს დღის განმავლობაში საკუთარი თავის დაზოგვისთვის მხოლოდ რამოდენიმე წუთით გამოიყენებს, ეს არ ავნებს ბავშვს, თუმცა გაჯეტების ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვს განვითარებაში – მანეჟის, ჭოჭინის, ბაუნსერის მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა შეზღუდოს საკუთარი სხეულისმ გარემოს და სივრცის კვლევა, ის ბავშვები, ვისაც მთელი დღით საწოვარა უდევთ პირში, გარდა არასწორი თანკბილვისა, უფრო მეტადაა მოსალოდნელი მეტყველების შეფერხება რადგან ბავშვის პირი დაკავებულია ამ დროს და აღარ სცალია ბგერების გამოსაცემად; და რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელებული პლანშეტის და ტექნიკის გამოყენება შეაფერხებს მთლიანად განვითარებას, რადგან იმ დროს როდესაც ბავშვები უნდა იყვნენ აქტიურნი, იკვლევდნენ სამყაროს – გადაადგილდებოდნენ გარემოში, ეხებოდნენ და პირში იდებდნენ სხვადასხვა ნივთებს შესაცნობად, ამის მაგივრად არიან პასიურ მდგომარეობაში და იღებენ მხოლოდ სმენით და ვიზუალურ სტიმულაციას ეფექტური კლიპებით და სიმღერებით.
საბოლოოდ, გაჯეტები განკუთვნილია მშობლისთვის დროის გამოსათავისუფლებლად, გაჯეტების გამოყენება არ უვითარებს ბავშვს გარკვეულ უნარებს, გაჯეტების მცირე რაოდენობით სწორად გამოყენება შესაძლოა არ იყოს საზიანო, თუმცა ჭარბი რაოდენობით გამოყენებას შეუძლია ბავშვის განვითარების შეფერხება.