Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები განსხვავებული ტემპებით ვითარდებიან, მაგრამ უმეტესობა ერთსა და იმავე ვადაში აღწევს განვითარების ეტაპს. თუ თქვენი პატარა რამდენიმე კვირით ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, აცნობეთ პედიატრს ამის შესახებ. შეიძლება ეს არაფერია, მაგრამ თუ თქვენს შვილს შეფერხება აქვს, ადრეული დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება მნიშვნელოვანია.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ათამაშოთ მუცელზე ყოველდღიურად სწორ ზედაპირზე, როცა ღვიძავს. ეს ეხმარება მას კუნთების განვითარებაში, რათა შეძლოს თავის დაჭერა, გადაბრუნება, დაჯდომა, ხოხვა და სიარული. შესაძლებელია, ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა გამოწვეული იყოს იმით, რომ ის ვერ ატარებდეს საკმარის დროს მუცელზე თამაშში. ამიტომ, გამორიცხეთ ეს ფაქტორი, თუ აღმოაჩენთ შემდეგ „წითელ ალმებს“:

0-2 თვე:

  • 2 თვიდან არ წევს თავს მაღლა, როცა წამოაყენებთ ზურგზე წოლის პოზიციიდან;
  • 2 თვისთვის ისევ მოდუნებულია;
  • 2 თვისთვის ფეხებს ამაგრებს, აჯვარედინებს ან მაკრატლის მსგავს პოზიციას იღებს, როდესაც სხეულზე ხელის მოკიდებით აგყავთ ხელში.

3-6 თვე:

  • 3-4 თვისთვის ვერ იჭერს სათამაშოებს და არ ცდილობს მათ მიწვდომას;
  • 3-4 თვისთვის ვერ იჭერს თავს;
  • 4 თვისთვის არ მიაქვს საგნები პირისკენ;
  • 4 თვისთვის არ ატანს ძალას ფეხებს, როდესაც „დგას“;
  • 4 თვის შემდეგ კვლავ აქვს მოროს რეფლექსი (თუ თქვენს პატარას ხმაური შეაკრთობს ან მისი თავის მდგომარეობა უცებ შეიცვლება, შესაძლოა მისი რეაქცია გამოიხატოს ხელებისა და ფეხების უეცარი გაშლით, შემდეგ კი მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნებით);
  • 5-6 თვის შემდეგ ისევ აქვს კისრის რეფლექსი. ზურგზე მწოლიარე ბავშვის თავს თუ გვერდზე მივაბრუნებთ, ჩვილი გაშლის ხელს და ფეხს იმ მხარეს, საითაც თავი აქვს მიბრუნებული, ხოლო საპირისპირო ხელს და ფეხს მოხრის (მოფარიკავეს პოზა);
  • 6 თვისთვის არ შეუძლია მიყუდებით დაჯდომა;
  • 6 თვის შემდეგ ცდილობს საგნებს მიწვდეს მხოლოდ ერთი ხელით, მეორეზე კი მუშტი აქვს შეკრული;
  • 5-6 თვისთვის არ ბრუნდება არც ერთი მიმართულებით.

7-9 თვე

  • 7 თვისთვის თავს ცუდად იჭერს, როცა წამოაჯენთ;
  • 7 თვის ასაკში არ შეუძლია ნივთების პირში ჩადება;
  • 7 თვის ასაკში არ იწევს საგნებისკენ;
  • 9 თვისთვის არ შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა.

9-12 თვე

  • 10 თვის შემდეგ დახოხავს „ცალმხრივად“ – აწვება მხოლოდ ერთ ხელსა და ფეხს, მეორეს კი „მიათრევს“;
  • 12 თვისთვის არ ხოხავს;
  • 12 თვისთვის არ შეუძლია დახმარებით დგომა.

13-24 თვე

  • 18 თვის ასაკში არ შეუძლია სიარული;
  • რამდენი თვე დადიოდა და შემდეგ თავდაჯერებულად ვეღარ დადის ან ფეხის წვერებზე დადის მუდმივად;
  • 2 წლის შემდეგ წელიწადში 5 სმ-ზე ნაკლებს იმატებს.

36 თვე

  • ხშირად ეცემა ან ვერ ადის და ჩამოდის კიბეზე;
  • მუდმივად დორბლიანობს;
  • არ შეუძლია პატარა საგნებით მანიპულირება.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და მხოლოდ ერთი ნიშანი არ ნიშნავს განვითარების შეფერხებას.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5