პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ვეკო აკობია.
თუ თქვენს პატარას აწუხებს ძვალ-სახსროვანი ან ძვალ-კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი, მოტორული განვითარების ან გადაადგილების სირთულეები აუცილებელია მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა. არჩევანის გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორც ფიზიკური თერაპიის, ასევე, მასაჟის დანიშნულება და დადებითი მხარეები.
რა არის ფიზიკური თერაპია?
ფიზიკური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.
საწყის ეტაპზე ფასდება მოტორული ფუნქციები (კოორდინაცია, ძალა, მოქნილობა და სხვა უნარები). თერაპია კი მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ვარჯიშებსა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას.
რა დადებითი მხარეები აქვს ფიზიკურ თერაპიას და რას მოიცავს?
პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური თერაპია მოიცავს:
- ტკივილის მართვას;
- მობილობის გაუმჯობესებას;
- პოსტტრავმული დაზიანების აღდგენას;
- ინსულტის ან დამბლის რეაბილიტაციას;
- დაცემის პრევენციას;
- გაუმჯობესებულ ბალანსს;
- ასაკთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემების მართვას და სხვა…
რა როლი აქვს ფიზიკურ თერაპიას პედიატრიაში?
ფიზიკური თერაპევტი, რომელიც სპეციალიზებულია პედიატრიული მიმართულებით, აფასებს ბავშვის მოტორულ განვითარებას და ინდივიდუალურად გეგმავს თერაპიულ პროცესს. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობაზე.
საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურ თერაპევტს წამყვანი როლი უჭირავს ისეთ დარგებში როგორიცაა: ნეირორეაბილიტაცია, ორთოპედია, პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია და სხვა…
პედიატრიული ფიზიკური თერაპია მიზნად ისახავს დიაგნოსტირებას, მკურნალობას და იმ სამედიცინო პრობლემების მართვას, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვილებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, მაგალითად: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სპინა ბიფიდა, ენდოპროტეზირება, ტერფის ვალგუსური დეფორმაცია, სკოლიოზი, ცერებრული დამბლა, განვითარების ეტაპების დაყოვნება, კუნთთა ჰიპერ ან ჰიპოტონია და ა.შ.
პედიატრიულ რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია, თერაპიული პროცესი მორგებული იყოს ბავშვის ინტერესებზე. თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს ივარჯიშოს სხვადასხვა მოძრაობის უნარ-ჩვევაზე, თუმცა საჭიროა ფიზიკური აქტივობების გარკვეული სტრუქტურირება, რათა მან სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალი.
ფიზიკური თერაპევტები თანამშრომლობენ ბავშვებთან, მათ ოჯახებთან და აღმზრდელებთან, რათა გააუმჯობესონ ბავშვის დამოუკიდებლობისა და ფუნქციონირების ხარისხი სახლსა თუ სააღმზრდელო დაწესებულებაში.
რა არის მასაჟი და რა დადებითი მხარეები აქვს მასაჟს?
მასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილების მექანიკური გაღიზიანებაა, რომელიც ხორციელდება ხელით ან სპეციალური აპარატებისა და მოწყობილობების გამოყენებით. მასაჟი სამკურნალო – გამაჯანსაღებელი მეთოდია, რომელიც გამოიყენება თერაპიული მიზნით მედიცინის სხვადასხვა დარგში: ორთოპედია, ნევროლოგია, თერაპია და სხვა…
მასაჟი ეფექტურია, როდესაც თავს იჩენს: კუნთის დაჭიმულობა, ძვალ-სახსროვანი სისტემის მწვავე ან ქრონიკული ტკივილი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სპაზმურ მდგომარეობას, ეხმარება ნერვული დაძაბულობის შემცირებას და რეფლექსების გააქტიურებას.
როგორ გამოიყენება მასაჟი პედიატრიაში?
მასაჟი არის ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამიზნულია ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ბავშვთა მასაჟი გამოიყენება კომბინაციაში, დამხმარე თერაპიად სხვადასხვა ნევროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების დროს, მაგალითად: სკოლიოზი, დისპლაზია, კუნთის ჰიპერ ან ჰიპოტონია და ა. შ.
8-დან 16 წლამდე ასაკში ხშირია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სირთულეები. კონკრეტულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, მოქნილობის დაქვეითება და გაზარდოს მათი დაზიანების შანსი. მასაჟისა და ფიზიკური თერაპიის კომბინაცია საუკეთესო გამოსავალია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მასაჟი, ასევე, ეხმარება ბავშვებს გაუმკლავდნენ ზრდისა და ფიზიკური დატვირთვის სტრესს.
გადაწყვეტილება ფიზიკურ თერაპიასა და მასაჟს შორის საბოლოოდ დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობასა და სიმპტომებზე. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი სერვისია თქვენი პატარისთვის შესაფერისი და გსურთ მეტი გაიგოთ, მიმართეთ ექიმს.