Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება დიმიტრი უზნაძის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი.

როგორი ემოციაა შიში ბავშვისთვის?

შიში არის ემოცია, რომელსაც   მცველის ფუნქცია აქვს. შიშის დროს  ადამიანის ფსიქიკა იძლევა რეაქციას წარმოსახულ თუ რეალურ საფრთხეზე, შესაბამისად მიღების მაგივრად თუ შევუტევთ,  შეიძლება მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ როდესაც ბავშვს რამის ეშინია,  აუცილებელი მხარდაჭერა – შიშის დათრგუნვა და უარყოფა კი არა, მისი  აღიარება და მიღება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა რაღაცის ეშინია?

როდესაც თქვენს შვილს ეშინია,  ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ აღვიქვამ ბავშვის შიშს,  როგორ ვრეაგირებ მასზე?

საინტერესოა საიდან იღებს სათავეს შიში.  არსებობს ბუნებრივი შიში, რომელიც განვითარების კონკრეტულ ეტაპზე თითქმის ყველა ბავშვთან გვხვდება  და დასწავლილი შიშები, რომლებიც გარემო პირობების, აღზრდის სტილის და  გარკვეული გამოცდილების შედეგად შეიძლება იყოს შეძენილი. მაგ:  შიში შეიძლება დაკავშირებული იყოს ზედმეტ აკრძალვებთან. როდესაც პატარას  მშობლისგან  ხშირად ესმის ფრაზა: ,,ფრთხილად, საშიშია!“, ეს არის გზავნილი, რომელსაც ინახავს ბავშვის ქვეცნობიერი და შემდეგ შეიძლება მთელ სამყაროზე განზოგადდეს, რომ ,,სამყარო საშიშია“.

ან როცა მშობელს ეშინია რაღაცის, ამ დროს ბავშვს დაცულობის განცდა აღარ აქვს და ისიც იწყებს მსგავს რეაგირებას კონკრეტულ სიტუაციაში.

შიში ასაკთან ერთად იცვლება, რადგან ასაკთან ერთად ვითარდება ბავშვის წარმოსახვის უნარი და  მის ფანტაზიას მეტი გასაქანი ეძლევა.

რა უნდა იცოდეს ბავშვმა საკუთარი შიშების შესახებ?

შიში ბუნებრივი რეაქციაა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს არსება, რომელსაც არაფრის ეშინია. შიში სამარცხვინო  არ არის. გმირებსაც კი ეშინიათ რაღაცის, ისინი გმირებად იმიტომ იქცნენ, რომ  შიშთან მეგობრობა ისწავლეს.

თუ ბავშვს   საერთოდ არ აქვს  საფრთხის განცდა, მშობლის მხრიდან ასევე საყურადღებოა. რადგან ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი.

ბავშვებს ხშირად აქვთ ისეთი შინაარსის შიშები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში აღარ გვხვდება.

1-3 წლამდე ბავშვებს რისი ეშინიათ ყველაზე მეტად?

 1-3 წლამდე ასაკში ბავშვებს ეშინიათ მკვეთრი ხმების, მშობლებთან დაშორების და ა. შ.

3-4 წლიდან ფანტაზია ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად  ამ ასაკში გვხდება ისეთი შიშები, როგორიცაა სიბნელის, ჩაკეტილი სივრცის, სიკვდილის, მარტო დარჩენის შიში და სხვა.

ხომ არ უქმნის ეს შიშები საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას?

ხშირ შემთხვევაში ეს შიშები ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და ასაკთან ერთად ბავშვი თვითონ უმკლავდება მას. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გახანგრძლივდა და გამწვავდა, სასურველია ჩაერიოს სპეციალისტი. ფსიქოლოგი, რომელიც სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით დაეხმარება ბავშვს ამ ემოციის მიღებაში, მის ტრანსფორმაციასა  და ,,დამეგობრებაში“.

ბავშვებს ასევე ძალიან აშინებთ სიკვდილის თემაც. რას ნიშნავს ბავშვისთვის ,,არ იყო?’

4-დან 7 წლამდე პერიოდში,  კვლევების თანახმად, შიშების 90%  დაკავშირებულია სიკვდილის თემასთან. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს უკავშირდება ბავშვის თვითშემეცნების პროცესს და ზოგადად ,,არყოფნის“ შიშს.  რა სახის  შიშები შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ განცდასთან? ამ დროს ყველაზე ხშირი სწორედ რომ სიბნელის, მოჩვენებების,  დახურული სივრცის და მარტოობის შიშია.

თუ ბავშვს აინტერესებს გარდაცვალების თემა, როგორ ვესაუბროთ მას ამაზე?

ტაბუ სიკვდილის თემაზე და მწირი ინფორმაცია ბავშვთან კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ემოციას, ამიტომ მშობელმა სასურველია ღიად და მშვიდად  გასცეს კითხვებზე პასუხი. აუხსნას, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ცოცხალი არსებები მოხუცდებიან და კვდებიან. თუმცა სასურველია აღნიშნოთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ და მსგავსი არაფერი გელოდებათ. მცირე ასაკის ბავშვებს უკვე 3 წლის ასაკიდან  შეგიძლიათ დაეხმაროთ და ასწავლოთ, როცა საყვარელი სათამაშო გაუტყდება – დაემშვიდობოს,  მკვდარი ჩიტი თუ იპოვა, ერთად დამარხოთ და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია დაასრულებინოთ ბავშვს შიში და  ,,ჩაყვეთ ბოლომდე“. ათამაშეთ შიშებთან მაგ: შეებრძოლოს მოჩვენებებსა და ურჩხულებს, ხატოს ისინი და დაწვას/დახიოს, გამოძერწოს და შემდეგ საყვარელ არსებებად აქციოს, გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ის ამ ემოციაზე ,,ბატონობს“ და მართავს მას. ეს ეხმარება ბავშვს აღმოაჩინოს, შეეხოს და დაუმეგობრდეს საკუთარ ,,საშინელ“ ემოციებს.

არსებობს სოციალური შიშები: მარცხის, დასჯის შიში და ა. შ.  ასეთ დროს როგორი უნდა იყოს მშობლის მხარდაჭერა?

საზოგადოების მხრიდან ვალდებულებებისა და მოლოდინების გაცნობიერებას თან სდევს სოციალური შიშები, რომელიც უკვე სასკოლო ასაკში დაახლოებით 6-7 წლიდან  ჩნდება. ეს შეიძლება იყოს მარცხის, განსჯის ან დასჯის შიში.  ამ დროს ბავშვს ეშინია ,,ცუდ ბავშვად“ ყოფნის ან  შესაძლოა გაჩნდეს განცდა ,,არ ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო“ . ამიტომ მშობელმა უნდა შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც  ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებს, მოსინჯავს საკუთარ თავს, აღმოაჩენს რესურსებს  და მეტად ირწმუნებს საკუთარი თავს.

რა კვებავს შიშებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს შიშების გარეშე იცხოვროს?

შიშებს კვებავს ოჯახში დაძაბული ურთიერთობები და კონფლიქტები, სხვადასხვა ინფორმაცია, ავტორიტარული აღზრდის სტილი და სხვა.

ამიტომ მშობლებმა სასურველია ოჯახში შექმნან მშვიდი და უსაფრთხო გარემო, მეტი ყურადღება დაუთმონ იმ ინფორმაციასა და გადაცემებს, რას უყურებს მათი შვილი, გაარკვიონ  რა ემოციას იწვევს მასში ესა თუ ის გადაცემა. მისცენ ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება, ჰქონდეთ ადეკვატური მოთხოვნები. ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომელიც ბავშვებს საკუთარი ემოციების რეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. გაითვალისწინონ ბავშვის ასაკი. აგრეთვე ის, რომ შიში ბუნებრივი რეაქციაა, ამიტომ თუ მას მოვუსმენთ და მასთან სწორად ურთიერთობას ვისწავლით, ჩვენი მეგობარი ხდება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5