Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ ორსულობას თან არ ახლავს რაიმე გართულება ან მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე ჯერ კიდევ ადრეა, ფრენა უსაფრთხოდ ითვლება.

როდის არ არის ფრენა უსაფრთხო?

ფრენა არ არის უსაფრთხო,  თუ ორსულს აქვს

  • სპონტანური აბორტის (მუცლის მოშლის) ნიშნები, მაგალითად ტკივილი მუცლის ქვედა არეში ან სისხლიანი ვაგინალური გამონადენი;
  • საშვილოსნოს ყელის უკმარისობა;
  • პრეეკლამფსია;
  • სისხლიანი ვაგინალური გამონადენი;
  • ნაადრევი მშობიარობის რისკი;
  • სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევა, როდესაც სანაყოფე წყლებს ღვრის მშობიარობამდე;

ზოგიერთი მდგომარეობის დროს თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ ფრენისგან თავი შეიკავოთ. მაგალითად,

  • ტყუპებზე ორსულობის დროს 28-ე კვირიდან;
  • ნაყოფის ზრდის შეფერხება;
  • სპონტანური აბორტის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის ისტორია;
  • პლაცენტის წინამდებარეობა ან პლაცენტის სხვა ანომალიები;
  • ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი ან არტერიული მაღალი წნევა;
  • თრომბოემბოლია;
  • სხვა მდგომარეობები, რომლებიც ორსულობას დამატებით საფრთხეს უქმნის.

ორსულობის რომელ კვირამდე შეიძლება ფრენა?

როგორც წესი, 36 კვირამდე ორსულების თვითმფრინავით გადაადგილება დასაშვებია. თუ მესამე ტრიმესტრში გეგმავთ ფრენას, დაჯავშნამდე გადაამოწმეთ სასურველი ავიაკომპანიის წესები, ხომ არ აქვთ განსხვავებული მოთხოვნა, მაგალითად ექიმის ცნობა, რომ ფრენა შეგიძლიათ. თუ იმაზე დიდი მუცელი გაქვთ, ვიდრე შესაბამის ვადას ახასიათებს, შესაძლებელია მოგთხოვონ დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, ზუსტად რამდენი კვირის ორსული ხართ.

როგორ ვიმგზავროთ ორსულობის დროს კომფორტულად და უსაფრთხოდ?

მოითხოვეთ ადგილი თვითმფრინავის შუაში ფრთის გასწვრივ. სავარძლის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ხშირად მოგიწევთ საპირფარეშოში სიარული ან ფეხის გაშლა (ორსულ ქალებს, რომლებიც დიდხანს სხედან უძრავად, აქვთ ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი. ამიტომ, მინიმუმ  საათში ერთხელ გაიარ-გამოიარეთ).

ელასტიკური კოლჰოტის ჩაცმა ასევე დაგეხმარებათ თრომბოზის რისკის შემცირებაში, რადგან უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ფეხებში.

ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რადგან შეიძლება ფეხები შეგიშუპდეთ. ასევე მოხერხებული ტანსაცმელი, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. თავი აარიდეთ გაზიან სასმელებს.

თუ გაქვთ გულისრევისკენ მიდრეკილება, წინასწარ ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ დაგინიშნავთ რაიმე წამალს ამის ასაცილებლად.

თან გქონდეთ ჯანსაღი წასახემსებელი და წყალი, იმ შემთხვევისთვის ,თუ რაიმე მოულოდნელი შეფერხება შეგხვდებათ ჰაერში ან აფრენა-დაფრენისას.

ხშირად ესტუმრეთ საპირფარეშოს, განსაკუთრებით თვითმფრინავის დაშვების წინ, რათა არ მოგიწიოთ სავსე შარდის ბუშტით მოცდამ, სანამ დაშვების შემდეგ აეროპორტის შენობამდე მიაღწევთ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5