Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.

ბავშვებში სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლა საკმაოდ ხშირია. მნიშვნელოვანია  მშობლებმა ვიცოდეთ, როგორ ვიქცევით ამ დროს, როგორ ვეხმარებით მათ? 

ასეთ დროს მშობლებმა არ უნდა გადააგდონ წამლის კოლოფი, უნდა დაურეკონ ექიმს და  აცნობონ, სავარაუდოდ  რა რაოდენობის წამალი აქვს მიღებული ბავშვს და იმის მიხედვით მოისმინონ ექიმის რეკომენდაცია. შესაძლებელია ასეთ დროს ექიმმა გვირჩიოს დიდი რაოდენობით სითხის ან რძის მიღება ან ღებინების გამოწვევა. ეს არის დამოკიდებული იმ ნივთიერებაზე, რა ნივთიერების შემცველი პრეპარატი აქვს ბავშვს მიღებული. 

ასევე ხშირია ჭრილობების შემთხვევები. როგორია სწორი პირველადი დახმარება?

საშიშია ჭრილობა, რომელიც გამჭოლია და სისხლმდენი. ამ დროს ჭრილობაზე უნდა დავაჭიროთ ხელი, სასურველია რომ ხელის ქვეშ გვქონდეს რაიმე სუფთა ნაჭერი, ან ბინტი, რომელსაც დავადებთ ჭრილობას და შემდეგ დავაჭერთ. ჩემი რჩევა იქნება არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლახტი, როგორი სისხლმდენიც არ უნდა იყოს ჭრილობა ადგილობრივი ზეწოლით სისხლის შეჩერებას შევძლებთ ლახტის გარეშე.  თუ ჭრილობა არის მსუბუქი, არ არის ძალიან სისხლმდენი, უნდა ჩამოვბანოთ საპნიანი, გამდინარე წყლით ნაზად და შემდეგ უნდა მოვათავსოთ ზემოდან სტერილური ბინტი. 

როგორ მოვიქცეთ ცხოველის ნაკბენით  გამოწვეული ჭრილობის დროს?

გავითვალისწინოთ, რომ თუ ჭრილობა არის ცხოველის ნაკბენით გამოწვეული, რა ცხოველიც არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა ჩამოვბანოთ  საპნიანი წყლით   და აუცილებლად მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის ცენტრს, სადაც ყოველთვის ფუნქციონირებს ანტირაბიული კაბინეტი ვაქცინაციისთვის. 

მწერის ნაკბენის დროს როგორ ვიქცევით?

მწერის ნაკბენის შემთხვევაში თუ ჩარჩენილია ნესტარი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ის ბრტყელი და სწორი საგნით, არა ძლიერი დაჭერით, არამედ ნაზი დაჭერით, ჩამოვბანოთ ცივი წყლით, დავადოთ ცივი საფენი, რაც შეამცირებს ტკივილს. 

რას გვეტყვით ფებრილურ გულყრაზე, რომელიც ძალიან აშინებთ მშობლებს?

ფებრილური გულყრის პერიოდი ყველაზე ხშირია რვა თვიდან 5 წლამდე ბავშვებში. ამ დროს არა მაღალი ტემპერატურის გამო, რაც ხშირად აშინებთ მშობლებს და ჰგონიათ მაღალი  ტემპერატურის გამო შეიძლება დაემართოს ბავშვს ფებრილური გულყრა. რეალურად ის ხდება ტემპერატურის სწრაფად აწევის შემთხვევაში თავის ტვინის სწრაფი აგზნების გამო. ზოგადად, ფებრილური გულყრა კეთილსაიმედოა, ამ დროს მშობელს შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს და უზრუნველჰყოს, რომ სასუნთქი გზები იყოს თავისუფალი, რათა ჟანგბადი შეფერხების გარეშე მიეწოდოს ბავშვს. მაგალითად, თუ აცვია კისერში მოჭერილი ტანსაცმელი შევუხსნათ ღილი, დავაწვინოთ გვერდულად. არ შეიძლება თითების პირში ჩაყოფა ენის დაჭერის მიზნით, რაც მითია და ხშირად მიმართავენ ამ ხერხს მშობლები. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ბავშვები თავისით გამოდიან ამ მდგომარეობიდან, კი მართალია მშობელს ეს წუთი საუკუნოდ ეჩვენება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, 1. ვრეკავთ 112-ში, 2. გულყრიდან გამოსვლის შემდეგ ვაძლევთ სიცხის დამწევ საშუალებას, როცა დავრწმუნდებით რომ პატარას ყლაპვა შეუძლია.

Როგორ ვიქცევით ჟანგიანი ნივთით მიღებული ჭრილობის დროს?

ზოგადად, ბავშვს მიწასთან კონტაქტის და ჟანგიანი ნივთით დაზიანების შემდეგ, აუცილებელია ჩამოვბანოთ დაზიანებული არე გამდინარე, საპნიანი წყლით, შემდეგ უნდა გავიხსენოთ ბავშვს ჩატარებული აქვს თუ არა ვაქცინაცია შესაბამისი კალენდრის მიხედვით. თუ ვაქცინაცია არ არის ჩატარებული, აუცილებელია მივმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს და თუ ჩატარებულია ვაქცინაცია, უნდა შევამოწმოთ ჭრილობის სიღრმე – თუ დიდია – აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, თუ არადა ჩამობანვის შემდეგ, სტერილური ბინტით შევუხვევთ ამ არეს და ეს საკმარისი იქნება მისთვის.

თერმომეტრის გატეხა ძალიან აშფოთებთ მშობლებს? როგორ ვიქცევით ასეთ დროს?

არსებობს ასეთი მითები, რომ თერმომეტრის გატეხა არის საშიში სიცოცხლისთვის, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ ამ შემთხვევაში, მთავარია, გავანიავოთ ოთახი, სადაც გატყდა თერმომეტრი, გამოვწმინდოთ იატაკი სველი წესით, ვერცხლისწყლის ნაწილაკები თუ მოხვდა ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ანუ კუჭ-ნაწლავში, ისინი უვნებლად გამოიყოფა და არანაირი საშიშროება ჩვენსა და ბავშვის ჯანმრთელობას არ ემუქრება. რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ მშობლები ხშირად მიმართავენ უკანატანში სიცხის გაზომვას, რა დროსაც ხშირია ჩატეხის შედეგად გამოწვეული ტრავმები, რაც შემდგომ სრულდება სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევით. ამიტომ, ეს უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ უკანატანში არასდროს გაზომონ სიცხე ვერცხლისწყლის თერმომეტრით.

ერთი წლის შემდეგ საკმაოდ ხშირია ბავშვებში დაცემისგან გამოწვეული ტრავმები. რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა?

პირველ რიგში, არ უნდა ავიყვანოთ ბავშვი სწრაფად  ხელში, ამ დროს მშობელი უნდა დააკვირდეს როგორ აქნევს ის ხელ-ფეხს. თუ პატარა ხელ-ფეხს აქნევს აქტიურად, მაშინ მოტეხილობასთან საქმე არ გვაქვს, ასეთ დროს აუცილებლად უნდა ვაცალოთ პატარას, რომ წამოდგეს თვითონ, განიცადოს, რომ პრობლემის გადალახვა თვითონაც შეუძლია და ადგომის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავეხუტოთ და ვაგრძნობინოთ სითბო. თუ პატარა არ ინძრევა და ჩვენ ეჭვი გვაქვს მოტეხილობაზე, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია არ ავაყენოთ, ვიყოთ მასთან ერთად და ბავშვი იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც წაიქცა, დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და მისი მოსვლის შემდგომ გადავიყვანოთ ბავშვი, სადაც სპეციალისტი გაუწევს დახმარებას. თუ პატარა წაქცევის შედეგად ტირის, აგზნებულია, მას უნდა ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ და მივცეთ საშუალება ითამაშო , გაერთოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში არ უნდა მოვდუნდეთ და უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება. მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, ხომ არ მიიღო პატარამ თავის ტრავმა. თავის ტრავმის შემთხვევაში აუცილებლია მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს და 24 საათის განმავლობაში განხორციელდეს პატარაზე დაკვირვება, რომ არ მივიღოთ მეორადი გართულება.

Რა უნდა ჰქონდეს დედას აფთიაქში პირველადი დახმარების განსახორციელებლად?

მშობლებმა სახლში აუცილებლად უნდა იქონიონ სტერილური ბინტი, ტკივილგამაყუჩებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ტკივილგამაყუჩებელი არის პირველი პრევენცია იმისა, რომ არ გაღრმავდეს ტკივილი და არ მივიღოთ შოკი სხვადასხვა ტრავმების დროს; ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი უნდა შევარჩიოთ პატარას ასაკის მიხედვით და სტერილური ბინტი დაგვეხმარება ჭრილობების დროს ინფექციის გავრცელების და გართულებებისგან დასაცავად. ასევე, ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პრევენცია კარგი მედიცინაა, მაგრამ სწორი პირველადი დახმარება 90 %-ით ამცირებს და აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს, ამიტომ ამ ნიუანსების ცოდნა მნიშვნელოვანია, როდესაც ხარ მშობელი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5