პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება “მენტალ ჰაბის” კლინიკური ფსიქოლოგი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი.
თანამედროვე ბავშვები ციფრულ გარემოში ცხოვრობენ, მათ ირგვლივ ბევრი ციფრული მოწყობილობაა და ისინიც აქტიურად მოიხმარენ ამ ნივთებს ადრეული ასაკიდან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკრანის ჭარბმა მოხმარებამ ბავშვების სამეტყველო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე?
21-ე საუკუნე გაჯეტების ეპოქაა და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვადასხვა ტიპის გაჯეტი საინტერესო და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ხშირად ბავშვები ენა-მეტყველების განვითარების სენსიტიურ პერიოდში დიდ დროს ატარებენ ეკრანთან და უყურებენ სხვადასხვა შინაარსის მქონე ვიდეოებს სხვადასხვა ენაზე.
კვლევების თანახმად, რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ელექტრონულ მოწყობილობებთან, მეტად იზრდება მეტყველების დაგვიანების ალბათობა. მხოლოდ ეკრანთან ურთიერთობით ბავშვებს უჭირთ ენის, როგორც სისტემის დაუფლება და არ იწყებენ ან შეზღუდულად იწყებენ მეტყველებას. აღსანიშნავია, რომ ენა და მეტყველება კომუნიკაციის პროცესში ვითარდება და მას აქვს საკომუნიკაციო ფუნქცია. დაბადებიდანვე, სიცოცხლის პირველ წლებში, ბავშვებს აქვთ თავიანთი სურვილების, განზრახვების გაზიარების და გამოხატვის უნარი, რასაც მზერით, ჟესტებით, სხეულის ენით გამოხატავენ – ეს ბავშვის განვითარების პრელინგვისტურ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად, ენა და მეტყველება წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია იფიქროს, წარმოისახოს, ივარაუდოს, დაგეგმოს, მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები და გააზიაროს თავისი იდეები, გრძნობები და გამოცდილებები.
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვმა ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობის საშუალებით ისწავლა ანბანი, ფერები, ცხოველები და ა.შ. ასევე ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა ფრაზებს, გარკვეული რაოდენობის სიტყვებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ენის ათვისების პროცესი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე ანბანის და წელიწადის დროების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება. ენის ათვისება ნიშნავს, რომ ცოცხალი კომუნიკაციისას, ბავშვი აკვირდება და სწავლობს გრამატიკულ სტრუქტურებს, სიტყვების რიცხვსა და პირში შეთანხმებას, წარსულ და მომავალ დროს. უფროსების საუბარზე დაკვირვება – ბავშვისთვის თავისი სახელის დაძახება, მის გარშემო არსებული საგნების, მოქმედებების გახმოვანება ეხმარება ბავშვს გაიაზროს, რომ ყველა ნივთს თავისი სახელი აქვს. ამის შემდეგ მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა „ნასწავლი“ გამოიყენოს რეალურ კომუნიკაციაში მოთხოვნის, გაზიარების, კომენტარის გაკეთების, ემოციის გამოხატვის მიზნით.
როგორ შეიძლება ბავშვმა მიიღოს სარგებელი გაჯეტებისგან?
პირველ რიგში, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის აუცილებელია ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტირება. სასურველია ბავშვისთვის არსებობდეს წესი – როდის, დღის რომელ მონაკვეთში, სად, რამდენი ხნით შეიძლება ეკრანთან ყოფნა და რა შინაარსის ყურებაა დაშვებული;
გაჯეტების რაციონალურად მოხმარების შემთხვევაში, შესაძლებელია ხელი შევუწყოთ მშობლისა და შვილის კომუნიკაციას. გაახმოვანეთ რა ხდება ეკრანზე, როგორები არიან პერსონაჟები, ჰკითხეთ ბავშვს აზრი მომხდართან დაკავშირებით, გააზიარეთ ემოციები და ა.შ.;
გამორთეთ ტელევიზორი, როდესაც არ იყენებთ. ფონური ხმები ხელს უშლის ბავშვს, რომ აღიქვას მეტყველება და შეძლოს კონცენტრირება;
არ გამოიყენოთ გაჯეტი ბავშვის დამშვიდების საშუალებად. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია შეძლონ თავიანთი ემოციების სახელდება და მათთან გამკლავება;
მუდმივად ესაუბრეთ ბავშვებს, წაუკითხეთ წიგნები, მიაქცევინეთ ყურადღება გარემოში არსებულ საგნებზე, ცხოველებზე, მოვლენებზე და გაუხმოვანეთ ყველაფერი, რაც ხდება მათ ირგვლივ და რისი დანახვაც შეუძლიათ;
წაახალისეთ და ხელი შეუწყეთ, რომ ბავშვებს ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ თანატოლებთან – არასტრუქტურირებული, წარმოსახვითი თამაში ეხმარება ბავშვს ენა-მეტყველების განვითარებაში;