Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი

რა არის გამაგრება?

მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ხსენი რძედ იქცევა. ამ დროს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მკერდი უჩვეულოდ გაიზარდა, დამძიმდა, მასთან შეხება არასასიამოვნოა, მკერდის ზედაპირი კი ცხელი. მშობიარობიდან პირველი კვირა მხურვალე, გადავსებული და მტკივნეული მკერდი, ნორმაა.

ხშირ შემთხვევაში, გამაგრება ძუძუთი კვების პირველი ორი თვის „თანამგზავრია“. ამ დროს მკერდი ისეთივე მტკივნეული, გადავსებული და მხურვალეა, როგორც ბავშვის დაბადებიდან პირველივე კვირას, ხოლო ძუძუსთავები ბრტყელდება ან ჩაბრუნებულ ფორმას იღებს. ეს  მდგომარეობა გამოწვეულია მკერდის ქსოვილში ზედმეტი რძის დაგროვებით და ხშირად ხელს უშლის სწორი მოჭიდების განხორციელებასა და ძუძუთი კვებას.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ჩამაგრება?

დაბადებიდან ხშირად აჭამეთ ბავშვს,  ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, გააღვიძეთ ბავშვი, თუ გრძნობთ რომ მკერდი სავსე და მტკივნეულია ან გამოიწურეთ რძე ელექტრო აპარატით (განსაკუთრებით ღამის საათებში), დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს და ერთ კვებაზე ერთ მკერდს სრულად ცლის,
არ გამოიყენოთ მჭიდრო ბუსტჰალტერი, არასოდეს დაელოდოთ ბავშვის კვებიდან კვებამდე ძუძუში რძის დაგროვებას. რძე მხოლოდ მაშინ უნდა ჩადგეს, როდესაც ბავშვი წოვს. სხვა შემთხვევაში მკერდი ცარიელი ან ნახევრადცარიელი უნდა იყოს.

როგორ გავუმკლავდეთ გამაგრებას?

ძუძუთი კვების დაწყებამდე გაიხადეთ  ბიუსჰალტერი, გაიკეთეთ სარძევე ჯირკვლების ნაზი მასაჟი, ნახეთ იუთუბზე განთავსებული ლაქტაციის კონსულტანტების ვიდეოგაკვეთილები. მოერიდეთ მკერდის მტკივნეულ მასაჟს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა მომავალში, გამოიყენეთ სპეციალური მკერდის თერმოპადები ან გაიკეთეთ ზღვის მარილის აბაზანა მკერდზე, თუ თქვენს ბავშვს უჭირს მოჭიდება, წოვის დაწყებამდე გამოიწურეთ რძე ელექტრო აპარატით,
დაიმასაჟეთ მკერდი ნაზად შხაპის ქვეშ, შეგიძლიათ მკერდზე მონაცვლეობით დაიდოთ ცივი და ცხელი კომპრესები, სცადოთ სხვადასხვა ხალხური ბალახეული რეცეპტები, თუმცა მათი ეფექტურობა ასი პროცენტით არაა დადასტურებული, გამოიწურეთ მკერდი ელექტრო ტუმბოთი დაკიდებულ, ე.წ. dangle feeding პოზიციაში, აჭამეთ ბავშვს ძუძუ ამავე პოზიციაში. ხშირად აჭამეთ ბავშვს, ხოლო თუ ოჯახში სხვა უფრო დიდი ასაკის ჩვილია შეგიძლიათ მასაც შესთავაზოთ კვება.
თუ ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი მკერდი უფრო ცხელი ხდება, სხეულის ტემპერატურაც მატულობს და რამდენიმე დღეა ვერ იგდებთ, მკერდის რომელიმე არეალში წითელ, მკვეთრ ლაქას ამჩნევთ ნუ მიმართავთ მასაჟისტს, გაიარეთ კონსულტაცია მამოლოგთან.

გამაგრება იღლიაში

დედების მცირე ნაწილს ზედმეტი სარძევე ქსოვილი აქვს იღლიასთან ახლოს. მკერდის ეს დამატებითი ქსოვილი არ არის დაკავშირებული მკერდის მთავარ, სადინარულ ქსელთან. ქალების ამ ნაწილს ხშირად აწუხებს იღლიასთან რძის გამაგრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქსოვილი არაა დაკავშირებული სადინარების მთავარ ქსელთან, ამ შემთხვევაშიც გამაგრების მართვა ხდება ზემოთაღნიშნული სტრატეგიებით.


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5