უფროსი მასწავლებელი, 2 წლის ბავშვის დედა დიანა მაკალათია გვიზიარებს განმავითარებელ სავარჯიშოებს 1 წლიდან 2 წლამდე ბავშვებისთვის.
ბავშვები 1 წლის ასაკიდან მეტად ინტერაქტიულები ხდებიან და გარემოსა და ხალხთან გამიზნულ კონტაქტს ახერხებენ, ამიტომაც იზრდება თამაშის როლი მათ ცხოვრებაში. ბევრმა მშობელმა ინტუიციურად იცის, რომ თამაში მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგრამ მას იშვიათად აიგივებენ სწავლასთან. სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით კი თამაში სინამდვილეში შემეცნების პროცესს წარმოადგენს.
თამაშის სასარგებლო ფაქტორები:
- ასტიმულირებს ტვინის ადრეულ განვითრებას;
- აყალიბებს შემოქმედებით აზროვნებას;
- აუმჯობესებს ინტელექტს – ხელს უწყობს კოგნიტურ, ლინგვისტურ და ემოციურ განვითარებას;
- აუმჯობესებს კომუნიკაციურ უნარებს;
- ასწავლის იმპულსების კონტროლს, ემოციების რეგულაციას, რაც აუცილებელია მომავალში სკოლაში აკადემიური წარმატების მიღწევაში;
- ზრდის ემპათიის (თანაგანცდის) უნარს;
- აუმჯობესებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას;
- ასწავლის ბავშვს მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება.
რა უნდა გავითვალისწინოთ თამაშის დაწყებამდე?
თამაშს აუცილებლად სჭირდება წინარე მოსამზადებელი ეტაპი. გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტი.
- თამაშისთვის უსაფრთხო მასალის შეთავაზება – ბავშვი უნდა მოვარიდოთ გადაყლაპვისთვის საშიშ ნივთებს;
- არ უნდა შევთავაზოთ ზედმეტად რთული აქტივობები, უნდა გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები. ასევე, მიწოდებული აქტივობები ძირითადად 1 ან 2 უნარის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათში ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას) გამოვიწვევთ, რადგან მსგავსი აქტივობა მათ ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ შესაძლებლობებს გასცდება.
- სანამ ბავშვს ახალ აქტივობას გავაცნობდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ძირითადი საჭიროებები ( კვება, ძილი, დასვენება ) დაკმაყოფილებულია.
პრაქტიკული სავარჯიშოები
საჭირო მასალა:
პლასტმასის გამჭირვალე კონტეინერი
პაზლი
ბრინჯი (სასურველია ფერადი)
ჩაყარეთ ბრინჯი ცარიელ კონტეინერში და შიგ მოათავსეთ პაზლის რამდენიმე ნაწილი, დანარჩენი ნაწილები კი დადეთ კონტეინერის გვერდით, იატაკზე. ბავშვმა უნდა იპოვოს ის ნაწილები, რომლითაც შეძლებს პაზლის შევსებას.
რას სწავლობს ბავშვი ამ აქტივობიდან:
- რიცხვების იდენტიფიკაცია
- დათვლა
- პრობლემის გადაჭრა
- მოტორული უნარები
- თვალის და ხელის კოორდინაცია
———————————————————————
საჭირო მასალა:
პლასტელინი
ფერადი ღილები ან ერთჯერადი საწრუპი ჯოხები
აიღეთ რამდენიმე ფერის პლასტელინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ „ცისარტყელის ფერები“, მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა და დადეთ მაგიდაზე. ცალკე ყუთში ჩაყარეთ ფერადი ღილები (ან დაჭრილი საწრუპი ჯოხები). ბავშვმა უნდა ამოარჩიოს შესაბამისი ფერის ღილები და დააკრას იმავე ფერის პლასტელინზე.
რას სწავლობს ბავშვი ამ აქტივობიდან:
- ფერების იდენტიფიკაცია;
- პრობლემის გადაჭრა;
- ფორმები და ზომები;
- მოტორული უნარები;
———————————————————————
სწავლა კოვზებით
საჭირო მასალა:
გამჭირვალე პლასტმასის კოვზი -5 ც
თეთრი პლასტმასის კოვზი- 5 ცალი
შავი მარკერი
თავდაპირველად აირჩიეთ რომელი უნარის განვითარება გსურთ და იმის მიხედვით გაუკეთეთ კოვზებს წარწერა. მაგალითად, თუ ფორმები გინდათ ასწავლოთ ბავშვს, ჯერ გამჭირვალე კოვზებს დაახატეთ სამკუთხედი, კვადრატი, წრე და ა.შ. ზუსტად იმავე ფიგურები დაახატეთ თეთრ კოვზსაც.
ბავშვმა გამჭირვალე კოვზი ისე უნდა დაადოს თეთრ კოვზს, რომ ფიგურები ერთმანეთს დაემთხვეს.
რას სწავლობს ბავშვი ამ აქტივობიდან:
- რიცხვების იდენტიფიკაცია;
- თვალისა და ხელის კოორდინაცია.
და ბოლოს, დაიმახსოვრეთ:
მნიშვნელოვანია, ბავშვის ბაღში ან ე.წ. პრესქულში შეყვანამდე კარგად დაათვალიეროთ ოთახის ის ნაწილი, რომელიც თამაშისთვის არის განკუთვნილი, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ არის კლასები მოწყობილი, რადგან თქვენი შვილის სწორი განვითარება დიდწილად ამაზეა დამოკიდებული.
წყარო: www.ohheyletsplay.com