ნინო კობალაძის ბლოგი
დღეისათვის ფსიქოლოგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ბავშვები იბადებიან დაპროგრამებული ქცევის ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მშობელთან სიახლოვეს. ასეთი ქცევის ფორმები ზრდის იმის ალბათობას, რომ ჩვილი იქნება დაცული საფრთხისაგან. ეს ქცევის ფორმებია: ტირილი, ღიმილი, ხმოვანი სიგნალები, გამოხედვები, მიახლოება, უკან გაყოლა, ცოცვა, ჩაბღაუჭება, მიხუტება. ძლიერი ემოციური კავშირის ფორმირება ჩვილსა და მომვლელს შორის სწორედ ამ დაპროგრამებულ ქცევებს ეფუძნება. ხოლო თავად ამ ემოციურ კავშირს მიჯაჭვულობა ეწოდება. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ აღმოცენდეს მიჯაჭვულობა ჩვილი უნდა ავლენდეს გარკვეულ აქტივობას. თუმცა მეორე მხრივ, ბავშვის ქმედებები აღძრავს საპასუხო რეაქციას მომვლელში, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს ბავშვს, არამედ ესაუბრება მას, უღიმის და ურთიერთობს მასთან. ამიტომაც მიჯაჭვულობის განვითარება ერთგვარი ურთიერთქმედების სისტემაა, რომელიც თანდათან მომვლელსა და ბავშვს შორის სინქრონიზირებულ რუტინას აყალიბებს. ეს პროცესი გამოკვეთილი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებამდე განვითარების გარკვეულ ფაზებს მოიცავს და საშუალოდ შვიდიდან მეცხრე თვემდე პერიოდში მიჯაჭვულობა ფორმირებულია. ასევე აღსანიშნია განსხვავებები მიჯაჭვულობის ხარისხში. განასხვავებენ : უსაფრთხო, რეზისტენტულ, განრიდებით და არაორგანიზებულ მიჯაჭვულობის ფორმებს.
დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ბავშვები იყალიბებენ მზრუნველებთან მჭიდრო ემოციურ კავშირებს, იწყებენ ნეგატიური ემოციური რეაქციების გამოხატვას. ეს რეაქციები დამაბნეველია მშობლისათვის, თუმცა განვითარების პროცესის ნაწილია და გარკვეულ ფუნქციასაც ასრულებს. ერთ-ერთი ასეთი ნეგატიური რეაქციაა განშორების შფოთვა. განშორების შფოთვა ბავშვებს გადარჩენისათვის და გარემოსთან შეგუებისათვის სჭირდებათ და შესაბამისად გარკვეულ ასაკში ნორმალურ მოვლენასაც წარმოადგენს. დაახლოებით მეშვიდე თვიდან 6-7 წლამდე პრაქტიკულად ყველა ბავშვი შფოთავს მშობელთან ან სხვა მზრუნველ ადამიანთან განშორებისას. ის კი არა და ამ ასაკში განშორების შფოთვის არასაკმარისი გამოვლენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სუსტი მიჯაჭვულობით ან სხვა პრობლემებით. განშორების შფოთვის გამოვლენა მეშვიდე თვიდან მოყოლებული ინტენსივობის თვალსაზრისით პიკს აღწევს მეთოთხმეტე თვიდან მეთვრამეტე თვემდე პერიოდში და თანდათანობით სკოლამდელ ასაკამდე იკლებს როგორც მისი გამოვლენის სიხშირე, ისე ინტენსივობა.
განვითარების სპეციალისტები განშორების შფოთვის გამოვლინებაში ჩვილის ინტელექტუალური განვითარების ნიშნებს ხედავენ. კოგნიტური პროცესების მომწიფების კვალობაზე ჩვილები ახდენენ ყველაფერ ნაცნობის სქემების კონსტრუირებას და ამჩნევენ ახალს და უჩვეულოს. მათ შეუძლიათ განასხვავონ მათზე მზრუნველი ადამიანები უცხოებისაგან და შესაბამისად მწვავედ რეაგირებენ მზრუნველის გვერდით არყოფნაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვილები ნაცნობისა და მოსალოდნელისაგან განსხვავებას აცნობიერებენ განიცდიან შფოთვას. შფოთვა ამ შემთხვევაში აიხსნება ჩვილის მიერ იმის გაცნობიერებით, რომ მზრუნველის გვერდით ყოფნა უსაფრთხოების გარანტია. ყველაფერი, რაც ჩვილის ირგვლივ ხდება, მას ეჩვენება უსაფრთხოდ, თუკი მასზე მზრუნველი ადამიანები სიახლოვეში არიან და პირიქით საფრთხის შემცველად, თუკი ისინი გვერდით არ არიან. ამიტომაც შვიდთვიანთა შფოთვა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ბავშვის მიერ უფრო რთული და სენსიტიური მოლოდინების გამოვლენა. ანუ ზოგადად შფოთვა წარმოადგენს ადაპტაციურ ემოციას, რომელიც ბავშვს ფიზიკურად და ემოციურად ამზადებს შესაძლო საფრთხის შემცველი სიტუაციებისადმი.
აღსანიშნია, რომ ბავშვები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მომვლელთან განშორებაზე საპასუხო რეაქციით. მაშინ, როცა ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა მძაფრ ემოციებს გამოხატავდეს საპასუხოდ, ზოგიერთი შესაძლოა შედარებით გულგრილი დარჩეს. ასევე განსხვავებულია განშორების შფოთვის გამოვლენის ხანგრძლივობა სხვადასხვა ბავშვთან. განვითარების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს განსხვავებები ასახავს მიჯაჭვულობის ხარისხსა და უსაფრთხოებაში ინდივიდუალურ განსხვავებებს. სხვა სიტყვებით მნიშვნელოვანია, როგორც მშობლის რეაქცია ბავშვის შფოთვაზე, ისე ბავშვის ტემპერამენტი. ტემპერამენტის მიხედვით რეაქციაში ვარიაციულობა გამოწვეულია ტვინის სტრუქტურების თანდაყოლილი ნეიროქიმიური განსხვავებებით. თუკი შფოთვის გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა ასაკის მატებასთან ერთად არ იკლებს, ამ შემთხვევაში უკვე სახეზეა შფოთვითი აშლილობა.
სასარგებლო იქნება, თუკი მშობელი გაითვალისწინებს რამოდენიმე მარტივ რჩევას:
- უმჯობესია ბავშვის საბავშვო ბაღში მიბარება ან ძიძის აყვანა არ დაამთხვიოთ განშორების შფოთვის პირველად გამოვლენის პერიოდს.
- თავი აარიდეთ ბავშვთან განშორებას, როდესაც ის მშიერია, დაღლილია ან უძილო.
- დასაწყისისათვის მოსინჯეთ ბავშვის დატოვება მხოლოდ ძალიან მცირე დროის ინტერვალით და დრო თანდათანობით გაზარდეთ
- შეიმუშავეთ დამშვიდობების რიტუალი და უთხარით სიტყვები, რომლებიც სიყვარულს გამოხატავს. უმჯობესია ამ დროს მშვიდი იყოთ და თავდაჯერებული, დაარწმუნეთ ბავშვი, რომ მალე დაბრუნდებით და დარწმუნდით, რომ ამ ყველაფერს მისთვის გასაგები სიტყვებით ამბობთ.
- აუცილებლად შეასრულეთ პირობა და დაბრუნდით დაპირებულ დროს, ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი არყოფნის პერიოდში ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ბავშვი შეიქმნას სიმშვიდის განცდა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი პატარას ტირილი მაშინ როცა აპირებთ მასთან მცირე ხნით განშორებას იმის ნიშანია, რომ ის თქვენთან უსაფრთხოდაა მოჯაჭვული. და ბოლოს, ასაკთან და კოგნიტური და სოციალური სიმწიფის ზრდასთან ერთად ბავშვის დამოკიდებულება მომვლელებთან ფიზიკურ სიახლოვეზე სულ უფრო კლებულობს, ხოლო ნდობა და იმის რწმენა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ხელმისაწვდომი იქნებიან და თანადგომას აღმოუჩენენ, იზრდება.