ჩვენს გარშემო მყოფ ხალხთან და სამყაროსთან კავშირის გრძნობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი ნაწილია. COVID-19–ის პანდემიის გამო ოჯახები კვლავ ნაკლებ დროს ატარებენ სხვებთან, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ამერიკის პედიატრიის აკადემია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს, რაც ოჯახის წევრების განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
გაანათეთ
მზის სხივები დაგეხმარებათ განწყობის გაბრწყინებაში. შეეცადეთ ყოველდღე გაატაროთ 30-60 წუთი ღია ცის ქვეშ თქვენს შვილებთან და თქვენი ოჯახის სხვა წევრებთან. მკვეთრი განათება, განსაკუთრებით დილით ადრე, ასევე დაგეხმარებათ.
გამოიძინეთ
შეეცადეთ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, დაიცვან ძილის წინ რუტინული წესები, რათა მათ საკმარისად ეძინოთ. დასვენების და კარგი ღამის ძილის ხელშეწყობის რამდენიმე გზა:
- შხაპი ან აბაზანა ძილის წინ
- მოთხრობა, სიმღერა ან დასასვენებელი მუსიკა
- ზურგის, ხელის ან ფეხის მსუბუქი მასაჟი
- ოთახის ჩაბნელება
- საწოლის გამოყენება მხოლოდ ძილისთვის (ეკრანებისგან თავისუფალი სივრცე)
ისაუბრეთ
რეგულარულად ისაუბრეთ თქვენს ბავშვებთან და თინეიჯერებთან და იყავით კარგი მსმენელი. თუ თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს სოციალური დისტანცირების გამო ვერ ხვდებით, დაუკავშირდით ტელეფონით, ვიდეო ზარით ან სხვა ვირტუალური საშუალებით.
იკვებეთ ჯანსაღად
საუზმეზე და ლანჩზე ჩართეთ ცილებით მდიდარი საკვები. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილურობას და აძლევს თქვენს ტვინს საჭირო საწვავს. ასევე, თუ შესაძლებელია:
მიირთვით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები. წყაროებში შედის თევზი (ორაგული, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი); მცენარეები (სელის თესლი, ჩიას თესლი, მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული, ლობიო, სოიო, ნიგოზი, ტოფუ); და გარკვეული ზეთები (კანოლა, სოიო, ნიგოზი). კვლევის თანახმად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარმა საკვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს განწყობას.
მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ხილი და დაუცეხვავი მარცვლეული. ისინი შეიცავს ვიტამინებს, უჯრედისს და მინერალებს, რაც თქვენს ტვინს სჭირდება.
შეზღუდეთ მავნე საკვები და სწრაფი კვება. ისინი ხშირად სავსეა ცხიმებით, ქოლესტერინით, მარილით და შაქრის დანამატებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის მკვეთრი მატება და შემდეგ ვარდნა.
გამოხატეთ მადლიერება
კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერების რეგულარული გამოხატვა ხელს უწყობს ბედნიერების ამაღლებას, რაც იწვევს სტრესისა და დეპრესიის შემცირებას. დაეხმარეთ თქვენს შვილს ჩაიწეროს მინიმუმ სამი ადამიანი, ადგილები, მოვლენები ან საგნები, რომელთა გამოც მადლიერებას გრძნობს. შეინახეთ საკუთარი მადლიერების ჟურნალიც!
ივარჯიშეთ
ვარჯიშის დროს თქვენი სხეული გამოყოფს ქიმიკატებს, რომლებიც დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში. ამიტომ, ათამაშეთ და ავარჯიშეთ ბავშვები ყოველდღიურად. თან გაითვალისწინეთ, რომ დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებსგან და არ გამოიყენოთ ერთმანეთის ნივთები.
დაეხმარეთ სხვებს
სხვა ადამიანების დახმარება უკეთესად გვაგრძნობინებს თავს. დაურეკეთ ნათესავებს ან მეზობლებს, რომლებიც მარტო არიან. მიუტანეთ საჭმელი და საჭირო ნივთები კონტაქტის გარეშე იმ ნაცნობებს, რომლებიც იზოლაციაში ან ავად არიან.
მართეთ საეკრანო დრო
შეადგინეთ საოჯახო მედიის გეგმა და შეზღუდეთ სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამების გავლენა თქვენს ოჯახზე, რაც გულისხმობს, რომ ნივთების შეძენამ შეიძლება ხალხის ბედნიერება გამოიწვიოს. სინამდვილეში კი, ეს ხელს უწყობს ბედნიერების შესახებ ყალბი ან არარეალური წარმოდგენის შექმნას. ამის ნაცვლად, გაითვალისწინეთ, რომ უფრო ნაყოფიერად და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს კითხვა, კარტის თამაში ან სამაგიდო თამაშები ოჯახის წევრებთან ერთად, ფაზლების აწყობა, მუსიკის მოსმენა ან ერთად სიმღერა, გასაზიარებელი ვიდეოს დამზადება, ერთად მომზადება ან ოჯახური გასეირნება ველოსიპედებით.
გაითვალისწინეთ: ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ასევე შეიძლება პანდემიის დროს ჯანმრთელი სოციალური კავშირების შექმნისა და შენარჩუნების მიზნით. თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამებში, ვირტუალურ ვიზიტებში ბებიასთან და ახლობლებთან, რომლებიც უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში და მონაწილეობა მიიღონ ონლაინ საზოგადოებრივ ღონისძიებებში. ასევე გამოგადგებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვების გაჩენის შემთხვევაში ექიმთან ან პედიატრთან ონლაინ კონსულტაციისთვის, თუ მისვლა საჭირო არ არის.
მართეთ სტრესი
სცადეთ თქვენი ოჯახისთვის შესაფერისი განტვირთვის გზები, მაგალითად იოგა, მედიტაცია ან ბუნებაში გასვლა.
თუ თქვენი ბავშვის განწყობა არ გაუმჯობესდება?
ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები არ არის საკმარისი თქვენი ბავშვის განწყობის გასაუმჯობესებლად ან მათი შფოთვის შესამცირებლად. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.
წყარო: www.healthychildren.org