Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი.

რა არის გესტაციური დიაბეტი და ორსულობის რომელ ტრიმესტრში ვითარდება?

გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს პირველად ჩამოყალიბებული ან დიაგნოსტირებული ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), რომელიც ძირითადად უკუგანვითარდება მშობიარობის შემდეგ. ის შეიძლება განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, თუმცა ძირითადად გვხვდება მეორე-მესამე ტრიმესტრში. 

რა მიზეზით ვითარდება გესტაციური დიაბეტი?

ინსულინი არის ჰორმონი, რომლის საშუალებითაც გლუკოზა აღწევს უჯრედში და ხდება მისი ენერგიის წყაროდ გამოყენება. ორსულობის პერიოდში პლაცენტა გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას. საპასუხოდ გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პანკრეასის ბეტა უჯრედებს არ შეუძლია შესაბამისი რაოდენობის ინსულინის გამოთავისუფლება ან არ ხდება უჯრედების მიერ მისი ადეკვატური ათვისება (აღნიშნულ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება), ვითარდება გესტაციური დიაბეტი. 

ვის აქვს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი?

გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: ორსულის ჭარბი წონა და სიმსუქნე, ორსულობამდე არსებული ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, გენეტიკური განწყობა (შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), >25 წელზე ასაკი, ანამნეზში გესტაციური დიაბეტის, პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომის, ქრონიკული ან ორსულობით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა,  გლუკოკორტიკოიდების გამოყენება, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკის არსებობა, დედის წონა დაბადებისას >4,1 კგ ან <2,7 კგ,   სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობა. 

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს გესტაციურმა დიაბეტმა?

გესტაციური დიაბეტი იწვევს გართულებებს როგორც ნაყოფის, ასევე დედის მხრივ. რადგან ის  უპირატესად ვითარდება ორსულობის გვიან პერიოდში, მაშინ როცა ნაყოფის ძირითადი ორგანოები ჩამოყალიბებულია, იშვიათად იწვევს განვითარების მანკებს, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს:

  • მაკროსომია – ნაყოფის დიდი წონა, რაც გამოწვეულია დედის ჰიპერგლიკემიით. ჭარბი გლუკოზა ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს, იწვევს ნაყოფის პანკრეასის მიერ ზედმეტი რაოდენობით ინსულინის გამოყოფის პროვოცირებას. ინსულინს კი გააჩნია ზრდის მასტიმულირებელი ეფექტი, შესაბამისად, ხდება ნაყოფის პათოლოგიური ზრდა. ეს კი თავის მხრივ, იწვევს სამშობიარო ტრავმების რისკის ზრდას და საკეისრო კვეთის აუცილებლობას წარმოადგენს.
  • ნაადრევი მშობიარობა ან საკეისრო კვეთის ჩატარების საჭიროება ადრეულ ვადაზე (ნაყოფის დიდი წონიდან გამომდინარე).
  • რესპირატორული დისტრესი – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გაძნელებით.
  • ჰიპოგლიკემია – ნაყოფის პანკრეასის მიერ ჭარბი რაოდენობით ინსულინის გამოყოფის გამო შესაძლოა დაბადების შემდეგ ადგილი ჰქონდეს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებას.
  • ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ის ჩამოყალიბება ცხოვრების მოგვიანო ეტაპზე. 
  • მკვდრადშობადობა – არანამკურნალები გესტაციური დიაბეტის დროს მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილი როგორც დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდეგ მოკლე პერიოდში.

დედის მხრივ გესტაციური დიაბეტის შესაძლო გართულებებია:

  • მაღალი არტერიული წნევა და პრეეკლამფსია;
  • საკეისრო კვეთის ჩატარების საჭიროება;
  • მომავალში შაქრიანი დიაბეტის რისკი – გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის მქონე ორსულებს აქვს მაღალი რისკი მომდევნო ორსულობის დროს განმეორებით გესტაციური დიაბეტის ან ასაკის მატებასთან ერთად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. 

გესტაციური დიაბეტის დროული დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილება. 

როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირება?

გესტაციური დიაბეტი ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ, სწორედ ამიტომ მისი დროული გამოვლენისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით მოწოდებულია უნივერსალური სკრინინგი, რაც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა ორსულის გამოკვლევას.  რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სკრინინგის ჩატარება რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, პირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს. რისკ-ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში კი გესტაციური დიაბეტის სკრინინგის წარმოების ოპტიმალური ვადას წარმოადგენს ორსულობის 24-ე-28-ე კვირა. ზემოაღნიშნულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში აუცილებელ კვლევად არის შეტანილი სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე. დიაგნოსტირება ხდება ორ საფეხურად – პირველი საფეხური გულისხმობს სკრინინგს, მეორეზე ხდება დიაგნოზის დადასტურება. 

პირველ საფეხურზე ტარდება ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტი 50 გრ გლუკოზით, რაც გულისხმობს უზმოდ გლიკემიის განსაზღვრას, პერორალურად 50 გრ გლუკოზის წყალხსნარის მიღებას, გლიკემიის განსაზღვრას აღნიშნული წყალხსნარის მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. ტესტის შედეგად სისხლში გლუკოზის მაღალი ციფრების მიღების შემთხვევაში მოწოდებულია დიაგნოზის დასადასტურებლად მეორე საფეხურის, ანუ ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარება 100 გრ გლუკოზით და გლიკემიის განსაზღვრა უზმოდ, დატვირთვიდან 1, 2 და 3 სთ-ის შემდეგ.

როგორია გესტაციური დიაბეტის მკურნალობის მეთოდები?

გესტაციური დიაბეტის მკურნალობის მიზანია სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება. მკურნალობა მოიცავს:

  • დიეტოთერაპიას, რაც გულისხმობს საკვები რაციონიდან მარტივი ნახშირწყლების ამოღებას, კვების სწორი რეჟიმის დაცვას, უპირატესად რთული ნახშირწყლებით, ცილებით, ხილითა და ბოსტნეულით კვებას.
  • ფიზიკურ აქტივობას – უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში.
  • ინსულინოთერაპიას – მაშინ როცა ვერ ხერხდება შაქრის ციფრების ნორმალიზება დიეტოთერაპიითა და ფიზიკური აქტივობით, რეკომენდებულია ინსულინოთერაპიის დაწყება. დროულად დაწყებული და ადეკვატური ინსულინოთერაპიით შესაძლებელი ხდება ნაყოფის და დედის მხრივ გართულებების მინიმუმამდე დაყვანა. 

აუცილებელი გახლავთ პაციენტის განათლება სწორი კვების, ინსულინოთერაპიის პრინციპებთან დაკავშირებით, რადგან გესტაციური დიაბეტის წარმატებული მკურნალობის საფუძველს სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ორსულთა ინფორმირება წარმოადგენს.

საჭიროა თუ არა კონტროლი გაგრძელდეს მშობიარობის შემდეგაც?

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალები საჭიროებენ მონიტორინგის გაგრძელებას მშობიარობის/საკეისრო კვეთის შემდგომაც. პირველი კონტროლი უნდა ჩატარდეს მშობიარობიდან 24 სთ-ის, ხოლო საკეისრო კვეთიდან 48 სთ-ის შემდეგ. კონტროლი გულისხმობს სისხლში გლუკოზის განსაზღვრას უზმოდ და კვებიდან 2 სთ-ის შემდეგ. 

მეორე კონტროლი ტარდება მშობიარობიდან 6-დან 12 კვირამდე და მოიცავს ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარებას 75 გრ გლუკოზით.

თუ ზემოაღნიშნული გამოკვლევების შედეგები ნორმის ფარგლებშია, რეკომენდებულია განმეორებით კვლევის ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ. 

რეკომენდებულია გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის მქონე ქალბატონებმა გააგრძელონ სწორი კვების პრინციპების გათვალისწინება, ფიზიკური აქტივობა მშობიარობის შემდეგაც, ასევე რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში მომატებული წონის კორექცია შემდგომში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დიაგნოზის პრევენციის მიზნით. 

რა რეკომენდაციები არსებობს ორსულებისთვის? შესაძლებელია თუ არა პრევენცია?

სამწუხაროდ, არ არსებობს გარანტიები გესტაციური დიაბეტის პრევენციასთან დაკავშირებით. ძირითადი პრევენციული ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ამცირებს განმეორებით მომდევნო ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტის კვლავ ჩამოყალიბების ან მომავალში შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. რეკომენდებულია:

  • სწორი ჯანსაღი კვება;
  • ფიზიკური აქტივობა (უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში);
  • ორსულობის დაწყება ნორმალური წონით;
  • ორსულობის პერიოდში წონის მატება მხოლოდ დასაშვები ნორმის ფარგლებში.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5