Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გესტაციური დიაბეტი არის შაქრის (გლუკოზის) მაღალი დონე სისხლში, ვითარდება ორსულობის პერიოდში და როგორც წესი, გადის მშობიარობის შემდეგ. ის ჩნდება მაშინ, როცა ორსულის ორგანიზმი გაზრდილი მოთხოვნილებების ფონზე ვერ ახერხებს საკმარისი ინსულინის გამომუშავებას – ჰორმონის, რომელიც აკონტროლებს შაქრის დონეს.

გესტაციური დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ უფრო გავრცელებულია მე-2 ან მე-3 ტრიმესტრში. მან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ თქვენ და თქვენს პატარას ორსულის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ. თუმცა, დროულად აღმოჩენის შემთხვევაში შეძლებთ მის მართვას.

ვინ არის გესტაციური დიაბეტის რისკის ქვეშ?

ნებისმიერ ორსულს შეიძლება დაემართოს გესტაციური დიაბეტი, თუმცა რისკის ჯგუფში ხართ, თუ:

  • თქვენი სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მაღალია.
  • წინა მშობიარობისას ბავშვის დაბადების  წონა იყო 4.5 კგ ან მეტი.
  • წინა ორსულობის დროს გქონდათ გესტაციური დიაბეტი
  • თქვენი მშობლებიდან 1-ს მაინც ან და-ძმას აქვს დიაბეტი

გესტაციური დიაბეტის სიმპტომები

გესტაციურ დიაბეტს, ჩვეულებრივ, არ აქვს სიმპტომები და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტესტის შედეგად იგებს ორსული, რომ შაქრის დონე აწეული აქვს.

ზოგმა ქალმა შეიძლება იგრძნოს შემდეგი სიმპტომები, თუ აქვს ჰიპერგლიკემია (შაქრის ძალიან მაღალი დონე სისხლში):

  • გაძლიერებული წყურვილი
  • გახშირებული შარდვა
  • პირის სიმშრალე
  • დაღლილობა

თუმცა, ზოგიერთი სიმპტომი ორსულობას ისედაც ახლავს, ამიტომ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

რა შეიძლება გამოიწვიოს გესტაციურმა დიაბეტმა?

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმრავლესობას ნორმალური ორსულობა აქვს ჯანმრთელი ბავშვებით.

თუმცა, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

ნაყოფის დიდი წონა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მშობიარობის დაჩქარება ან საკეისრო კვეთა.

პოლიჰიდრამნისი – დიდი რაოდენობით ამნიონური სითხე საშვილოსნოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან პრობლემები მშობიარობის დროს.

ნაადრევი მშობიარობა –  მშობიარობა ორსულობის 37 კვირამდე

პრეეკლამფსია – მდგომარეობა, რომელიც იწვევს მაღალ არტერიულ წნევას ორსულობის დროს და შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები.  

– თქვენს პატარას დაბადების შემდეგ შეიძლება ჰქონდეს შაქრის დაბალი დონე ან სიყვითლე.

– ძალიან იშვიათ შემთხვევებში მკვდრადშობადობა.

ასევე, გესტაციური დიაბეტის ქონა ნიშნავს, რომ მომავალში მე-2 ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბების რისკ-ჯგუფში ხართ.

გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკა

თუ თქვენ ხართ, რისკ-ჯგუფში, პირველივე ვიზიტზე რეკომენდებულია გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარება. როგორც წესი, ის 24-28 კვირაზე კეთდება. თქვენ უნდა მიხვიდეთ კლინიკაში უზმოზე (8-10 საათი უნდა გავიდეს საჭმლის მიღებიდან) და ჩააბაროთ სისხლი. შემდეგ დაგალევინებენ გლუკოზას და 2 საათის შუალედით სისხლის კიდევ ერთი ნიმუშის გამოკვლევით შეამოწმებენ, როგორ გაუმკლავდება თქვენი სხეული მას.

გესტაციურ დიაბეტთან გამკლავების მეთოდები

ჯანსაღი კვება – დიეტოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ ჯანსაღი კვების გეგმა დიაბეტის ქონის პირობებში.

ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა – ჩქარი ნაბიჯით სეირნობა, ცურვა ან ბავშვებთან ერთად აქტიური თამაში – დაუთმეთ დღეში 30 წუთი ფიზიკურ აქტივობებს. დიეტასთან ერთად ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ შაქრის დონე სისხლში.

სისხლში შაქრის ხშირი კონტროლი – რადგან ორსულობის დროს, სისხლში შაქრის დონე ხშირად იცვლება, ხშირად შეიმოწმეთ ექიმის მითითებით.

– მიიღეთ ინსულინი, თუ ეს საჭიროა.

ჩაიტარეთ ტესტი დიაბეტზე მშობიარობის შემდეგ. მშობიარობიდან 6-12 კვირის შემდეგ გაიარეთ  ტესტი. ქალების უმრავლესობისთვის დიაბეტი  მშობიარობის შემდეგ ქრება, თუმცა ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს მე-2 ტიპის დიაბეტი. მაშინაც კი, თუ ბავშვის დაბადების შემდეგ ის გაქრება, იმ ქალთა ნახევარს, ვისაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდა, მოგვიანებით უვითარდება მე -2 ტიპის დიაბეტი. ორსულობის შემდეგ მნიშვნელოვანია  განაგრძოთ ვარჯიში და ჯანსაღი დიეტა, რათა თავიდან აიცილოთ ან გადაავადოთ  მეორე ტიპის დიაბეტი. თქვენ უნდა შეიმოწმოთ შეამოწმოს სისხლში შაქარი ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ.

წყარო: https://www.nhs.uk/conditions/gestational-diabetes/ https://www.cdc.gov/pregnancy/diabetes-gestational.html

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5