Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კულტურული და სათავგგადასავლო ტურების გიდი და 4 წლის ალექსის დედა ნუცა ცქიმანაური მთაში მოგზაურობისას აღმოჩენილი საყვარელი კერძების რეცეპტებს საკუთარი ვარიაციებით გვიზიარებს.

ბევრი თქვენგანივით, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა ჩემს ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა და ნებით თუ უნებლიეთ თვითიზოლაციაში აღმოვჩნდი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ქმართან, 4 წლის შვილთან, კატასთან და 2 ლოკოკინასთან ერთად.

უკვე 2 თვეა აქ ვართ. ასე დიდი ხნით გადმობარგებას და ჩვეული რუტინის არევას არ ვფიქრობდით და გარკვეულწილად მოუმზადებლებიც აღმოვჩნდით სოფლური ცხოვრებისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის, ყველაზე საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა სამზარეულოს პრობლემებთან გამკლავება.

საგანგებოს დროს, როცა მაღაზიაში ვერ ჩავდიოდით, ბაზრები დაიკეტა და გარკვეულ პროდუქციაზე დეფიციტი შეიქმნა, რაც რეგიონებში უფრო მეტად იგრძნობოდა. აქ ხომ დიდი ქალაქებივით ყველა ფეხის ნაბიჯზე არაა სუპერმარკეტი და ხილ-ბოსტნეულის ფარდული.

ამიტომ, იმპროვიზაცია მომიწია და „რაცსახლშიგვაქვსებს“ მოვარგე ძველი და გამოცდილი რეცეპტები და ბევრი ახლის გასინჯვამაც მოუწიათ ჩემი ოჯახის წევრებს.

ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, წინა ცხოვრებაში, ხშირად მიწევდა რეგიონებში მოგზაურობა და ექსპედიციებში გაგონილი, ჩაწერილი, თუ დაგემოვნებული კერძების გემოები გავიხსენე და ჩემს ხელთ არსებულ ინგრედიანტებს მოვარგე.

მაშ ასე, გთავაზობთ ჩემს საყვარელ კერძებს, რომლის მომზადებაზეც, ვფიქრობ მინიმალური დრო, ფული და ინგრედიენტები დაგეხარჯებათ. როგორც შეფ-მზარეულები ამბობენ, სასწორი უპირველეს ყოვლისაო და “თვალის ზომით” აწონვის არა სწამთ, მაგრამ სოფელში, სადაც არც სასწორი მაქვს და არც გრადუსებიანი ღუმელი, მიწევს იმპროვიზაცია და გრამაჟებს დაახლოებით მოგაწვდით.

1) არხოტულა. ყუათიანი კერძი, რომელიც საუზმეზეც შეგიძლიათ მოამზადოთ. ესაა ხევსურული კერძის „კუსერბოს“ ვარიაცია, რომელსაც ინგრედიენტები თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ. არ იფიქროთ,რომ ეს კერძი კუებისგან მზადდება, ხევსურულ დიალექტზე „კუსი“ ყველს ნიშნავს (სატანსაც ეძახიან), ანუ ყველისა და ერბოს კერძი.

დაგვჭირდება:

  • 2-3 ცალი საშ. ზომის კარტოფილი
  • 100გრ. ერბო,ან კარაქი
  • 350გრ. რაცსახლშიგვაქვს ყველი
  • 2-3 ც. კვერცხი
  • მწიკვი შავი პილპილი.

ავიღებთ კარტოფილს ,კარგად გავრეცხავთ, დავფცქვნით და მსხვილ სახეხზე დავხეხავთ. დავყრით საცერზე და გავრეცხავთ, ზედმეტი სახამებელი რომ გამოუვიდეს. გადავურევთ ცოტა მარილს და მსუბუქად მოვჭყლიტავთ. დავასვენებთ 10 წუთი. მერე კარგად ამოვწურავთ გუნდ-გუნდად.
ამასობაში გავახუროთ თუჯის ტაფა, დავაგდოთ ბლომად ერბო. რომ აშიშხინდება, დავაყაროთ კარტოფილი და მოვშუშოთ დაბრაწვამდე. კარგად რომ შეუპიწკინდება ძირი, ბლომად დავაყაროთ დახეხილი ყველი. კარგია, თუ დააჭრით ველურ ღანძილს ან ახალ პრასს. ზემოდან გადავასხათ გათქვეფილი კვერცხი. დავახუროთ თავზე და ვშუშოთ, სანამ არ მოიბრაწება თავზეც.

რეცეპტში მარილი შეგნებულად გამოვტოვე, იმიტომ რომ ყველი თუ მარილიანია, მაშინ დამატების საჭიროება აღარაა. ხოლო თუ ზედმეტად მარილიანიცაა, შეგიძლიათ გამოყენებამდე წყალში მოასვენოთ.

2. როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, კარგად ვიცი დისტანციურად მომუშავე დედების სევდა, როცა ბავშვი სულ თან დაგდევს და დღეში 4857 კითხვას სვავს. ამიტომ, ჩემთვის კარგი ხერხი გამოდგა ალექსის ჩართვა მომზადების პროცესში. ცომში ტიტყნა რომელ ბავშვს არ უყვარს, აბა? ამ კერძის მომზადების იდეა ჩემმა შვილმა მომაწოდა, როცა დაჟინებით მთხოვდა მაკარონის მოხარშვას, სახლში კი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაკარონი არ გვქონდა.

ესაა იტალიური პასტისა და ჯავახური თათარბერაკისმოსმულას/ატრიას/თათრული ხინკლის ჰიბრიდის ჩემებური ვარიაცია “რაცსახლშიგვაქვსებით”.

მოსმულა’ი – მოხარშული ცომისგან მომზადებული საჭმელი. ცომს მოზრდილი თხილის ხელა გუნდებად დაწყვეტენ, ამ გუნდებს ხონჩის კიდეზე გამოსმით ერთდროულად თან გაათხელებენ, თან ამოგრაგნიან, შემდეგ მოხარშავენ და მოხრაკული ხახვითა და დაფშვნილი ყველით შეკაზმავენ. ,,მემცხვარეთ ხახვ არ აქვა-დ მოსმულა’ს ყველასაია’ მა’ყრიან, ხონჩაზე წამოხყრიანა-დ დამწვეტა’ულ ჩხირებით შჭამენ”.

ჩემი ერთი ბებია ყველის ნაფშხვენებით აკეთებდა,მეორე – ერბოში მოხრაკული ხახვით. ჩემს ოჯახში, სამწუხაროდ, არ სცემენ ხახვს დიდ პატივს, ამიტომ ჩემი კერძი ამჯერად უხახვოდა წარმოდგენილი.
ასევე,ერთი ბებია შესუნელებულ ნიგოზსაც ურევდა ბლომად ნიორთან ერთად.

ცომი არის უმარტივესი.

დაგვჭირდება:

  • 3 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
  • 1 მთლიანი კვერცხი
  • 200გრ. ფქვილი
  • 50გრ. ზეითუნის ზეთი
  • მწიკვი მარილი, შავი პილპილი

კარგად მოხარშული კარტოფილი გავფრცქვნათ და ჩავჭყლიტოთ. ჩავუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი და მშრალი ინგრედიანტები. თავდაპირველად ჩანგლით ავთქვიფოთ, ხოლო როდესაც ცომი შესქელდება, ხელით მოვზილოთ. ცომი რბილი და პრიალა უნდა გამოვიდეს, ამიტომ დიდხანს უნდა ვზილოთ და არ დავამატოთ ზედმეტი ფქვილი. სწორი კონსისტენცია მაშინ არის, როდესაც ცომს თითს დავაჭერთ და არ მიგვეკრობა. ცომს გადავაკრათ კულინარიული ცელოფანი და დავასვენოთ 20წთ.
უკვე დასვენებული ცომისგან გავაკეთოთ გრძელი ჭიაყელები, დავჭრათ პატარა მართკუთხედებად და სურვილის მიხედვით, ჩანგლით გავუკეთეთ დეკორი.
მოვხარშოთ ადუღებულ მარილწყალში.


ამ პასტას იტალიურ ვარიანტს პომიდვრის სოუსი და გახეხილი პარმეჯანო უხდება. მაგრამ მე ამ კერძის წარმომავლობის გათვალისწინებით, ბლომად დაჭყლეტილ ნიორსა და მარილში გათქვეფილი მაწონი მოვასხი. ასევე უხდება ნებისმიერი სოუსი და ჩახეხილი ყველი. ხოლო, თუ ბოლომდე ვერ აითვისებთ და მოგრჩებათ პასტა, არ იდარდოთ, მომდევნო დღეს შეგიძლიათ კარაქში დაბრაწოთ მაღალ ცეცხლზე და ისე მიირთვათ კრაწუნა მოსმულა’ი. ცომისგან შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმები გამოჭრათ, მთავარია, ისეთი ზომის იყოს, რომ კარგად მოიხარშოს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5