მეან-გინეკოლოგი სოფო ბოჯგუა ასევე “ექიმები საზოგადოებისთვის” და მშობლობის აკადემიის დამფუძნებელია. იგი ხშირად საუბრობს ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით და ზრუნავს მათ გაძლიერებაზე. “დედამიცის” სწორედ ამ თემაზე ესაუბრება მას, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ქალებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ექიმებისგან.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ნდობას ეფუძნება, რა დროსაც მნიშვნელოვანია პაციენტმა კომფორტულად იგრძნოს თავი. როგორ უნდა შექმნას ექიმმა ნდობის ატმოსფერო მისთვის?
უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. პატერნალისტური აზროვნება, რომელიც ჯერ კიდევ გვხვდება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში, ახლა უკვე მოძველებულია.
ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია ნდობაზე. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში არსებითია ანამნეზი და თერაპიული დისკუსიები, აგრეთვე ურთიერთქმედება დიაგნოზის ან თერაპიული ზომების მიღების დროს. მნიშვნელოვანია განხილვა და პაციენტთან საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელს და ზიანს მოუტანს მკურნალობა.
ექიმი ვალდებულია, პატივი სცეს პაციენტის მდგომარეობას და სტატუსს და არ განსაჯოს საკუთარი მორალური თუ რელიგიური გადასახედიდან. ის უნდა დაგვეხმაროს, მივიღოთ სწორი და ჩვენთვის იმ მომენტში ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება. ის, ასევე ვალდებულია, დაიცვას ჩვენი პირადი სივრცე.
ნდობა იწყება პაციენტთან ღია და გულწრფელი ურთიერთობით, იმის შემჩნევით, რომ ექიმს საკუთარი საქმე უყვარს და პაციენტის ჯანმრთელობა აინტერესებს.
ვინაიდან, პაციენტები არ არიან ექიმი, მათთან საჭიროა მარტივი და მეტი კომუნიკაცია.
ქალების უმრავლესობისთვის გინეკოლოგთან ვიზიტი უხერხულობის შეგრძნებას აჩენს. რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა ამ მხრივ, როცა საქმე მის ჯანმრთელობას ეხება?
“მშობლობის აკადემიის” შექმნის პირველი იდეა სწორედ ეს იყო, ამავე საქმეს ემსახურებით თქვენც. ვინაიდან, ჩვენთან ჯერ კიდევ სქესობრივ განათლებასა და უფლებებზე სკოლებში არ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სადმე მაინც მივიღოთ სწორი ინფორმაცია. ვიცოდეთ, რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს-გინეკოლოგს.
მნიშვნელოვანია, პაციენტი გინეკოლოგთან მივიდეს მომზადებული, მათ შორის ინტიმური შეკითხვებისვის მზად და მეტნაკლებად მტკივნეული და ინვაზიური პროცედურებისთვის განწყობილი. დაუსვას მას შეკითხვები, თუ რამე მისთვის იქნება გაუგებარი.
არსებობს უამრავი წინასწარგანწყობა საზოგადოებაში ექიმების მიმართ, რაც ხშირად გინეკოლოგთან დაგვიანებული ვიზიტის მიზეზი ხდება. რა რისკები ჩნდება ქალებისთვის ამ დროს და როგორ აისახება ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობაზე?
ქალისთვის შეიძლება გინეკოლოგთან ვიზიტი იყოს მოულოდნელი, ზუსტად ინფორმაციის დეფიციტის გამო. ის ხშირად არ არის მზად გინეკოლოგის მიერ ხელით გასინჯვისთვის (რაც საკმაოდ არასასიამოვნოა) ან გინეკოლოგიური სარკით დათვალიერებისთვის (ამაზეც არსებობს საზოგადოებაში გავრცელებული შიშები). ამის გამო ქალები წლებით გადაავადებენ ხოლმე გინეკოლოგთან ვიზიტს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად ტაბუირებულია საუბარი სქესობრივ ჯანმრთელობაზე. როდის უნდა ვესაუბროთ გოგონებსა და ბიჭებს სქესობრივ ცხოვრებაზე, კონტრაცეფციასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე?
ვინაიდან, ჩვენთან სქესობრივ განათლებაზე სკოლებში არ ვსაუბრობთ, ამ საქმეზე პასუხისმგებლობას მშობლები ვიღებთ, მაგრამ ეს სენსიტიური და საფრთხილო ინფორმაციაა. ამასთანავე, საკითხი ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ის თუნდაც პუბერტატული ასაკის მოზარდს აუხსნა და უმტკივნეულოდ გააგებინო.
ამ მიმართულებით ბევრი შრომაა საჭირო. ჩვენი თაობა უნდა შეეცადოს, გაძლიერდეს ინფორმაციულად, რომ შვილებთან ეს თემა უკვე აქტუალური აღარ იყოს.
მშობელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმუნიზაციაზე, მათ შორის პაპილომა ვირუსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. იცოდეს, რომ მუცლის ტკივილის დროს მხოლოდ ქირურგის კონსულტაცია არ არის საკმარისი.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ქალებიც და კაცებიც მხოლოდ ორსულობის დროს არ დადიან გინეკოლოგთან. უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას, თუ რამდენი შვილი გვინდა გვყავდეს და როცა ჩვენ გვინდა, მაშინ შეგვიძლია ვიყოლიოთ.
აუცილებელია გავზარდოთ პარტნიორების ჩართულობა ორსულობისა და პარტნიორული მშობიარობის დროს. შვილზე ზრუნვა მუცლად ყოფნის დროს იწყება.