სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი სამი შვილის მამაა. მისი უფროსი ბიჭები 11-12 წლის არიან, გოგონა კი ორი წლის. გიორგიმ მამობის გამოცდილება და ის აღმოჩენებიც გაგვიზიარა, რომელიც იზოლაციის პერიოდში საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დროს აღმოაჩინა.
თქვენს შვილებზე მოგვიყევით. რამდენად ახერხებთ მათთან დროის გატარებას. ახლა , იზოლაციის პერიოდში, კიდევ სხვა თვალით ხომ არ შეხედეთ ბავშვებთან ურთიერთობას?
მყავს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან, მყავს მეორე შვილი მეორე ქორწინებიდან და ჩემს ცოლს ყავს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან, სულ სამი შვილი მყავს. საბედნიეროდ, ამ მდგომარეობაშიც და ისეც, ვახერხებდი მათთვის დროის გამონახვას. ამის საშუალებას ჩემი პროფესიაც მაძლევს, რადგან არ ვარ მიბმული მუდმივად სამსახურს. შეიძლება ერთი კვირა მქონდეს გადაღება და მეორე კვირას არ მქონდეს, ამიტომ ბავშვებთან სულ მაქვს კავშირი. პირველი შვილიდან მოყოლებული, მამის დანაკლისი არ ჰქონიათ ჩემს შვილებს, რადგან ფიზიკურად დიდ დროს ვატარებდი მათთან, მაგრამ ახლა, იზოლაციის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ კიდევ უფრო მეტად საჭირო ვარ. ახლა ონლაინგაკვეთილებიც დაეწყოთ და მეც მეტად ჩავერთე მათი სწავლის პროცესში. რომ გვგონია, რომ სკოლაში მიდის, მოდის და არაფერი პრობლემა არ არის, ახლა ვხედავ რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ყველაფერი, როცა მეუბნება, ეს გვაქვს გასაკეთებული და ესო- ვხვდები, როგორ აკლიათ ბავშვებს მშობლები რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ფიზიკურად ბევრ დროს ვატარებ ჩემს შვილებთან, მაგრამ მაინც, ეს დრო თურმე არ ვარ მათთან ერთად.
როგორია მშობლობის თქვენეული აღქმა?
ბავშვები მართლაც მშობლის სარკე არიან. მათში კარგად ჩანს, რამდენად არის მოწოდების სიმაღლეზე მშობელი, როგორ ახერხებს ის კრიტიკულ სიტუაციებში თავის ხელში აყვანას. ეს დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ბავშვებზე და მათ ქცევაზე. ბავშვის ნებისმიერი პრობლემა, საკუთარ თავზე გაფიქრებს და მიზეზებს საკუთარ თავში ეძებ. იზოლაციის პერიოდმა სწორედ ეს დამანახა: როდესაც, ბავშვში ხედავ რაიმე მიუღებელ ქცევას, ხედავ შენს გაუწეველ შრომას, რომელიც თავის დროზე ვერ გასწიე, არ იწვალე უფრო მეტად და ახლა ძალაუნებურად გიწევს მაინც ამ დანაკლისის ანაზღაურება. ხშირად ნერვები მეშლება საკუთარ თავზე ასეთ დროს და მაგრამ, მაინც ვხვდები, რომ ეს ჩემი გასავლელია და ეს მე უნდა გავაკეთო.
სხვადასხვა ასაკის შვილები გყავთ და სხვადასხვა ასაკობრივი საჭიროებები ექნებათ. როგორ ახერხებთ ასაკობრივ გამოწვევებთან გამკლავებას?
ჩემი ბიჭები 11 და 12 წლის არიან, პატარა გოგონა ორი წლის. ბიჭებს ახლა გარდატეხის ასაკი აქვთ. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, მათთან გულახდილი საუბარია. ისინი ყველაფერს მიყვებიან, ყველა საკითხს ვეხებით და ვფიქრობ ესეც იცავს მათ ბევრი საფრთხისგან, რადგან აქვთ ცოდნა ბევრი რამის შესახებ, რადგან თუ რაიმე პრობლემა აქვთ მოდიან და მიყვებიან და ეს პრობლემაც ადვილად გადააქვთ, ვიდრე მე გადამქონდა ბავშვობაში. ჩემს დროს მამებს და შვილებს უფრო სტერილური ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ურთიერთობები შემდეგ ბავშვზეც აისახებოდა, მაგალითად არავინ გველაპარაკებოდა სექსუალური ურთიერთობის შესახებ, ბევრი რამ იყო ტაბუდადებული. მე ვცდილობ ჩემს შვილებთან არ მქონდეს დახურული თემები და ყველაფერზე შეგვეძლოს ლაპარაკი.
რა როლი აქვს მამის ჩართულობას და ზრუნვას ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის?
მე უმამოდ გავიზარდე. რვა წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა; ამასთან ერთად, დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები იყვნენ და ფიზიკურადაც არ ვიყავით ერთად. მამის დანაკლისი მიგყვება მთელი ცხოვრება, თითქოს ხელი არ გქონდეს და ფეხი არ გქონდეს, დაახლოებით ასეთი რამეა და სწავლობ ცალი ხელით ცხოვრებას. ბავშვი რომ თვითმყოფად პიროვნებად შედგეს, ამისთვის აუცილებელი კომპონენტია, როგორ არიან ჩართული მშობლები სრულფასოვნად მის აღზრდაში. ხშირად მშობლები ბავშვებთან არიან, მაგრამ არ აქვთ ემოციური კავშირი მშობლებს და შვილებს. ეს ემოციური კავშირის უქონლობა, რაც ჩემი გამოცდილებიდან მახსოვს, უმამობა არის მუდმივი შიში საზოგადოებისადმი, უხერხემლობა, თითქოს არავინ არის ისეთი, ვინც შენ ზურგს გაგიმაგრებს და დაგიცავს. ეს დანაკლისი, რომ გამეაზრებინა და მიმეღო, ბევრი დრო დამჭირდა ამისთვის.
გაქვთ რაიმე სტრატეგია შვილებთან ურთიერთობაში?
როდესაც რაღაცაზე ბრაზდები, უნდა გაბრაზდე. ვთვლი რომ არასწორია ის შეხედულება, რომ ყველაფერს რაციონალურად უნდა შეხედო, რადგან ესეც უნდა გაიგოს ბავშვმა, რომ ადამიანები ბრაზდებიან, ადამიანებს სწყინთ, შეიძლება იტირონ, შეიძლება იყვირონ, ოღონდ არ ვგულისხმობ მჩაგვრელურ და ძალადობრივ ყვირილს. ასევე, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი აზრი, თავიანთი ემოცია, გამოხატონ პროტესტი და ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ბავშვს. “ მე ეს არ მინდა, მე ეს არ მომწონს, მე ამას არ გავაკეთებ”- მათ აქვთ ამ სიტყვების თქმის უფლება და ეს არ უნდა დავუშალოთ. რთულია ეს ყველაფერი ძალიან, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ რადგან ვარ ამ მდგომარეობაში და მყავს სამი შვილი, ის შესაძლებელობაც მაქვს რომ გავიაზრო, რომ ტყუილად არ მყავს ეს შვილები და მათ უნდა გავუწიო დახმარება, როგორც მეგობარმა, როგორც მშობელმა და როგორც მასზე პასუხისმგებელმა ადამიანმა.