ჩვილებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ საჭმელად გოგრა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც თან გემრიელია და თან მრავალი საჭირო საკვები ნივთიერების წყაროა. ის მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს გულისა და კუნთების უკეთ მუშაობას. ასევე, შეიცავს უჯრედისს, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას და A ვიტამინს, რომელიც ინფექციებთან ბრძოლაში დაეხმარება იმუნიტეტს.
როდიდან შემიძლია გავასინჯო პატარას გოგრა?
ჯანმრთელ ჩვილებს შეუძლიათ დატკბნენ გოგრის პიურეთი, როგორც კი დაიწყებენ მყარი საკვების მიღებას (დაახლოებით 6 თვის ასაკისთვის).
როგორ შევარჩიო გოგრა?
პატარა გოგრებს უფრო ტკბილი გემო აქვს და უფრო ადვილია მათი დამუშავება, რადგან ისინი უფრო რბილია და არ აქვთ ბევრი თესლი.
როგორ მოვამზადო გოგრა?
გოგრის მომზადება შეგიძლიათ იმ მეთოდებით, რომლებსაც იყენებთ ხილ-ბოსტნეულის მოსამზადებლად, მაგალითად – ორთქლზე ან წყალში მოხარშვა, გამოცხობა. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგი გზაა გოგრის სურნელის და საკვები ღირებულებების შესანარჩუნებლად.
გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომ მოხარშვისას შეიძლება უფრო წყლიანი გახდეს.
როგორ შევინახო გოგრა?
გოგრის მოყავისფრო გახდება ჰაერის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ის გაფუჭდა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიცილოთ რამდენიმე გზით:
დაჭრის შემდეგ მალევე ამოაცალეთ თესლი და გამოაცხვეთ გოგრა.
მას შემდეგ, რაც მოამზადებთ პიურეს ან ბავშვს დაუჭრით პატარა ნაჭრებად, რათა თავად ჭამოს ხელით, დანარჩენი დაუყოვნებლად მოიხმარეთ ან გაყინეთ. გოგრა ინარჩუნებს ფორმას და სასარგებლო თვისებებს გაყინვის და გალღობის შემდეგაც.
რომელ პროდუქტებთან ერთად მივცე ჩვილს გოგრა?
გოგრა მშვენივრად ეხამება ბევრ პროდუქტს, მაგალითად იოგურტს ან მარცვლეულს, ბანანს, მოცვსა და ატამს, ოსპსა და ხორცს. უბრალოდ, თუ ჩვილს გოგრას პირველად აძლევთ, ეცადეთ არ შეურიოთ იმ პროდუქტებს, რომლებიც მას ჯერ არ გაუსინჯავს.
წყარო: www.verywellfamily.com
გოგრის პიურე ჩვილებისთვის:
2 მომცრო კარტოფილი, 2 საშუალო ზომის სტაფილო, 1 თავი ხახვი და საშუალო გოგრის ნახევარი მოშუშეთ ცხიმში დარბილებამდე, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშვის შემდეგ დააბლენდერეთ.
უფროსი ბავშვებისთვის გთავაზობთ პროფესიით გიდისა და 2 შვილის დედის ნუცა ცქიმანაურის რეცეპტს:
გოგრის ნამცხვარი “ვანგოგრა” 🥧
საჭირო ინგრედიენტები:
* გოგრის ერთი მოზრდილი ნაჭერი 🎃
* 1 ცალი სტაფილო 🥕
* 2-3 კარტოფილი 🥔
* ბედნიერი ქათმის მკერდის ნაჭერი, მოხარშული 🍗
* რამდენიმე კოვზი მაწონი, არაჟანი, ან ნაღები
* 1 ცალი ქათმის კვერცხი 🥚
მომზადება
ვრთავთ „ბიტლზის“ მუსიკას სასიამოვნო ხმაზე, მოვუხმობთ მუზებს და ვიწყებთ. კარტოფილი, სტაფილო და გოგრა მოვხარშოთ, თითქმის მზად რომ იქნება, ჩავყაროთ ღრმა ჯამში და კარგად ჩავჭყლიტოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შევურიოთ წვრილად დაჭრილი ან გატარებული ქათმის ხორცი, მაწვნის ნაირსახეობა, რაც გვაქვს. კააარგად გადავურიოთ და შევაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. მიირთვით ვან გოგის ნახატების ცქერისას.