შეიძლება ჩემს ჩვილ ბავშვს გაციება ან გრიპი დაემართოს ზამთარში?
დიახ. ადამიანების უმრავლესობას რესპირატორული ვირუსები ზამთარში ხვდება. გრიპის სეზონი დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ეს ზრდის შესაძლებლობას, რომ თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრი შეხვდება ვინმეს, ვინც ავად არის ან პოტენციურად დაავადების მატარებელია. „ზამთარში გავრცელებული ბევრი ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, შესაბამისად, თუ თქვენი ბავშვი ჩაისუნთქავს ავადმყოფისგან 1-2 მეტრის დაშორებით, შესაძლებელია თვითონაც დაავადდეს“.
უფრო მეტიც, დავირუსებული ადამიანები, სიმპტომების გამოვლენამდე უკვე არიან გადამდებები. ამიტომ, კარგია, თუ ბავშვს არიდებთ იმათ, ვინც ახველებს ან აცემინებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ავადმყოფობისგან მისი სრული დაცვისათვის.
როგორ დავიცვათ ჩვილი ზამთარში ვირუსებისგან?
- დაიბანეთ ხელები. ხელების რეგულარულად დაბანა უმარტივესი და ყველაზე ეფექტური გზაა გაციების და გრიპის მიკრობების თავიდან ასაცილებლად. დაიბანეთ ხელები საფუძვლიანად (20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით) და ხშირად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქუჩიდან სახლში დაბრუნდებით, ბავშვს ცხვირს გაუსუფთავებთ და სანამ, საჭმლის მომზადებას შეუდგებით. აუცილებლად სთხოვეთ ბავშვის მოვლაში ჩართულ ადამიანებს დაიცვან იგივე წესები.
- დაბანეთ ბავშვს ხელები. რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები, განსაკუთრებით ჭამამდე, თუ უკვე მიირთმევს მყარ საკვებს და ბაღიდან ან სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ. თუ გყავთ უფროსი ასაკის ბავშვი, ასწავლეთ მასაც ხელების ხშირი დაბანა. შენიშვნა: არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპნები, რადგან ისინი სასარგებლო ბაქტერიებსაც სპობენ თქვენს ხელებზე და შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითი ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს.
- გამოიყენეთ ხელის სადეზინფეციო სითხე, როცა საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი. ის უნდა შეიცავდეს მინიმუმ 60% ალკოჰოლს.
- გარეცხეთ მატყუარა საწოვარა და სათამაშოები. ჩვილები ყველაფერს პირში იდებენ, ამიტომ რეგულარულად გარეცხეთ მატყუარა საწოვარა და სათამაშოები, განსაკუთრებით თუ მათით სხვა ბავშვიც თამაშობს.
- დატოვეთ ავადმყოფი ბავშვი სახლში. თუ ბავშვს აქვს მომატებული ტემპერატურა, გრიპი, ღებინება, ფაღარათი ან თვალის ინფექცია, დატოვეთ სახლში და არ გაუშვათ ბაღში.
- აცერით ბავშვი. 6 თვიდან შეგიძლიათ ბავშვი აცრათ გრიპის ვაქცინით.
როგორ გავაუმჯობესო ჩვილის იმუნიტეტი ბუნებრივად?
- ძუძუთი კვება: ძუძუთი კვება იცავს თქვენს შვილს მრავალი დაავადებისგან.
- ჯანსაღი კვება: 6 თვის შემდეგ დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად შესთავაზეთ მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტები.
- ძილი: დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ჰყოფნის ძილი ასაკის შესაბამისად.
- ვარჯიში: შეუქმენით ფიზიკური აქტივობის ბევრი შესაძლებლობა.
რა გავლენას ახდენს მეორადი მოწევა ჩვილის იმუნიტეტზე?
თუ ბავშვს ხშირად უხდება ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ეწევიან, იზრდება იმის ალბათობა, რომ მას ექნება სასუნთქი გზების პრობლემები. მაგალითად, გაციება, ხველა, ფილტვების ანთება, ყურის ინფექციები, ასთმა და ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი. ამიტომ, არ მოწიოთ სახლში და მანქანაში და მოარიდეთ იმ ადგილებს, სადაც ეწევიან.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ჩვილი ვირუსით დაინფიცირდა?
იმის გამო, რომ ბავშვები წელიწადში 8-10-ჯერ ავადდებიან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენი ზრუნვის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ ვირუსების დაჭერას. როდესაც ეს მოხდება:
- დაურეკეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს დამაეჭვებელი სიმპტომები, როგორიცაა უჩვეულო ტირილი ან ქცევა. მოუყევით მის სიმპტომებზე, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ.
- სცადეთ მკურნალობის უსაფრთხო ხალხური მეთოდები, რათა დაეხმაროთ კომფორტულად იგრძნოს თავი, ვიდრე ვირუსი მის სხეულს დატოვებს.
როდესაც უვლით ავადმყოფ და დასუსტებულ ბავშვს, გახსოვდეთ, რომ ზამთრის დაავადებების უმრავლესობა დაახლოებით 1 კვირაში გაივლის. ამასთან, ისინი აძლიერებენ თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემას და დროის გავლის შემდეგ, ის უფრო სწრაფად გაუმკლავდება დაავადებას. მანამდე კი, უბრალოდ, განაგრძეთ ხელების დაბანა.
წყარო: www.babycenter.com