Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იაშვილის  სახელობის ბავშვთა ცენტრალური  საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე   – კორონავირუსზე და მის პრევენციაზე. გარდა ამისა, ჩვენთან ინტერვიუში, მას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეც ვკითხეთ, რომელზეც პასუხები, შესაძლოა მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ივანე ჩხაიძე
იაშვილის  სახელობის ბავშვთა ცენტრალური  საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი

რა ვიცით და რა არ ვიცით კორონავირუსის შესახებ და  ვართ თუ არა მზად პანდემიის შესაჩერებლად?

დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავიდანვე გვქონდა მზაობა, რომ საქართველოშიც დაფიქსირდებოდა კორონავირუსის შემთხვევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ყველა ბოლო რეკომენდაცია მიმართული იყო იქეთკენ, რომ ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და შეუძლებელია, ახალი ტიპის ვირუსის იზოლირება, თუმცა,  ჩინეთის მთავრობამ შეუძლებელიც კი გააკეთა ამ ვირუსის იზოლირებისთვის ქალაქებში , მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ეს მაინც უშედეგო აღმოჩნდა. ის, რომ კორონავირუსი სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, ესეც ადვილად პროგნოზირებადი იყო ტექნიკური პროგრესის ეპოქაში და რახან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიაზე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეხება მთელ მსოფლიოს  და საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამ ეს პროცესი გადაავადა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი პროცესი ჩვენ გარკვეულწილად გავიარეთ 2009 და 2010 წლებში, როდესაც ე.წ ღორის გრიპის პანდემია იყო და ახლაც, იგივე მეორდება, ოღონდ მეტი აჟიოტაჟის პირობებში და ეს მეტად გასაოცარია, იმ ფაქტიდან გამომდინარე რომ ლეტალობის მაჩვენებელი კორონავირუსის დროს და ზოგიერთი ტიპის ვირუსის დროს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ე.წ ფრინველის გრიპს , ამავე კორონავირუსის მსგავს აფეთქებებს წინა წლებში, მაგრამ ფაქტია  რომ ახლა ასეთი რეალობის წინაშე დავდექით. თუმცა, მოსახლეობის ინფორმირება და მათი გარკვეული შიში, იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ საქართველო არ იქნება ლოკალური ეპიდემიის ზღვრის წინაშე და ჩვენ ერთეული შემთხვევების დონეზე დავრჩებით, რაც რეალურია და სრულებითაც არ არის წარმოუდგენელი სცენა.

ამ ვირუსის ეფექტური საშუალება არ არსებობს, არც პროფილაქტიკის  საშუალება არ არის მოგონილი, რასაც გარკვეული ხანი დასჭირდება და ამიტომ, ის მკურნალობა, რასაც ატარებენ ჩვენი კოლეგები ჩინეთში და იტალიაში არის ზოგადი ანტივირუსული მკურნალობა , ანტიბაქტერიული მკურნალობა, არამიზანმიმართული. მაგრამ, ფაქტია, რომ ლეტალობის (სიკვდილიანობის) მაჩვენებელი  არ არის მაღალი. დღეისათვის, დაფიქსირებული 2%-იანი ლეტალობა, არ არის ისეთი მაღალი, როგორც სხვა ტიპის ვირუსული ინფექციების დროს წინა წლებში. დღეს ამ მხრივ პანიკა გაცილებით მეტია, ვიდრე რეალურად არის ამის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ 2009 და 2010 წელი მართლაც პანდემია იყო და საქართველოშიც  ძალიან ბევრი იყო გრიპის შემთხვევები, ასეთი პასუხი მოსახლეობის, რაც გამოჩნდა სოციალურ ქსელებში, მაღაზიებში პროდუქტების მომარაგება სუპერმარკეტებში, არ ყოფილა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კორონავირუსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით არის ვირუსი, რომელმაც შეიძლება პანდემიის სახე მიიღოს.  თავიდანვე იყო მინიშნება იმაზე, რომ ეს ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი სუსტი სამედიცინო სისტემის ქვეყნებისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველო არ იქნება სუსტი სამედიცინო სისტემის ქვეყანა და ჩვენი რეაგირება იქნება ადეკვატური .

რა არის  საბაზისო რჩევები მეტი სიფრთხილისთვის და პრევენციისთვის?

რაც შეეხება იმ გზებს, რითიც უნდა დავიცვათ თავი,  ჩვენ მოსახლეობას ვურჩევთ იგივეს , რასაც ვურჩევდით სხვადასხვა  გრიპის ვირუსის დროს: 

  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ერთი მეტრის რადიუსზე  თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და მაღალი სიცხე აქვთ.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები 20 წამის განმავლობაში.
  • დააცემინეთ არა ცხვირსახოცში და არა ერთჯერად ცხვირსახოცში, რომელიც საქართველოში  ხშირად მრავალჯერადი ხდება, არამედ ხელის წინა მხრის მიფარებით.
  • მოერიდეთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, რადგან ყველა ასეთი ადგილი რისკისშემცველია.
  • ასევე შეიტყვეთ ზუსტი ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, სადაც გიწევთ სტუმრობა და სადაც შეიძლება, ამ სამი ქვეყნიდან: ჩინეთი, ირანი და იტალია, ნამოგზაურები ადამიანები შეგხვდნენ

ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა , სახლის ხშირად განიავება, სველი წესით მაგიდის და საწოლის ზედაპირების  დასუფთავება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც იგულისხმება თამბაქოსაგან თავის შეკავება მაქსიმალურად. ყველა ეს ზომა, ალბათ განაპირობებს  ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი გამოსავალს. ლეტალობის ყველა ის შემთხვევა, რაც დაფიქსირდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ხანდაზმულებში და იმ პირებში, სადაც აღინიშნა არსებული ქრონიკული დაავადებები, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, დასუსტებული იმუნური პასუხისმგებლობის  მქონე პირებში გაცილებით უფრო მაღალია და ძირითადად ლეტალობა ამ ადამიანებში მოდის.

ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული პედიატრიულ პაციენტებში 15 წლამდე ასაკში. არავინ არ ამბობს, რომ არ შეიძლება განვითარდეს, მაგრამ დღევანდელი სტატისტიკა მიუთითებს, რომ ძირითადი რისკის ჯგუფი არ არის პედიატრიული მოსახლეობა, რაც ძალიან კარგია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული მომავალშიც.

ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და გადასხმები რა დროს არის საჭირო? როდის უნდა ვიყოთ ყურადღებით? 

გრიპის ვირუსის დროს ჩვენ მაინც აქცენტს გავაკეთებთ, რომ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა გამოწვეულია ორი ფაქტორით: ეს არის ბავშვის ასაკი  და მეორე ფაქტორი არის, დაავადების სიმძიმე. მცირე ასაკის ბავშვი, სადაც დაავადება გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა გაცილებით უფრო ხშირად დგება  და ის ნიშნები, რომლებიც განაპირობებენ საავადმყოფოში დაწვენის აუცილებლობას არის:

  • მაღალი ტემპერატურა
  • საკვების/სითხის  მიღების შეუძლებლობა

თუ მცირე ასაკის ბავშვს არ შეუძლია სითხის მიღება , არ შეუძლია ძუძუს წოვა, ეს არის რისკი, რომ შეიძლება განვითარდეს ე.წ გაუწყლოება და ამიტომ, ამ პაციენტებთან ინტრავენური გადასხმის აუცილებლობის საკითხი დგება. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თუ გვაქვს შემთხვევა, რომ სითხე უნდა შევიყვანოთ ორგანიზმში, ყოველთვის ჯობია ეს სითხე  დალიოს პაციენტმა, ვიდრე გავაკეთოთ გადასხმა. ორივე მეთოდს ერთნაირი შედეგი აქვს , სითხის დეფიციტი აღდგება, მაგრამ ინტრავენური გადასხმა უფრო დისკომფორტია ბავშვისთვის, თავისი რისკები აქვს და საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდება. თუ ბავშვს შეუძლია წყლის დალევა, უმჯობესია შესთავაზოთ წყალი, ჩაი, მინერალური წყალი, ახლად მომზადებული კომპოტი და ამით შეავსოთ სითხის დეფიციტი. ზოგიერთი მშობლის შეფასება, რომ გადასხმა აუცილებლად არის მკურნალობის  საშუალება, არის კატეგორიულად არასწორი.

გადასხმა უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ შეუძლია სითხის მიღება მძიმე მდგომარეობის გამო, სისუსტის გამო და ა.შ 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5