გუნება-განწყობილების ცვლილებები ორსულობის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური დისკომფორტი და მომავალ ცვლილებებზე ღელვა.
ორსულობის ჰორმონები და გუნება-განწყობილების ცვლილებები
გუნება-განწყობილების ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ჰორმონების (განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის) სწრაფი ცვლილება. ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ესტროგენის დონე იზრდება 100-ჯერ და მასთან ასოცირდება შფოთვა და გაღიზიანება. ის დაკავშირებულია სეროტონინთან, რომელიც „ბედნიერების“ ჰორმონის სახელითაა ცნობილი და ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. თუმცა, მისმა დისბალანსმა შესაძლოა ემოციების დისრეგულაცია გამოიწვიოს.
ესტროგენის პარალელურად იზრდება პროგესტერონის დონეც. თუ პირველი ენერგიასთანაა კავშირში, მეორე იწვევს რელაქსაციას. ის ეხმარება კუნთებს მოდუნებაში, რათა დაიცვას საშვილოსნო ადრეული შეკუმშვებისგან. ამავე დროს მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც და ხშირად არის ორსულთა შეკრულობის მიზეზი.
რელაქსაციის ჰორმონი სასიამოვნოდ კი ჟღერს, თუმცა, ზოგიერთ ქალზე, პროგესტერონი ზედმეტად მოქმედებს და იწვევს დაღლილობისა და სევდის შეგრძნებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთდროულად – შფოთვა, გაღიზიანება, დაღლილობა და ცრემლები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გუნება-განწყობილების ცვლილებებს.
გუნება-განწყობილების ცვლილებები 1-ლ ტრიმესტრში
ჰორმონების გარდა, გუნება-განწყობილების ცვლილებებს ორსულობის დროს დისკომფორტიც იწვევს. მაგალითად, დილის გულისრევები, რომელსაც ორსულთა 70% განიცდის. გულისრევის შეგრძნება და ხანდახან ღებინება შეიძლება შიმშილმა ან მეზობლის სამზარეულოდან გამომავალმა სუნმაც გამოიწვიოს.
ასევე, ორსულობის ადრეული ნიშანი – დაღლილობაც იწვევს გუნება-განწყობილების ცვლილებებს.
დაბოლოს, წარსულში განცდილი მუცლის მოშლა ან უნაყოფობაც იწვევს შფოთვას ორსულობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, როცა ასეთი შემთხვევები ხშირია.
გუნება-განწყობილების ცვლილებები მე-2 ტრიმესტრში
ორსულობის მე-2 ტრიმესტრს „თაფლობისთვეს“ ეძახიან. ჰორმონების დონე ნაკლებად იცვლება წინა თვეებთან შედარებით. დილის გულისრევები უკან რჩება და ქალების უმრავლესობა ამ სტადიაზე ენერგიულად გრძნობს თავს.
ამ ტრიმესტრში ემოციების ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ფორმების ცვლილებებმა ან პრენატალური ტესტების შედეგებზე შფოთვამ. თუმცა, ყველა ცვლილებაა არაა უარყოფითი. პირიქით. ზოგიერთი ქალი ამ ეტაპზე განიცდის ლიბიდოს მომატებას და სექსის ძლიერ სურვილს, რადგან ამ ვადაზე ფიზიკურად კარგად გრძნობენ თავს და ასევე, მენჯის არეში სისხლის მოძრაობის დონე იზრდება.
გუნება-განწყობილების ცვლილებები მე-3 ტრიმესტრში
მე-3 ტრიმესტრში მოხერხებულად ძილი პრობლემა ხდება, რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და გუნება-განწყობილების ცვლილებებს. ასევე, მოქმედებს შიში და შფოთვა მოსალოდნელ მშობიარობის პროცესზე და დედობაზე.
„დაბუდება“ – ასე უწოდებენ ახალ განწყობილებას, რომელიც მე-3 ტრიმესტრში უჩნდება ორსულს და გულისხმობს დასუფთავებას, ორგანიზებას და შვილისთვის ფიზიკურად მომზადებას. ბევრისთვის ეს დადებითი გამოცდილებაა, თუმცა, თუ ბავშვის საჭიროებების ვერდაკმაყოფილების საფრთხე ერთვის, შფოთვად გადაიქცევა.
ნორმალურია ორსულობის დროს გაბრაზება?
ზოგიერთ ქალს ორსულობის დროს უჩნდება გაღიზიანების და ბრაზის შეგრძნება, რაც ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით არის განპირობებული. ასევე, სამსახურში პრობლემები, ფინანსების არქონა ან არასასურველი/დაუგეგმავი ორსულობაც ბადებს უარყოფით ემოციებს. თუ თქვენ ბრაზობთ არასასურველი ორსულობის გამო, მნიშვნელოვანია მიხვიდეთ ფსიქოთერაპევტთან, რადგან ამან მომავალში შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის, როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ განვითარებასთან.
ბრაზი ნორმალურია, თუ ორსული არ განიცდის ხშირად და ეს არ უშლის ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ორსულის სიბრაზე დაკავშირებულია ნაყოფის მცირე წონასთან.
გუნება-განწყობილების ცვლილებებით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქების გზებზე წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
წყარო: www.verywellfamily.com