Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ ხდება ჩემი შვილი მგზავრობის დროს ცუდად?

შეიძლება მას აქვს გზის ავადმყოფობა. ის გავრცელებულია 2-დან 12 წლამდე ბავშვებში, თუმცა ყველა ასაკში შეიძლება დაიწყოს. ზოგი ბავშვი უფრო მიდრეკილია ამ ავადმყოფობისკენ, რადგან უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან  მოძრაობის მიმართ ტვინის რეაქციაზე.  

გზის ავადმყოფობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს ნავით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობის დროს, განსაკუთრებით თუ თქვენი შვილის პირველი გამოცდილებაა ან რთულ პირობებში გიხდებათ გადაადგილება (ტურბულენტურ ზონაში ან აღელვებულ წყალში).  საქანელასაც შეუძლია ამის გამოწვევა. 

კარგი ამბავი არის ის, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად ეს შეგრძნებები მცირდება. 

რა იწვევს მოძრაობის ავადმყოფობას?

ეს პრობლემა იწყება მაშინ, როცა ბავშვის ტვინი იღებს განსხვავებულ შეტყობინებებს სხეულის იმ ნაწილებისგან, რომლებიც მოძრაობას აღიქვამენ, მაგალითად შუა ყურებისგან, თვალებისგან, ნერვებისგან და სახსრებისგან.  

მაგალითად, თუ ბავშვი მანქანაში ათვალიერებს სათამაშოს ან სურათებიან წიგნს, მისი თვალები ტვინს უგზავნის სიგნალს, რომ არ მოძრაობს. ამ დროს სხეულის სხვა ნაწილები გრძნობენ მოძრაობას და ტვინს უგზავნიან საპირისპირო შეტყობინებას. ეს ყველაფერი ბავშვს გულისრევის შეგრძნებას უქმნის. სტრესმა და შფოთვამ შეიძლება გაამწვავოს სიმპტომები.  

როგორ დავეხმარო შვილს ამ დროს?

იყავით მომთმენი თქვენი შვილის მიმართ, რომელიც თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს და სცადეთ შემდეგი მეთოდები:

  • იყავით ყურადღებით, რომ არ გამოგეპაროთ ადრეული ნიშნები: ცივი ოფლი და მადის დაკარგვა, როგორც წესი, წინ უძღვის ღებინებას. შეაჩერეთ მოძრაობა, თუ ეს შესაძლებელია და შუბლზე დაადეთ გრილი ნაჭერი. სიმპტომები სწრაფად, დაახლოებით 15 წუთში გაქრება. 
  • ეცადეთ, რომ მანქანაში ყოფნის დროს, უყუროს ჰორიზონტის ერთ წერტილს. შორეული საგანი თვალებს აძლევს მინიშნებას, რომ თქვენ მის მიმართ მოძრაობთ. ეს ეხმარება ტვინთან სწორ კომუნიკაციას. 

  • მიაწოდეთ გრილი ჰაერი. ჩამოსწიეთ ფანჯრები ან ჩართეთ კონდიციონერი. 

  • მატარებელში აირჩიეთ წინა ვაგონები, თვითმფრინავში ადგილები ფრთებთან ახლოს უნდა იყოს, იყურებოდეს წინ და თუ შესაძლებელია, აამაღლეთ, რომ ფანჯრიდან ყურება შეძლოს. 

  • დაეხმარეთ ყურადღების გადატანაში. ელაპარაკეთ ან ერთად იმღერეთ. არ მისცეთ წიგნები და სათამაშოები, რადგან ეს დააკარგვინებს ორიენტაციას. 

  • აჭამეთ. შიმშილი ხანდახან ღებინების შეგრძნებას იწვევს, ამიტომ აჭამეთ მგზავრობამდე. 

  • დაგეგმეთ მგზავრობა იმ დროისთვის, როცა ბავშვს ძილის დრო აქვს. თუ შუადღის ძილის ასაკს გადასცდა, შესთავაზეთ დაძინება, თუ დაღლილია.  

  • აქტივობა შეამცირეთ მინიმუმამდე. ეცადეთ, რომ ბავშვი იყოს მშვიდად და თავი შეძლებისდაგვარად ნაკლებად ამოძრაოს. 

  • არსებობს გზის ავადმყოფობის სამაჯური, რომელიც ითვლება, რომ პირღებინებას ხელს უშლის მაჯაზე შესაბამის წერტილებზე ზემოქმედებით. სამეცნიერო მტკიცებულებები ამის თაობაზე, ჯერ არ არსებობს, მაგრამ ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ეს მათ შველის. თუ თქვენს შვილს ეტყვით, რომ ეს სამაჯური ამის დაძლევაში დაეხმარება, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ის ბავშვის ასაკს შეესაბამება.  

თუ მიუხედავად ყველა მცდელობისა, ბავშვმა მაინც აღებინა, მიეცით წყალი გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად. 

არსებობს წამალი, რომელიც გაამარტივებს გრძელ გზას?

ბავშვებისთვის 2 წლის ზემოთ არსებობს ღებინების საწინააღმდეგო წამლები საღეჭი ტაბლეტების ან თხევადი ფორმით. აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან, სანამ ბავშვს დაალევინებთ. ამ მედიკამენტების გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ძილიანობა ან აგზნებადობა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა. 

ყოველი შემთხვევისთვის, მანქანაში გქონდეთ სველი ნაჭრები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი ბავშვისთვის. 

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5