Skip to content Skip to sidebar Skip to footer

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა, რომელიც ეძღვნება არტერიული წნევის შემოწმების მნიშვნელობის ხაზგასმას და ცნობიერების ამაღლებას 1 მილიარდი ადამიანისათვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი წნევით მთელს მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის, ანუ  ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმევა, როდესაც ადამიანის სისტოლური (ზედა) წნევა  მუდმივად აღემატება 140 mm Hg-ს და/ან დიასტოლური (ქვედა) წნევა მუდმივად 90 mm Hg-ის ზემოთაა.

არტერიული ჰიპერტენზია  არის გულის დაავადების, ინსულტის, თირკმლის გართულებებისა და ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთ რისკფაქტორი. მას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ ამის შესახებ არც კი იცის.  საბედნიეროდ, მისი თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია არტერიული წნევის რეგულარული შემოწმებით და მკურნალობით. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პრობლემისკენ ყურადღების მიმართვა, რადგან  პანდემიის დროს, 2 წლის განმავლობაში ადამიანები თავს არიდებდნენ კლინიკაში ვიზიტს და ვერ იღებდნენ შესაბამის მკურნალობას.  

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის 2023 წლის თემაა: „გაიზომე წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს“. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს ჰიპერტენზიის დაბალი ინფორმირებულობის მაჩვენებელზე მთელს მსოფლიოში, არტერიული წნევის ზუსტი გაზომვის მეთოდების პოპულარიზაციის გზებზე და ხაზი გაუსვეს ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესების მნიშვნელობას ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჰიპერტენზიის თავიდან ასარიდებლად:

  • შეამცირეთ მარილის მიღება (5გრ-ზე ნაკლები დღეში);
  • მიიღეთ მეტი ხილ-ბოსტნეული;
  • შეამცირეთ  ნაჯერი  ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება;
  • შეზღუდეთ ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების მიღება;
  • დაიტვირთეთ ფიზიკურად რეგულარულად;
  • უარი თქვით მოწევაზე;
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5