ექიმები ერთხმად ამბობენ,რომ ფიზიკური აქტიურობის შემამცირებელი და უმოძრაობის ანუ ჰიპოდინამიის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ეკრანთან გატარებული დრო. მედიკოსები მშობლებს პირდაპირ მიუთითებენ: თუ ბავშვი ეკრანთან ბევრ დროს ატარებს დღის განმავლობაში, ეს ამცირებს მის ფიზიკურ აქტივობას, ხოლო ჰიპოდინამიას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს. როგორი ლიმიტი უნდა დააწესოს მშობელმა საეკრანო დროსთან დაკავშირებით და რა უნდა შეცვალონ პანდემიის შემდეგ მშობლებმა ცხოვრების წესში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჩხაიძე გვპასუხობს.
როგორია უახლესი რეკომენდაციები ბავშვებში ეკრანების მოხმარებასთან დაკავშირებით?
დღეს მედია ყველგანაა. ტელევიზია, ინტერნეტი, კომპიუტერი და ვიდეო-თამაშები ჩვენი ბავშვების ყურადღების ცენტრშია. არის მონაცემები, რომ დღევანდელი ბავშვები საშუალოდ შვიდ საათს ატარებენ გასართობ მედიასთან, მათ შორისაა ტელევიზორები, კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. იმისათვის, რომ ბავშვებს დაეხმარონ გონივრული არჩევანის გაკეთებაში, მშობლებმა უნდა შეიმუშაონ მედიის გამოყენების საოჯახო გეგმა ყველასთვის, ვინც ოჯახშია, სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ამერიკის პედიატრიის აკადემიის განახლებული რეკომენდაციები, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა დრო შეიძლება დაჰყოს ბავშვმა ეკრანთან. წინა რეკომენდაციებთან შედარებით ამერიკის პედიატრიის აკადემიამ კიდევ უფრო შეამცირა ეკრანისთვის განსაზღვრული დრო. კერძოდ: ორ წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანთან საერთოდ არც ერთ წუთს არ უნდა ატარებდნენ. ამ ასაკის ბავშვებს სჭირდებათ პირდაპირი, სოციალური ურთიერთქმედება მშობლებთან და აღმზრდელებთან, რათა განავითარონ მათი შემეცნებითი, ენობრივი, მოტორული და სოციალურ-ემოციური უნარები. არასრულფასოვანი მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის შესაძლებლობის გამო, ამ ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ისწავლონ ტრადიციული ციფრული მედიის საშუალებით, ისე, როგორც ისინი სწავლობენ მშობლებთან და აღმზრდელებთან ურთიერთობის შემთხვევაში. ერთადერთი გამონაკლისი, რაც ამ ასაკში არის დაშვებული, ეხება რამდენიმე წუთიან ე.წ. ვიდეო–ჩატს (მაგალითად, სკაიპი, FaceTime, მესენჯერი), როგორც ინტერაქტიული ურთიერთობის მედია-ფორმას, რაც ხელს უწყობს ნათესავებთან სოციალურ კავშირს.
სამწუხაროდ, ბევრი დედა მობილურ ტელეფონს იყენებს ბავშვის დასაწყნარებლად, ძუძუთი კვების დროსაც კი და კვების პროცესში ბავშვი არის ეკრანთან მიჯაჭვული. ძუძუთი კვების დროს ბავშვთან უშუალო კავშირი, თვალითვალთან კონტაქტია საჭირო და ეს აუცილებელი კომპონენტია ბავშვის ტვინის განვითარებისთვის. თუ ძუძუთი კვების დროს დედა მზერით, ინტერაქციულ კონტაქტს ჩაანაცვლებს მობილურის ეკრანით, ეს ნეგატიურად აისახება ბავშვის მომავალ განვითარებაზე.
რა რეკომენდაციები არის მოწოდებული საეკრანო დროსთან დაკავშირებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით?
ორი წლიდან 5 წლამდე ასაკში ერთი საათია დღეში განსაზღვრული. ეს არის ის დრო, რომელიც შეგიძლიათ მაქსიმუმ გამოჰყოთ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამ დროსაც მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ ის მედია-პროდუქტი, რაც ბავშვმა უნდა ნახოს ერთი საათის განმავლობაში. შეარჩიეთ მედია, რომლებიც ინტერაქტიული, არაძალადობრივი, საგანმანათლებლო და პროსოციალურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში.
6 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში აქ უკვე მკაფიო და მკაცრი რეკომენდაცია დროსთან დაკავშირებით არ არის, ოღონდ აქ არის ერთი რეკომენდაცია, რომელიც ძალიან საინტერესოა: ”ეცადეთ სახლში გამოჰყოთ ციფრული მედიისაგან თავისუფალი გარემო”. ასეთი გარემო უნდა იყოს, მაგალითად, ბავშვის საძინებელი. არცერთ შემთხვევაში ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს ნოუთბუქი, სმარტფონი ან სხვა სახის გაჯეტი, რადგან მშობელი ამ დროს ვერ გააკონტროლებს ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებულ დროს და ვერც ვიდეო-მასალის შემადგენლობას.
პანდემიის პერიოდში ეკრანების მოხმარება გაიზარდა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ბავშვების უმოძრაობის პრობლემა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დადგა დღის წესრიგში…
საქართველოში, და არა მარტო, ახლა ძალიან ნაცნობი გახდა სიტყვა “პანდემია”. ის თემები კი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რამდენიმე წლის წინ შეფასდა როგორც „ჰიპოდინამიის პანდემია“ მსოფლიოში: ჟურნალში Lancet აღინიშნა, რომ ფიზიკური აქტიურობის შემცირება დღეისათვის მსოფლიოს ბავშვების 80%-ს აღენიშნება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში. ტერმინი “პანდემია” რამდენიმე წლის წინ გამოყენებული იყო სწორედ ჰიპოდინამიის კონტექსტში, მსოფლიოში არსებული სიტუაციის შესაფასებლად, დღესდღეობით კი, ჰიპოდინამიის და უმოძრაობის პანდემია კიდევ უფრო რეალურია. ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა უფრო ყოვლისმომცველი გახდა კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო. ამ პერიოდში ყველა მშობელმა კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიაზროს, რომ ჰიპოდინამიის პრობლემა არ არის მხოლოდ წონის მატება, არამედ ის მრავალი დაავადების რისკსაც ზრდის, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ონკოლოგიური პათოლოგია. ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტიურობა დადებითად მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე, დასწავლის პროცესზე, ამცირებს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომის სიმპტომების გამოვლინების ხარისხს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, აგრესიული ქცევა, სოციალიზაციის პრობლემები, აწესრიგებს ძილს. პანდემიის პერიოდი დამთავრდება და მშობლებს ამ პერიოდმა უნდა მისცეს სტიმული შეცვალონ ბავშვების ცხოვრების წესი. ვერცერთი ბავშვი, თავისით ვერ განსაზღვრავს რამდენი დრო უნდა გაატაროს მონიტორთან, რამდენი დრო უნდა გაატაროს ეზოში – ეს უნდა იყოს მშობლების მიერ მკაცრად რეგლამენტირებული და მშობლების მიერ ხელშეწყობილი.
რას ურჩევდით მშობლებს?
მშობლებმა თავად უნდა მისცენ ამ ყველაფრის მაგალითი ციფრულ მედიასთან ურთიერთობის გარკვეული ლიმიტირებით და, ასევე, ფიზიკური აქტიურობის თვალსაზრისით. იზოლაციის პერიოდმა აუცილებლად უნდა შეცვალოს მშობლების წარმოდგენა ბავშვის ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. ოჯახური შეკრების დროს აუცილებლად უნდა გქონდეთ ერთმანეთთან უშუალო ვერბალური და ვიზუალური კონტაქტი, ბავშვთან ურთიერთობისთვის და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოიყენეთ პირდაპირი კომუნიკაცია და ინტერაქციულობა, ხელი შუწყვეთ თქვენი შვილის ფიზიკურ აქტიურობას.