პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.
ზოგადად, რომელია საუკეთესო კონტრაცეფცია?
არ არსებობს “საუკეთესო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება”, მხოლოდ ის, რომელიც ინდივიდუალურად გერგებათ არის საუკეთესო. კონტრაცეფციისგან ყველა ქალი განსხვავებულ სარგებელს ეძებს, იქნება ეს არაჰორმონული მეთოდების პრიორიტეტიზაცია თუ მეთოდის, რომელიც სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს, ან შეიძლება სურს მეთოდის გამოყენება, რომელზეც ყოველდღე ფიქრი არ მოუწევს.
და მაინც, რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეფცია?
რა თქმა უნდა, არ არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი რისკების გარეშე, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კონტრაცეფციასა და დაუგეგმავ ორსულობას შორის, ავწონ-დავწონოთ სარგებელსა და რისკებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტზეა, მისთვის ყველა რისკის, წინააღმდეგჩვენებების და სარგებლის ახსნის შემდეგ ჩვენ მას ვურჩევთ “Tailor Made” მეთოდს.
ყველაზე ეფექტური კონტრაცეპტივებია:
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს 100%-იანი ეფექტურობის კონტრაცეფცია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც 99-98%-ით გვიცავს.
გვესაუბრეთ რა ტიპის ჰორმონული კონტრაცეპტივები არსებობს, როგორია მათი მოქმედების მექანიზმი და რა გვერდითი ეფექტები აქვს ამ ტიპის კონტრაცეპტივებს?
ჰორმონული კონტრაცეპტივები ორსულობის პრევენციისთვის შეიცავს ესტროგენის და პროგესტინის ანალოგებს. კონტრაცეპტივების ეფექტი განპირობებულია ჰიპოთალამუსზე უარყოფითი უკუკავშირის ეფექტით, რაც გამოიწვევს ჰიპოფიზიდან ფმჰ (FSH) და მჰ (LH) ჰორმონების გამოყოფის შემცირებას. LH-ის (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) გადმოტყორცნის გარეშე ოვულაცია არ მოხდება. პროგესტინებიც ხელს უშლის იმპლანტაციას (ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვა), საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებით, ფალოპის მილების მოძრაობის უნარის დაქვეითებით და ენდომეტრიუმის პროლიფერაციის (საშვილოსნოს შიდა შრის უჯრედების გამრავლება) შენელებით.
ჰორმონული კონტრაცეპტივებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული?
ორალური კონტრაცეპტივები ჰორმონული კონტრაცეპტივების ყველაზე გავრცელებული სახეა, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ფორმებიც: დასაკრავები (ე.წ. „პატჩები“), ინიექციები და იმპლანტები.
კომბინირებულ მონოფაზურ ორალურ კონტრაცეპტივებში ესტროგენის და პროგესტინის დონე ყველა აბში ერთნაირია, როცა კომბინირებულ მულტიფაზურებში პირიქით დოზები იცვლება 1 ციკლის მანძილზე. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ჰორმონულ კონტრაცეპტივს ნიშნავს და გიცვლით ექიმი.
სახეობა | აღწერა | ორსულობის სტატისტიკა პირველი წლის გამოყენების მანძილზე (ფრჩხილებში იდეალური გამოყენების შემთხვევაში) | დანიშვნის ჩვენებები |
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი | შექცევადი კონტრაცეპტივია, შეიცავს პროგესტინს და ესტროგენს. არსებობს: მონოფაზური და მულტიფაზური. | 7%( <1%) | კონტრაცეფცია. ჰიპერანდროგენიზმი (აკნე, ჰირსუტიზმი). მენსტრუალური ციკლის დაავადებები (მენორაგია,დისმენორეა). ენდომეტრიოზის და ლეიომიომების სიმპტომების კონტროლი. |
პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტიული აბები (მინიპილი) | შექცევადი ორალური კონტრაცეპტივი, შეიცავს ნორეთინდრონის მცირე დოზას. | 7%( <1%) | კონტრაცეპტივი ქალებისთვის, ვისთვისაც ორალური კონტრაცეპტივები წინააღმდეგნაჩვენებია. |
დასაკრავი (პატჩი) | პატჩის დაკვრის ადგილები ვარირებს (მკლავი, მუცელი, დუნდულები, ტორსის ზედა ნაწილი). შექცევადია, ის უზრუნველყოფს ესტროგენის და პროგესტინის შენარჩუნებადი მცირე დოზების გამოყოფას. | 7%( <1%) | პატჩები ისევე ეფექტურია, როგორც ორალური კონტრაცეპტივები. მხოლოდ მოითხოვს დაკვრას კვირაში ერთხელ. გააჩნია ორალური კონტრაცეპტივების მსგავსი ჩვენებები. |
ვაგინალური რგოლი | რგოლი თავსდება ვაგინაში 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ ვიღებთ და ჰორმონთავისუფალი კვირის შემდეგ იდგმება ახალი. შექცევადია, მოქნილია, შეიცავს ეთინილ ესტრადიოლს და ეტონოგესტრელს. | 7% ( 0.3%) | იგივე ჩვენებები აქვს, რაც ორალურ კონტრაცეპტივებს |
პროგესტინები ინიექციის სახით | დეპო მედროქსიპროგესტერონ აცეტატი (DMPA) პროგესტინის შემცველი ხანგრძლივმოქმედი კონტრაცეპტივია | 4%(0.2%) | ხანგრძლივმოქმედი და შექცევადია. ენიშნება იმ ქალებს, რომლებსაც გააჩნიათ წინააღმდეგჩვენება ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებზე. მოქნილია ქალებისთვის, რომლებსაც ავიწყდებათ ყოველდღიურად კონტრაცეფციული აბების მიღება. |
პროგესტინის შემცველი საშვილოსნოს შიდა საშუალება („სპირალი“) | მოითხოვს შეცვლას 3-5 წელიწადში ერთხელ (დამოკიდებულია მოწყობილობის სახეობაზე) | 0.7%(0.5%) | ხანგრძლივმოქმედი და შექცევადი კონტრაცეფცია |
კანქვეშა პროგესტინული იმპლანტები | იმპლანტი (მოქნილი პლასტმასის მინიატიურული ნაჭერი), ჩვეულებრივ ფიქსირდება კანქვეშ ზედა კიდურზე და იცვლება 3 წელიწადში ერთხელ. | 0.1% | ხანგრძლივმოქმედი და შექცევადი კონტრაცეფცია |
საშვილოსნოს შიდა საშუალებები – ე.წ „სპირალი“
- მცირე ზომის T-ს ფორმის, ორსულობის პრევენციისთვის იდგმება საშვილოსნოში;
- მსოფლიოში არსებობს ორი ფორმით: ჰორმონის არშემცველი სპილენძის „სპირალი“ და ჰორმონის შემცველი„სპირალი“ (პროგესტოგენები);
- საშვილოსნოში ისმება ექიმის მიერ სწრაფი სამედიცინო პროცედურის საშუალებით;
- საშვილოსნოში ჩასმამდე უნდა გამოვრიცხოთ ორსულობა და სქესობრივად გადამდები დაავადებები.
როგორია საშვილოსნოს შიდა სპილენძის „სპირალის“ მოქმედების მექანიზმი?
- ადგილობრივად წარმოქმნის ინფლამაციურ რეაქციას – რაც ახდენს ფერტილიზაციის (ნაყოფიერება) და იმპლანტაციის (ჩანერგვა) პრევენციას;
- სპილენძი ხელს უშლის სპერმის და კვერცხუჯრედის ფუნქციონირებას;
- 99%-ით ეფექტურია ორსულობის პრევენციისთვის;
- ყველაზე ეფექტური გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდია;
- უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედ შექცევად კონტრაცეფციას: კონტრაცეფციული აქტივობა გრძელდება დაახლოებით 12 წელი თუ ისევ იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ჩადგმისას მდებარეობდა.
პროგესტინული „სპირალი“ – პროგესტინის (ლევონორგესტრელ-გამომყოფი) გამომყოფი კონტრაცეფციული მოწყობილობა, რომელიც თავსდება საშვილოსნოს ღრუში.
მოქმედების მექანიზმი:
- ლოკალურად წარმოქმნის ინფლამაციურ რეაქციას, რაც ახდენს ფერტილიზაციის (ნაყოფიერება) და იმპლანტაციის (ჩანერგვა) პრევენციას;
- ხელს უშლის სპერმატოზოიდების ფუნქციას და გადაადგილებას;
- ≥ 99%-ით ეფექტურია ორსულობის პრევენციისთვის;
- უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედ შექცევად კონტრაცეფციას: კონტრაცეფციული აქტივობა გრძელდება დაახლოებით 5 წელი, თუ ისევ იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ჩადგმისას მდებარეობდა.
- სპილენძის საშვილოსნოს შიდა საშუალებასთან შედარებით ახასიათებს ნაკლები მენსტრუალური სისხლდენა ან ამენორეა.
რა ტიპის გვერდითი ეფექტები ახლავს ამ ტიპის კონტრაცეფციას?
- ანომალიური სისხლდენა საშვილოსნოდან და/ან მენსტრუალური ცვლილებები;
- დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია);
- ჩადგმის შემდგომი ტკივილი მენჯის არეში;
- საშვილოსნოს პერფორაცია (გახვრეტა).
რა წინააღდეგჩვენებები (როდის არ ინიშნება) ახასიათებს?
- აქტიური მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება;
- არსებული ორსულობა ან ეჭვი ორსულობაზე;
- საშვილოსნოს ანატომიური ანომალიები (არასტანდარტული ფორმის საშვილოსნო);
- გესტაციური ტროფობლასტის დაავადება;
- საშვილოსნოს ყელის ან ენდომეტრიუმის კიბოსწინარე დაავადებები ან კარცინომა;
- სქესობრივი გზით გადამდები სიმპტომებით გამოხატული დაავადებები ბოლო 3 თვის მანძილზე;
- ვილსონის დაავადება, ალერგია სპილენძზე (სპილენძის სპირალი);
- ძუძუს კიბო (პროგესტინული სპირალი).
გვესაუბრეთ ე.წ. ემერჯენსი (გადაუდებელი) კონტრაცეფციის შესახებაც. როგორ მოქმედებს და რა ვადაში ხდება მისი გამოყენება?
გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 5 დღის განმავლობაში ან არაეფექტური კონტრაცეფციის დროს (კონდომის გახევა, ორალური კონტრაცეპტივის აბების გამოტოვება).
- გადაუდებელი კონტრაცეფცია რეკომენდებულია ინდივიდებისთვის, ვისაც ჰქონდა დაუცველი სქესობრივი აქტი და არ სურთ ორსულობა (ის ასევე უნდა შევთავაზოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს);
- ექიმი ინდივიდუალურად გირჩევთ გადაუდებელი კონტრაცეფციის საუკეთესო საშუალებას.
გადაუდებელი კონტრაცეფციის მიღება დამოკიდებულია:
- სამედიცინო კონდინციებზე (კარდიოვასკულარული დაავადებები, შაკიკი, ღვიძლის დაავადება, ჭარბწონიანობა);
- ხანგრლივმოქმედი კონტრაცეფციის სურვილზე.
გადაუდებელი კონტრაცეფცია უნდა მივიღოთ მაქსიმალურად სწრაფად, რათა იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტურად!
მეთოდი | ეფექტურობა | მიღების დრო – დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ |
სპილენძის „სპირალი“ | ≥ 99%, ყველაზე ეფექტური გადაუდებელი კონტრაცეფცია | 5 დღის განმავლობაში |
ჰორმონული „სპირალი“ | ≥ 99% | 5 დღის განმავლობაში |
ანტიპროგესტინები (ულიპრისტალ აცეტატი) | ~ 99% | 3 დღის განმავლობაში |
პროგესტინები (ლევონორგესტრელი) | ~ 99% | 3 დღის განმავლობაში |
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (იუზპე რეჟიმი) | ~ 99% | 3 დღის განმავლობაში |
ჰორმონული კონტრაცეპტივები არ მიიღოთ თვითნებურად, რადგან თითოეულს გააჩნია მათი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ მათ გირჩევთ ექიმი.
100 ადამიანიდან იდეალური გამოყენების შემთხვევაში ორსულობის რაოდენობა (პერლის ინდექსი) და არც ისე სწორად გამოყენებისას ორსულობების რიცხვი განსხვავდება ხოლმე და მოცემულია ცხრილში.