Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

თითქმის ყველა დედას სურს იყოს საუკეთესო შვილისთვის, მისცეს ყველაფერი მას და ცდილობს იყოს იდეალური. რ მოიაზრება იდეალურ დედობაში, როგორია იდეალური დედის სახე და სტანდარტი და რეალურად როგორი დედა სჭირდება ბავშვს?

სიტყვა “იდეალური” როდესაც მესმის ადამიანთან მიმართებაში, უკვე ძალიან ვნერვიულობ, რადგან წარმოუდგენლად დიდი წნეხია, რომელიც შეიძლება ადამიანს დააკისრო. იდეალური ადამიანი გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს  შეუცდომელი, აკეთებდეს ყველაფრის მაქსიმუმს  და ეს თავისთავად წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვუშვებთ შეცდომებს. შეიძლება რაღაც არ ან ვერ გამოგვივიდეს.  ეს წნეხი და დაწესებული სტანდარტი განსაკუთრებით ვრცელდება ქალებზე, დედებზე და უფრო მეტად ამძიმებს და ართულებს მშობლის ფუნქციას. ჩემთვის მშობლობა არის როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ შენზე დამოკიდებულ ადამიანს ანუ ბავშვს ამ შემთხვევაში  მაქსიმალურად ყველა საჭიროება დაუკმაყოფილო და აქციო დამოუკიდებელ პიროვნებად. ხშირად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იდეალურ დედაზე, ძალიან საინტერესო ფენომენი მოდის. ყველაზე მეტი შეცდომა შეიძლება დაუშვას ადამიანმა, რომელიც მიისწრაფვის იდეალურობისკენ, იმიტომ რომ ხშირად ჩარჩოში ჩასმული ხედავს ძალიან ვიწრო პრიზმიდან, თავის თავსაც, თავის ქმედებასაც, სამყაროსაც და ამ დროს გამორჩება, რეალურად რა სურს ბავშვს და რა სჭირდება. საზოგადოებაში არსებობს ასეთი განწყობა, რომ დედამ უნდა იცოდეს ყველაფერი, დედამ უნდა გათვალოს ყველაფერი, დედა უნდა იყოს ყველაფერში სწორი და თუ ამ კუთხით აღიქვამს ადამიანი და ფიქრობს, რომ არის იდეალური დედა, მაშინ შანსი იმისა, რომ ძალიან ბევრი რაღაც სწორად ვერ გააკეთო, ძალიან მაღალია. 

საინტერესოა, რა სურს ბავშვს, რა სჭირდება მას, როგორი მშობელი სჭირდება?

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ იდეალური მშობლები არიან, თუ ბავშვს ყველანაირ მატერიალურ საჭიროებას დაუკმაყოფილებენ – ყველანაირი სათამაშო, წიგნი, კარგი ტანსაცმელი, პლანშეტი, მობილური და ა.შ. და მეორე მომენტია რას გრძნობს ბავშვი, აი ამ შეკითხვის დასმა. თუ კი ეს შეკითხვა ისმევა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს და იყოს დანახული დედასა და შვილს შორის ან მამა-შვილს შორის ურთიერთობაში. პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამ იდეალისტურ პარადიგმას მარტო დედაზე ავლებს და არა მამაზე, თითქოს მამას ყველაფერი ეპატიება და მამის ფუნქცია მხოლოდ ის არის, რომ “კარგი შემომტანი” იყოს ოჯახში. მართალია ეს დამოკიდებულება ბოლო დროს ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება და მამებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას შვილის აღზრდაში, მაგრამ როდესაც საზოგადოება ხედავს რომ მამა ასეირნებს ბავშვს, ბავშვი სადღაც დაჰყავს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მამა გახდეს “იდეალური“ და ამის მიღწევა მამებისთვის არის უფრო მარტივი.  მაგრამ, დედისგან ითხოვენ რომ მან აუცილებლად უნდა გამოყოს ძალიან დიდი დრო ბავშვისთვის და თუ კი რამე შეცდომას უშვებს ბავშვი, დედაა დამნაშავე, რომ დედამ “ვერ გაზარდა”, რომ დედამ ვერ გათვალა და ეს ძალიან დიდი წნეხია, რომელსაც ქალები საკუთარ თავზე ვიღებთ და არც ვსვამთ კითხვას “რატომ?” მინდა მე ამ წნეხში ყოფნა? მჭირდება კი საერთოდ ვიყო იდეალური ან იქნებ ვიყო საკმარისად კარგი დედა, რომელიც გულისხმობს რომ არ დავთმო ჩემი ადამიანური ნაწილი, ჩემი სხვა იდენტობები არ დავივიწყო, რადგან ქალი ხომ არ არის მხოლოდ დედა, ის არის შვილი, ცოლი, მეგობარი, და, თანამშრომელი, პროფესიონალი და ძალიან ბევრი რამ არის, გარდა დედობისა. იმისთვის, რომ დედა, ქალი იყოს ჰარმონიაში სხვა იდენტობებსაც უნდა ხედავდეს და უნდა გრძნობდეს და ეს არ უნდა იყოს მისი  ერთადერთი იდენტობა. როდესაც დედა ასეთ მდგომარეობაშია, ამას ბავშვები გრძნობენ, თუ ქალი მხოლოდ საკუთარი დედობით არის მოცული (შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს და ბევრისთვის ეს იყოს მიუღებელი და ეტკინოთ) მაგრამ, ასეა, მე – დედა უნდა ვრეალიზდებოდე და არც იმას უარვყოფ, რომ შეიძლება პირველ რიგში დედობით ვრეალიზდებოდე, მაგრამ როდესაც ქალი წნეხშია, მას  რეალიზაციის საშუალება არ აქვს და პერმანენტულად გრძნობს, რომ თუ კი რამე შეეშლება კატასტროფა მოხდება, გამოუსწორებელი შეცდომა იქნება და ამას არ აპატიებენ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემთან მოსული კლიენტი საკუთარ თავს იდანაშაულებდა იმაში, რომ მისი შვილი სკოლიდან იპარება, ან რომ კარგად არ სწავლობდა,თითქოს მარტო ერთადერთი ადამიანი არის დედა შვილის ცხოვრებაში, რომელიც ან არის დამნაშავე ან არის იდეალური. ასეთ დროს სხვა გარემოებები უგულებელყოფილია. შეიძლება ბავშვი იმიტომ არ სწავლობს, რომ არ მოსწონს იმ სკოლაში ყოფნა ან ისეთ საზოგადოებაშია და ისეთ გარემოშია, სადაც სხვა ინტერესებია; ან შეიძლება პროტესტი მხოლოდ დედის მიმართ კი არაა, მამაზეც ჰქონდეს, ან ბებიაზე, ბაბუაზე და ა.შ. პატრიარქალურ გარემოში ძალიან დიდი წნეხი მოდის ქალზე, დედაზე და ამ წნეხს ჩვენ ქალები ჩვენს თავზე ვიღებთ, ისე რომ საერთოდ კრიტიკულ შეკითხვებს არ ვსვამთ. რა მინდა მე ჩემი შვილისთვის და რა სურს მას? როდესაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა გასცეს ამ კითხვებს პასუხი, როდესაც ბავშვს აქ შესაძლებლობა ესაუბროს დედას და იყოს მასთან კონტაქტში, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ერთად მშობელმა გაარკვიოს რა არის მისი წამყვანი საჭიროებები.  ამ დროს არ ვგულისხმობ იმ ფუნდამენტურ საჭიროებებს, როგორიც არის ბავშვის სრულფასოვანი კვება და ა.შ.  რაც საჭიროა მისი ჯანსაღი განვითარებისთვის და არ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაც გულისხმობს ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფას, ძალადობას და ა.შ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ “მე უკეთ ვიცი” პოზიცია ხშირად მავნეა და დამაზიანებელია ბავშვისთვის. მართალია, მე უკეთ ვიცი ბევრი რამე, მაგრამ შემიძლია ვიყო ბავშვთან კონტაქტში და ვკითხო ბავშვს, მივცე არჩევანის საშუალება, მივცე სივრცე განვითარებისთვის, არ ვიყო ე.წ. “ჰელიკოპტერი” მშობელი, რომელიც ამ ბავშვსაც წნეხავს მისი იდეალებიდან გამომდინარე, რომელიც ბავშვს ხშირად ადარებს სხვა ბავშვებს “ის უკეთესად რაღაცას აკეთებს”, ამით მშობელი მისი შვილის ინდივიდს უარყოფს, ბავშვის ინდივიდუალიზმს უარყოფს და ვის ვზრდით, ანუ მშობლის სცენარს ვზრდით თუ ჩვენ რეალურ ადამიანს ვხედავთ, უკვე ბუნდოვანი ხდება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5