პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ვკითხეთ, რა კითხვებს უსვამდნენ მშობლები ყველაზე ხშირად პანდემიის პერიოდში. ინტერვიუში წაიკითხავთ პედიატრის მოსაზრებებს მშობლებისთვის აქტუალურ თემებზე და იმ კითხვებზე, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ.
ბავშვები და კორონავირუსი
ბავშვები ნაკლებად მოწყვლადი ჯგუფია SARS COV2 და ბავშვებთან მიმართებაში შედარებით დამზოგავია ეს ვირუსი. ბავშვები ხდებიან ავად კორონავირუსით, მაგრამ მათში შედარებით მარტივად მიმდინარეობს ეს პროცესი და სერიოზულ გართულებას არ იწვევს. შესაბამისად, ინტენსიურ თერაპიაში მათი მოთავსება ფაქტობრივად არ გვიწევს.
ბავშვები და D ვიტამინი
მშობლები ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა გაიყვანონ ბავშვები გარეთ და პასუხი ასეთია: შეიძლება, მითუმეტეს მზიან დღეებში, იმიტომ რომ საჭიროა მათი გარეთ გაყვანა. მზის მეშვეობით მათ კანში გამომუშავდება D ვიტამინი, რომელიც აუცილებელია. იზოლაციის პირობებში ყველა ბავშვი, პედიატრის დანიშნულებით დამატებით ღებულობს D ვიტამინს და ორ წლამდე ბავშვი კი უწყვეტად უნდა იღებდეს D ვიტამინს, ხოლო ორი წლის შემდეგ სეზონურად ბავშვები უნდა ღებულობდნენ D ვიტამინს. ხშირ შემთხვევაში D ვიტამინის დოზაც კი გავაორმაგეთ, რადგან ბავშვები უწყვეტად იყვნენ სახლში და როდესაც ბავშვებს მზე არ ხვდებოდათ, განსაკუთრებით იგრძნობოდა ნაკლოვანება. ჩივილები კი ასეთია: მომატებული ოფლიანობა, უძილობა, დამახასიათებელი მჟავე ოფლის სუნი, უმადობა, აგზნება და ეს ყველაფერი კლინიკურად უკავშირდება D ვიტამინის ნაკლოვანებას. ამავდროულად, მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვებს აუცილებლად ჰქონდეთ ბალანსირებული კვება, ცოტა-ცოტა ულუფებით, მაგრამ ყოველდღიურად აუცილებლად მიიღონ ხილი და ბოსტნეული, რომელიც მდიდარია ვიტამინებით.
ბავშვები და ეზოში სეირნობა
დღის განმავლობაში ბავშვები უკვე შეგვიძლია გავიყვანოთ ორი საათის განმავლობაში, დილით ათიდან 12-მდე და საღამოს 5-დან 7-მდე, მაგრამ აუცილებლად სოციალური დისტანცირებით და აუცილებლად ჰიგიენის ნორმების დაცვით, რომელიც თითოეულმა მშობელმა უნდა აიღოს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ქვეშ. ბავშვები არ უნდა შეეხონ ზედაპირებს, მიწაში არ უნდა აფათურონ ხელები, მერე ხელი არ უნდა წაიღონ პირისკენ, თვალისკენ და ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ მშობლებმა.
ბავშვები, ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარები
მშობლებს შეუძლიათ გარეთ ყოფნისას ბავშვებს გაუწმინდოს ხელები ჰიგიენური ხელსაწმენდით, გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება სადეზინფექციო ხსნარიც გამოიყენონ. თუმცა ბავშვებში სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება არ არის დაშვებული, იმიტომ რომ სპირტის შემცველია და ბავშვის კანიდან იოლად იწოვება ყველაფერი. ხშირად მისმა გამოყენებამ, შეიძლება გარკვეული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. რაც შეეხება ნიღბებს: ბავშვებში ნიღბების ტარება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის რეკომენდირებული სამ წლამდე, რადგან ნიღაბი ბავშვს ხელს უშლის სუნთქვაში და ის ხშირად წაიღებს ხელს ნიღბისკენ და შესაძლოა, პირიქით მოახდინოს დაბინძურება ცხვირ-ხახის არეში და ინფიცირების წყარო გახდეს. მოზრდილები კი უნდა ვიყოთ ნიღბებით.
ალერგიები და სხვა ვირუსები
კორონავირუსის პარალელურად უამრავი ვირუსია გააქტივებული. გააქტიურებულია ადენოვირუსული ინფექციები, რესპირატორული ინფექციები, წინა პლანზე წამოიწია ალერგიულმა დაავადებებმა, რადგან გაზაფხულია. მართალია, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გარეთ არ გადის და მცენარეების ყვავილობას ბავშვებს არიდებს, მაგრამ არსებობს კარშიდა ალერგენები, არსებობს ოთახის მტვერი, რომელიც ყველაზე დიდ სერიოზულ ალერგენს წარმოადგენს; ასევე: ოთახის ყვავილები, რბილი სათამაშოები, ხალიჩები, რომელიც უსათუოდ უნდა დავალაგოთ სველი წესით ორჯერ მაინც დღის განმავლობაში. ოთახის მტვერზე ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, რინორეის სახით ან ცხვირის გაჭედვა და ამან შეიძლება გამოიწვიოს მშობლების შიში, რომ ბავშვს დაეწყო ვირუსული ინფექცია.
მშობლები და თერმომეტრი
ამ პერიოდის განმავლობაში, მშობლები გამუდმებით უზომავენ ბავშვებს ტემპერატურას და ეს ძალიან ცუდია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ენდორფინული გადაცემა და ბავშვებს შესაძლოა ტემპერატურაც კი დაუფიქსირდეთ. იზოლაციის პერიოდში ტემპერატურა 37.5-მდე, თუ ბავშვს სხვა სიმპტომი არ აღენიშნება, არ არის საშიში და ეს ნორმალურ ტემპერატურად ითვლება. თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, დიარეა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი – ჩვენ არ უნდა შევშინდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსული ინფექცია და არ უნდა მივაკითხოთ ექიმს. ასეთ დროს, ჯობია ჯერ გავესაუბროთ ტელეფონით ექიმს, მოვუყვეთ სიმპტომების შესახებ და შემდეგ, პირადი ექიმი დააკვალიანებს მშობელს, როგორ უნდა მივხედოთ ვირუსულ ინფექციას.
ბავშვთა კვება
ექვს თვემდე ასაკის ბავშვები, მოგეხსენებათ რომ ყოველთვიურად უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პროფილაქტიკურ და პრევენციულ გასინჯვაზე. სადაც ხდება მათი ფიზიკური, ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასება და კვების კორექცია. თუ ბავშვს აქვს ნორმალური მატება წონაში და ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, ექვს თვემდე არავითარი საკვების დამატება არ სჭირდება. ექვსი თვიდან კი შეგვიძლია დავუმატოთ ბოსტნეულის და ბურღულის ფაფები და ხილფაფები. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ოთხ თვემდე არანაირი საკვების დამატება არ ხდება, ხოლო ოთხი თვიდან იწყება უკვე ხილის ფაფების დამატება, ბოსტნეულის ფაფის და ბურღულის ფაფის დამატება.
ჭიები ბავშვებში და კბილების კრაჭუნი ძილში
მშობლები ხშირად მეკითხებიან, რომ ბავშვს აქვს ძილში კბილების კრაჭუნი და აქვს ნერწყვის გადმოდენა. მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ ეს არ არის აუცილებლად ჭიის ინვაზია. კბილების კრაჭუნი ძალიან ხშირად შეიძლება დამოკიდებული იყოს ბავშვის ემოციურ ძილთან, განსაკუთრებით ღრმა ჩაძინების ფაზასთან. ნერწყვის გადმოდენა კი შეიძლება დამოკიდებული იყოს ბავშვის ცხვირ-ხახის პრობლემებთან. ბავშვები ხშირად ვერ სუნთქავენ ცხვირით, პირი აქვთ ღია და რადგან ყლაპვის ეფექტი ღამით ნელდება, შეიძლება გადმოედინოს ნერწყვი და დაასველოს ბალიში. მინდა ვთხოვო თითოეულ მშობელს, რომ არავითარ შემთხვევაში პრევენციულად, პროფილაქტიკის მიზნით, თვითნებურად არ მისცენ ჭიის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბავშვებს.