Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება განათლების ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნინო ნიკოლეიშვილი.

რა გამოწვევების წინაშე დგანან სსსმ მოსწავლეები? როგორ უნდა დავეხმაროთ სწავლის პროცესში? რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა მათი მხარდაჭერისას?

სტატუსი “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე” მოსწავლე  აღნიშნავს, რომ მოსწავლეს აქვს გარკვეული ბარიერ(ებ)ი სწავლის პროცესთან მიმართებაში. ის ვერ სძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს საგანში ან საგნებში და სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა სასწავლო პროცესში ჩართულობისათვის. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სკოლაში წასვლის წინ  მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტროს ბაზაზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს აქვს  სირთულეები სწავლების და სწავლის პროცესში და ისინი შეიძლება უკავშირდებოდეს არამხოლოდ მის აკადემიურ წარმატებას, არამედ მის სასკოლო ცხოვრებას, მის კომუნიკაციას და სოციალიზაციის პროცესს თავის თანატოლებთან და გარემოში. მოსწავლეს შესაძლოა ესაჭიროებოდეს მხარდაჭერა შემეცნებითი და აკადემიური უნარების გაუმჯობესების, ასევე ქცევითი და ემოციური სირთულეების მართვის მიმართულებით. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში მშობელმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო ადრე მიიღებს ბავშვი ნებისმიერ მომსახურებას, მით უფრო შედეგიანია ბავშვის სწავლის დაგეგმარება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. ეს  გულისხმობს ადრეულ ასაკშივე ბავშვის საჭიროების იდენტიფიცირებას, რაც  უფრო მეტად ახალისებს ბაღიდან სასკოლო სისტემაში ბავშვის წარმატებულ ტრანზიციას (გადასვლას). 

სასკოლო სისტემაში მოსწავლე იღებს საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლის, და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვა სპეციალისტების მომსახურებას. როგორიც შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, პერსონალური ასისტენტი თუ სხვა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე  სკოლაში მოსწავლისთვის ხდება საგნობრივი მასალის ადაპტირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. მოსწავლის წარმატებულ ინკლუზიას სასკოლო სისტემაში უზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი, რომელიც შედგება მშობლისა და სკოლის სპეციალისტებისგან.

გვესაუბრეთ მხარდაჭერის იმ სტრატეგიებზე, რომელიც შეიძლება მშობლებს გამოადგეთ, რათა უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი სსსმ მოსწავლეებს სწავლების პროცესში.

ბავშვის განვითარება ასაკობრივად განსხვავდება: არსებობს ტიპური განვითარება და ატიპური განვითარება. ტიპური განვითარების მიხედვით არსებობს განვითარების ნორმა და არსებობს შემთხვევები, როდესაც განვითარების ნორმას არ შეესაბამება რომელიმე ბავშვის განვითარება. მნიშვნელოვანია,მშობლებმა იცოდნენ, რაში მდგომარეობს სირთულე და რას მიაქციონ ყურადღება. 

მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება ბავშვის განვითარების თითოეულ სფეროს. შემეცნებითი უნარების განვითარებას აღქმა, მეხსიერება, ყურადღება. ჩვენ ვცდილობთ ბავშვს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, განივითაროს ის უნარები, რომელიც სჭირდება, რომ იყოს წარმატებული, სოციალიზებული და თვითმყოფადი თავის გარემოში. 

ას გულისხმობს თითოეული სფეროს უნარების განვითარება?

აღქმა არის მრავალმხრივი და სწავლასთან დაკავშირებით ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აღქმასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოცდილება. ადამიანს აქვს ხუთი შეგრძნების სისტემა და არსებობს სხვადასხვანაირი აღქმა: ვიზუალური აღქმა, ტაქტილური (შეხებითი) აღქმა, სმენითი, ყნოსვითი და გემოვნებითი აღქმა. ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა გააქტიუროს თითოეული აღქმის უნარი, რომ მრავალმხრივ განვითარდეს ბავშვის აღქმის სხვადასხვა ველი და ჰქონდეს მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალება. სწავლასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რომელი აღქმითი არხით მიწოდებული ინფორმაციაა ბავშვისთვის ეფექტიანი. მშობლისთვის შეიძლება საყურადღებო იყოს თუ  როგორ აღიქვამს მასალას ბავშვი, როგორ უფრო იმახსოვრებს, რადგან შეიძლება ბავშვს ჰქონდეს კარგი ვიზუალური ან სმენითი აღქმის უნარები, ძლიერი და განსხვავებული სუსტი მხარეები. ამიტომ მშობელმა უნდა აღმოაჩინოს  რომელია მისი შვილის ძლიერი მხარე, როდის არის უფრო სასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება მისთვის, როდის იმახსოვრებს უკეთესად და ა.შ. ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით სწავლის მომენტში აღქმა გადამწყვეტია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.  ბავშვი ჯერ აღიქვამს ინფორმაციას, შემდეგ იმახსოვრებს ეტაპობრივად, და საბოლოოდ აზროვნებით პროცესებში გადააქვს. 

ყურადღება მონაწილეობს ბავშვის ცხოვრების ყოველ ასპექტში, ისევე როგორც აღქმა. თუ მოსწავლეს მასწავლებლის მიერ შერჩეული ტექსტების, დავალებების შესრულება დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ეძნელება, თუ ტექსტზე უჭირს კონცენტრირება სასურველია მშობელმა მიიღოს რეკომენდაციები სპეციალისტისგან, რათა ყურადღების გავარჯიშება სწორად მოახდინოს. ყურადღებას აქვს მოცულობა, სისწრაფე, და მისი გამართულად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლე იყოს მშვიდად და წარმატებულად გაართვას თავი სწავლებასთან დაკავშირებულ პროცესს. თუ მოსწავლეს ყურადღების კონცენტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, მისთვის სწავლის პროცესი ხდება სტრესული, შფოთვა იმატებს, რადგან ის ვერ ახერხებს წარმატებულად გაართვას თავი გარემოს მოთხოვნებს სკოლასა თუ სახლში.

მშობელი ბავშვის მეხსიერების განვითარებას აკვირდება ადრეული განვითარების ასაკიდან, მას არ გაუჭირდება ამოიცნოს მეხსიერების სირთულეები. ბავშვის  ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს მეხსიერების მოცულობა. მეხსიერების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება იყოს გამოხატული,  თუ ბავშვი ვერ ახერხებს უახლოესი ინფორმაციის გახსენებას მაგალითად 5-10 წუთის შემდეგ, ხოლო მას შესაძლოა ხანგრძლივი მეხსიერების გავარჯიშებაში სჭირდებოდეს დახმარება, თუ ვერ აღიდგენს უფრო ადრინდელ მოვლენებს. მეხსიერება, ისევე როგორც ყურადღება, წვრთნადია და თუ გვინდა, რომ ბავშვმა ნებისმიერი ჩვევა, უნარი ისწავლოს – ამ უნარს მეხსიერებაში სჭირდება გამეორება, გაწვრთნა და გავარჯიშება. 

აზროვნება არის კომპლექსური პროცესი ბავშვისთვის და აერთიანებს ყველა ზემოთ განხილულ შემეცნებით პროცესს. თუ მოსწავლეს აქვს ყურადღების ან მეხსიერების სირთულეები, ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს აზროვნების უნარის განვითარებაში. თუ ბავშვი ვერ ახერხებს ინფორმაციაზე ყურადღების კონცენტრირებას, დამახსოვრებას და გახსენებას, რა თქმა უნდა, აზროვნებითი უნარების სტიმულაციასაც ეშლება ხელი.

ადრეულ ასაკში აზროვნებითი პროცესები ნაკლებად კომპლექსურია, მეტყველება საწყის ეტაპზეა, რთული წინადადებებით მეტყველება არ არის განვითარებული, აზროვნება 6 წლამდე ასაკში არ გულისხმობს აბსტრაქტულ აზროვნებას, უფრო მაღალფარდოვანი ცნებების გაგების უნარს. აზროვნების უნარი ბავშვობიდანვე  აერთიანებს ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, მისი ანალიზისა და სინთეზის უნარებს. შესაბამისად აზროვნების განვითარებას ხელს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვით უნდა შევუწყოთ. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერისას მშობელმა მუდმივად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ემოციური მდგომარეობა. ხშირად ბავშვები სირთულეებიდან გამომდინარე ქცევითი სირთულეების საშუალებით ახდენენ საკუთარი განწყობების გამოხატვას.  ქცევითი და ემოციური სფეროს სირთულეების მოგვარება ასევე წარმატებით არის შესაძლებელი სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5