ცნობილი ექიმი-რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე “დედამიცისთან” საუბრობს ორსულებისთვის საჭირო ექოსკოპიური მეთვალყურეობის შესახებ.
რა ვადაზე უნდა ჩაუტარდეს პირველი ექოსკოპია ორსულს?
პირველად ორსულმა ექიმს უნდა მიმართოს მენსტრუაციის გადაცდენიდან მეექვსე ან მეშვიდე დღეს. ეს არის ვადა, როდესაც პირველად უნდა დადგინდეს ორსულობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვადაა, რომ გამოირიცხოს საშვილოსნოს გარე ორსულობა. პირველ ექოსკოპიურ კვლევაზე უნდა მოხდეს დიფერენციაცია იმისა, თუ სად არის სანაყოფე პარკი, საშვილოსნოს ღრუში თუ საშვილოსნოს გარეთ. საშვილონოს გარე ორსულობა არც ისე იშვიათია და თავის მიმდინარეობით არის ძალიან ვერაგი. სადიაგნოსტიკოდ არის ერთ-ერთი ურთულესი და ამიტომ მნიშვნელოვანია გადამოწმებული იქნეს ექსპერტული დონის სპეციალისტთან.
როდიდან ისმის ნაყოფის გულისცემა?
დადგენის შემდეგ მნიშვნელოვანია გულისცემის მოსმენა, რომელიც ჩემთვისაც და დედებისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ნაყოფის გულისცემა ისმის ორსულობის 5 კვირის ვადაზე, როდესაც ემბრიონი 2მმ-ია.
რა ვადაზე არის აუცილებელი ჩატარდეს ექოსკოპია ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის გამოსავლენად?
ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ექოსკოპია 12 კვირაზე. ამ ვადაზე აუცილებელია ექოსკოპიური კვლევის გაკეთება, რათა გამოვრიცხოთ ქრომოსომული პათოლოგიების მარკერები. ეს არის კისრის ნაკეცი, ცხვირის ძვალი. 12 კვირა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყოფნა-არ ყოფნა, იმიტომ რომ ამ ვადაზე თუ კი ვამბობთ, რომ უნდა გაგრძელდეს ორსულობა, ის ორსულობა უმეტესწილად, უნდა მივიდეს ბოლომდე კარგად. 12 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია, ორსულობის დადგენის შემდეგ.
რა შემთხვევებში არის უფრო მეტად საყურადღებო ორსულებში ექოსკოპიური მეთვალყურეობა?
ექოსკოპიური მეთვალყურეობა საჭირო არის ყველა ორსულთან და ჩემს მიერ ჩამოთვლილ ვადებზე. ეს არის არაინვაზიური მეთოდი, რომელსაც არ მოაქვს რაიმე ზიანი, და შეგვიძლია რუტინულად გამოვიყენოთ, თუ რაიმე საჭიროებაა, რომ გადავიდეთ რაღაც ჩარევებზე. ყველაზე უსაფრთხოდ, ყველაზე მარტივად და ხელმისაწვდომად მე ვთვლი ულტრაბგერით კვლევას.
რამდენად უსაფრთხოა ვაგინალური კვლევა ორსულებისთვის ?
დღემდე მხვდებიან პაციენტები, რომლებიც უარს ამბობენ ჩაიტარონ ვაგინალური გამოკვლევა, რადგან აქვთ შიში რომ მოეშლებათ ორსულობა. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ არავითარი მტკიცებითი მედიცინა ამას არ ადასტურებს, მეტსაც ვიტყვი, უარყოფს. როდესაც ვაგინალურ კვლევას ექიმი იყენებს, ე.ი. ის ეჭვობს, რომ რაღაც კარგად არ არის და ზუსტი გადამოწმება უნდა. ასეთ დროს, მუცლის მოშლა ვაგინალურ კვლევას ბრალდება, მაგრამ ასე არ არის, ნაყოფი ისედაც მოიშლებოდა. როდესაც, გულისცემა ზემოდან დათვალიერებით არ გამოჩნდა, უკვე ვიცი აღარ არის გულისცემა და შეწყვეტილია ორსულობა. ასეთ დროს ვამბობ, მაქსიმალური სიზუსტისთვის საჭიროა ვაგინალური კვლევა.
სქესის გაგება რომელ კვირაზე არის შესაძლებელი და ეუბნებით თუ არა მომავალ მშობლებს ნაყოფის სქესს?
ეს ძალიან აქტუალური თემაა. მოდის ქალბატონი 12 კვირის ორსული, პირველი ორსულობა აქვს და მოჰყვება მთელი სანათესაო და ყველა მოლოდინშია, რომ ბავშვს დაინახავენ. და რით შემიძლია გავამართლო მათთვის სქესის არ თქმა, ამას ჩემს კოლეგებს ვეკითხები. მე არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რომ ორსულს არ ვუთხრათ ნაყოფის სქესის შესახებ, თან ამას კანონი არ გვიკრძალავს, რეკომენდაციაა ასეთი. რადგან, ნაყოფის სრულფასოვან შეფასებაში, სქესის შესახებ ინფორმაციაც შედის, სასქესო ორგანოებიც უნდა იყოს შეფასებული. ნებისმიერ ორსულს 12 კვირაზე შეუძლია გაიგოს ნაყოფის სქესი, ოღონდ ექიმმა უნდა იცოდეს ნამდვილად, რას ამბობს. 12 კვირაზე მშობლებს შეუძლიათ გაიგონ სქესის შესახებ და განიცადონ ეს სიხარული და არა მარტო მათ. როდესაც ადამიანს 5 გოგო ყავს და ოთხი ბიჭი, რატომ უნდა დავუმალოთ მათ ნაყოფის სქესი. რას იზამს მოიშლის ნაყოფს?! მრავალშვილიანი ოჯახები ბევრია საქართველოში, რომელთაც გოგოც ჰყავთ და ბიჭიც და რატომ უნდა დავუმალოთ მათ სქესი? რატომ ვარღვევთ მათ უფლებებს?
რა არის ორსულობის პერიოდში ჩატარებული ექოსკოპიის მთავარი ამოცანები?
ორსულობის დროს ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს ჩვენ და ყველა უნდა იყოს გადაწყვეტილი. პირველი ამოცანაა – დადგინდეს ორსულობა სად არის, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ დადგეს საფრთხის ქვეშ. 12 კვირის ვადაზე გაკეთდეს სრულფასოვანი ექოსკოპიური კვლევა და განისაზღვროს ყველა ის მარკერი, გენეტიკური მარკერები, ანატომიური სრულფასოვნება ნაყოფის და მიეცეს ორსულს რეკომენდაცია გაგრძელდეს თუ შეწყდეს ორსულობა, თუ რაიმე მეთოდები იქნას ჩატარებული ნაყოფის სრულფასოვნების დასადასტურებლად. 16 კვირა, რაც განსაზღვრავს ბიომეტრიულ მონაცემებს, იზრდება თუ არა ნაყოფი ზუსტად იმ ვადებში, ანატომია როგორ ყალიბდება, ტვინის სტრუქტურები როგორ არის ჩამოყალიბებული, ცენტრალური ნერვული სისტემის განსაზღვრა ხდება.16 კვირაზე ორგანოგენეზი სრულად არის ჩამოყალიბებული და დინამიკაში ვიკვლევთ პლაცენტას, სანაყოფო წყლებს და ნაყოფის ანატომიას. შემდეგი კვლევა 20-დან 22-კვირამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, რა დროსაც სრულფასოვნად ხდება ნაყოფის შეფასება – ძირფესვიანად ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის , საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება როგორ მიმდინარეობს. პლაცენტა, პროვიზორული ორგანოების კონტროლი, სანაყოფო წყლების, ცერვიკალური არხი და საშვილოსნოს ყელი – ყველა კვლევაზე უნდა იყოს შემოწმებული, ხომ არ არის ნაადრევი მშობიარობის რისკი. შემდეგი კვლევა 30 კვირაზე ტარდება, ისევ ყველა ორგანო და სისტემის დათვალიერებას ემსახურება, ხდება პლაცენტის გადამოწმება კვლავ და დოპლერული მონაცემები შემოდის 30 კვირიდან, ყველა ვადაზე უნდა იყოს დოპლერული მონაცემები განსაზღვრული. ჩვენს ქვეყანაში 36 კვირაზე ნაყოფის გამოკვლევა არის ნებაყოფლობითი და ექიმი, როგორც ჩათვლის საჭიროდ. მე პირადად აუცილებელი მომხრე ვარ, 36-ე კვირაზე გაკეთდეს ექოსკოპიური კვლევა და გეტყვით, რატომ: მაგალითად თუ მდედრობითი სქესის არის ნაყოფი, საკვერცხის კისტა არც თუ იშვიათი არის ნაყოფისთვის, ის მხოლოდ 36 კვირაზე და მერე ჩნდება და მანამდე ვერაფრით დაინახავდა ექიმი.
როგორ უნდა მოემზადოს ორსული ექოსკოპიისთვის?
თუ არის თანამედროვე აპარატურა, ორსულს რაიმე სახის მომზადება არ სჭირდება ექოსკოპიური კვლევის წინ.