Skip to content Skip to sidebar Skip to footer

განვითარების რა ეტაპები უნდა გაიაროს ბავშვმა წლამდე ასაკში, რა საყურადღებო ნიშნებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და რა უნდა იცოდეს თავად მშობელმა, რომ არაფერი გამოეპაროს – “დედამიცის” შეკითხვებს პასუხობს პედიატრი თეო ტაბატაძე.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის  ჯანსაღის განვითარებისთვის?

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშობლის მზაობა და  დაცული, სიყვარულით გაჟღენთილი და  ემოციური სტაბილურობით გაჯერებული გარემო. ეს კომპონენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის წლამდე ასაკის ბავშვისთვის. შემდეგ, მოდის ძილი და კვება, რაც არის ასევე  ძალიან მნიშვნელოვანი პატარისთვის, რომ შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში იყოს სრულფასოვნად ჩამოყალიბებული ადამიანი. წლამდე ასაკში მთელი რიგი დარღვევები მოდის კვებასთან და ძილთან დაკავშირებით.  კვება არის საშენი მასალა, რომ ფიზიკურად განვითარდეს პატარა და ძილი არის ემოციურად მომწესრიგებელი კომპონენტი, რომ ნორმალური ფსიქიკა ჩამოუყალიბდეს ბავშვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ორი კომპონენტი სწორად განვითარდეს. მშობლები ხშირად მოგვმართავენ ბავშვის ძილის პრობლემებით, რომ ცუდად სძინავთ მათ პატარებს, ხშირად იღვიძებს და ა.შ  თუ ბავშვის გარემო არ არის შესაბამისად შერჩეული, ცხრა საათის შემდეგ თუ მშობლები  არ ვზრუნავთ იმაზე, რომ არ იყოს ხმაური, განათება და პატარას ჰქონდეს ადგილი, სადაც მშვიდად დაიძინებს, მას აუცილებლად გაუჭირდება დაძინება. ამ ყველაფერში მშობელი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული თავიდანვე.

გვესაუბრეთ ყნოსვის, შეხების და მხედველობის კომპონენტებზე. როგორ  აქვს თითოეული ეს  შეგრძნება განვითარებული ახალშობილს?

პატარას დაბადებისთანავე აქვს თანდაყოლილი და განვითარებული შეხება, მხედველობა, ყნოსვა და სმენა. როდესაც, დედები ამბობენ, რომ ძუძუს არ იღებს პატარა, აქ შეიძლება პრობლემის გასაღები მარტივ რამეში იყოს: თუ დედას ასხია სუნამო, პატარა შეიძლება ამის გამო არ მიეკაროს ძუძუს და უარი თქვას, რადგან ყნოსვა მას კარგად  აქვს განვითარებული და იმდენად გრძნობს  დედის სუნს,  ზუსტად ამაზეა დამოკიდებული შედგება თუ არა კვებითი კონტაქტი დედასა და ბავშვს შორის. ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25 სმ-ზე ხედავს. სწორედ ეს მანძილია ძუძუს წოვისას ბავშვისა და დედის თვალებს შორის, და ზუსტად ამ დროს ხდება პირველი თვალი თვალში კონტაქტი, ეს ეხმარება პატარას დედის აღქმასა და შეცნობაში. ასევე მნიშვნელოვანია შეხების კომპონენტი, როდესაც პატარა ტირის, ის  შეხებით შეიძლება დამშვიდდეს. ყველა ჯანმრთელ პატარას თანდაყოლილი აქვს ეს შეგრძნება, რადგან  ისინი მუცლადყოფნის პერიოდიდან გრძნობენ და ეჩვევიან დედის ორგანიზმს, დედის შეხებას და ამიტომ, როდესაც პატარა ერთი თვის ან ორი თვის ასაკში დედის შეხებით არ მშვიდდება, შეიძლება ესეც საგანგაშო ნიშნად მივიჩნიოთ.  ასეთ შემთხვევაში, როცა ბავშვი  დედის ალერსზე არ რეაგირებს, დედამ უნდა შეატყობინოს პედიატრს. მონიტორინგს პატარა ბავშვი 0-დან 1 წლამდე  გადის პედიატრთან, არის გეგმიური ვიზიტები, როცა რვა თვეზე აუცილებლად ნევროლოგის მიერ უნდა შემოწმდეს, მაგრამ თუ დედა არის დაკვირვებული და გათვითცნობიერებული ამ ნიუანსებში, არც პედიატრს და არც დედას არაფერი არ გამოეპარება. თუ საეჭვო ნიშნები გამოვლინდება, შემდეგ ხდება სხვა სპეციალისტთან გადამისამართება. 

მეტყველების კომპონენტზე გვესაუბრეთ. რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მშობელს ამ კომპონენტის განვითარებაში?

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პატარას მუცლადყოფნის პერიოდშიც კი ესმის და დაბადების შემდეგ, დედის ხმას ცნობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასთან დედის კონტაქტი, ამიტომ აუცილებელია მასთან საუბარი. არ უნდა იფიქროს მშობელმა, რომ ის პატარაა და არ ესმის, მას ყველაფერი ესმის.  ექვსი თვიდან ბავშვები იწყებენ ტიტინს და შეიძლება გარკვეული ბგერები :”მა, ბა” წარმოთქვა. თუ ცხრა თვის ასაკში პატარა არ ამბობს  ბგერებს “მა, ბა”  და ა.შ, ეს უკვე ითვლება საგანგაშო ნიშნად და ამ დროს პედიატრმა შეიძლება გადაამისამართოს მშობელი სპეციალისტთან.

ფიზიკური აქტიურობა როდიდან იწყება და როდიდან არის სასურველი ხოხვა ბავშვისთვის?

ბავშვის პირველი ფიზიკური აქტივობა იწყება თავის დაჭერით, როდესაც თავის და კისრის კუნთები იწყებს ჩამოყალიბებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ეტაპს, რომელიც პატარამ უნდა გაიაროს მოტორული მოძრაობებით. პირველი არის თავის დაჭერა, გადატრიალება/გადმოტრიალება, შემდეგი ეტაპია მუხლებზე დგომა, მერე მოდის ხოხვა, შემდეგ დგომა და ბოლო ეტაპი – სიარული. ეს ყველა კომპონენტი თავის განვითარების ჭრილში უნდა გააკეთოს პატარამ და ამიტომ არის, რომ პედიატრები არ ვუწევთ რეკომენდაციას  ე.წ ჭოჭინას.  ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია სრული განვითარებისთვის და სასურველია არცერთი კომპონენტი არ ამოვარდეს ბავშვის განვითარების ეტაპებიდან.

გვესაუბრეთ საყურადღებო ნიშნებზე. რა ნიშნები შეიძლება მივიჩნიოთ საგანგაშოდ?

მაგ. ბავშვმა  სამ თვემდე უნდა მოახერხოს თავის  დაჭერა; ოთხი თვის ასაკიდან  პატარას თითებს რომ შეეხებით, უნდა მოგკიდოთ რეფლექსურად თავისი თითები და ოდნავ უნდა წამოიწიოს; ხუთიდან შვიდ თვემდე აუცილებლად უნდა ბრუნდებოდეს ზურგიდან მუცელზე, თუ რვა თვის ასაკში არ არის მზაობა, რომ დაჯდეს, თუნდაც შემოწყობილი ბალიშებით გარშემორტყმულ სივრცეში, ესეც საგანგაშოა და ამ დროსაც სპეციალისტის მიერ უნდა შემოწმდეს ბავშვის განვითარება. 11 თვის ასაკში თუ ვერ დგება ფეხზე დახმარების გარეშე, ესეც საყურადღებო ნიშანია და 15 თვის ასაკში თუ არ დადის. ხოხვის შემდეგ მოდის სიარულის ეტაპი, რომელიც   სამად არის დაყოფილი: პირველი არის წინ გაწეული ხელები, რომ ბავშვმა შეამციროს სივრცე მანძილამდე, მეორე არის განზე გაწეული ხელები – თვითმფრინავივით, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს და მესამე ეტაპი, მოხრილი ხელები მიბჯენილი სხეულთან, რომ წაიქცეს ვინმემ ადვილად დაიჭიროს და უკვე სრულფასოვანი სიარულის ეტაპია, როდესაც მას ხელები თავისუფლად აქვს ჩამოშვებული და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გამართულად დადის და საფრთხე აღარ ემუქრება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5