აქტივისტები ამბობენ, რომ ძალადობის მაჩვენებელი იზრდება მთელს მსოფლიოში ბრაზილიიდან გერმანიამდე, ჩინეთიდან საბერძნეთამდე.
მსოფლიოს ქალაქები იზოლაციაში არიან კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. სიცოცხლის გადარჩენის მასობრივმა მცდელობებმა ერთი მოწყვლადი ჯგუფი უფრო მეტი საფრთხის ქვეშ დააყენა.
ქალებს და ბავშვებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, არ შეუძლიათ მოძალადეებისგან გაქცევა იზოლაციის გამო და ბრაზილიიდან გერმანიამდე, იტალიიდან ჩინეთამდე, აქტივისტები და გადარჩენილები ამბობენ, რომ ისინი უკვე ხედავენ ძალადობის საგანგაშო ზრდას.
ჰუბეის პროვინციაში, რომელიც კორონავირუსის თავდაპირველი აფეთქების ეპიცენტრია, ერთ-ერთ ოლქში, ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიციისადმი მიმართვები გასამმაგდა თებერვლის კარანტინის დროს. გასულ წელს 47 შემთხვევა იყო, წელს 162 – განუცხადეს აქტივისტებმა ადგილობრივ მედიას.
„ეპიდემიამ უზარმაზარი გავლენა იქონია ოჯახში ძალადობაზე“ – განაცხადა ვან ფეიმ, პოლიციის გადამდგარმა ოფიცერმა, რომელმაც დააარსა საქველმოქმედო კამპანია ძალადობის წინააღმდეგ. „ჩვენი სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდში მომხდარი ძალადობის მიზეზები დაკავშირებულია Covid-19-ის ეპიდემიასთან.“
ეს მაგალითი მეორდება გლობალურად.
“ვფიქრობთ, იყო 40-50 %-იანი ზრდა” ამბობს ადრიანა მელო, რიო დე ჟანეიროს მოსამართლე, რომელიც სპეციალიზებულია ოჯახში ძალადობაზე. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა შევძლოთ იმ სიძნელესთან გამკლავება, რომლის წინაშეც ვდგავართ.“
კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ნდობის ტელეფონზე ზარები 20%-ით გაიზარდა იზოლაციის პერიოდის პირველ დღეებში. კვიპროსში კი ანალოგიურ ცხელ ხაზზე 30%-ით გაიზარდა ზარები კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კვირაში. „ეს იყო დრამატული ზრდა“, ამბობს ანიტა დრაკა, ოჯახში ძალადობის პრევენციის ასოციაციიდან. „ეს 24 საათიანი ცხელი ხაზია და მუდმივად შემოდის ზარები“.
ეს საგანგაშო ციფრები ასახავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა ქალებმა შესძლეს დახმარების თხოვნა. ბევრს კი არ შეუძლია დარეკვა მოძალადის შიშით ან იმის გამო, რომ სახლს ვერ ტოვებს.
იტალიელი აქტივისტების ცნობით, მკვეთრად შემცირდა ზარები, მაგრამ სამაგიეროდ ისინი იღებდნენ სასოწარკვეთილ მესიჯებს და ელექტრონულ წერილებს. „ერთი ქალი ჩაიკეტა სააბაზანოში და იქიდან მოგვწერა დასახმარებლად“- ამბობს ლელა პალადინო EVA Cooperativa-დან, ქალებზე ძალადობის პრევენციის აქტივისტების ჯგუფიდან. “რასაკვირველია, სწორედ ახლა არის უკიდურესად განსაკუთრებული მდგომარეობა. რადგან ქალებს გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, მეტია სასოწარკვეთილება.” ის ელოდება ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების „ფეთქებად ზრდას“ იზოლაციის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ.
მარა ბევილაქვა, რომის Casa Lucha y Siesta თავშესაფრის აქტივისტი ამბობს, რომ ყველა თავშესაფარი ღიაა და ისინი ეძებენ ქალებს, რომლებსაც სურთ დაკავშირება ნებისმიერი საშუალებით. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კომუნიკაციის საშუალებები იყოს ღია“, თქვა მან. „მობილური ტელეფონები მუდმივად ჩართული გვაქვს და ქალებს ასევე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იმეილით და ფეისბუკით.“
ესპანეთში, სადაც გამკაცრებულია კარანტინის წესები და ბევრი ადამიანი დააჯარიმეს მათი დარღვევისთვის, მთავრობამ ქალებს განუცხადა, რომ მათ არ დააჯარიმებს, თუ ისინი დატოვებენ სახლს ძალადობის შესატყობინებლად. მაგრამ 19 მარტს კარანტინის განმავლობაში პირველად ოჯახში ძალადობა მსხვერპლით დასრულდა. ვალენსიაში ქმარმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა.
ქალებისა და ბავშვებისათვის გაზრდილი საფრთხე კორონავირუსის იზოლაციის პროგნოზირებადი გვერდითი მოვლენა იყო, ამბობენ აქტივისტები. ძალადობის შემთხვევების მატება მეორდება საგანგებო სიტუაციების, მაგალითად კონფლიქტების, ეკონომიკური კრიზისების თუ ავადმყოფობების აფეთქების დროს. თუმცა კარანტინის წესები განსაკუთრებით ამძიმებს სიტუაციას.
„ეს ხდება ყველა კრიზისულ სიტუაციაში,“ – ამბობს მარსი ჰერში. „რაზეც ჩვენ ვღელავთ, არის ის, რომ ძალადობის მაჩვენებელი იზრდება, სერვისების ხელმისაწვდომობა და ქალების შესაძლებლობა ამ სერვისებით სარგებლობისა მცირდება. ეს არის ჭეშმარიტი გამოწვევა.“
მრავალ ქვეყანაში არის სამართლებრივი ან პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნა, რათა გაითვალისწინონ ქალებისა და ბავშვების მიმართ გაზრდილი საფრთხეები კარანტინის დროს.
გაერთიანებულ სამეფოში, მანდუ რეიდმა, ქალთა თანასწორობის პარტიის ლიდერმა მიმართა პოლიციის სპეციალურ განყოფილებას, რათა გამოესახლებინათ დამნაშავეები იზოლაციის განმავლობაში; და ხელისუფლებას უარი ეთქვა სასამართლო ბაჟზე შემაკავებელი ორდერებისთვის.
იტალიაში, ტრენტოს პროკურორმა, დაადგინა, რომ ოჯახში ძალადობის დროს სახლი უნდა დატოვოს მოძალადემ და არა მსხვერპლმა, რასაც ფუნდამენტური უწოდა CGIL პროფკავშირმა. „იყო გამოკეტილი სახლში კორონავირუსის გამო ძნელია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს კოშმარად იქცევა იმ ქალებისთვის, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი არიან“, – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
გერმანიის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო ლიდერმა კეტრინ გორინ ეკკარტმა განაცხადა, რომ ღელავს მოძალადე პარტნიორებთან გამოკეტილ ათასობით ქალზე და მოუწოდა მთავრობას, გაიღონ ფული უსაფრთხო სახლებისთვის. „ქალებისთვის უსაფრთხო სახლებში ადგილები არასაკმარისია ჩვეულებრივ დროშიც“ – უთხრა მან მედიას და მთავრობას შესთავაზა განიხილონ ცარიელი სასტუმროების საკითხი და დაწიონ სახლიდან გასვლის წესები იმ ქალებისთვის, რომლები დაუცველები არიან.
მისი თანაშემწე კატია დორნერი ამბობს, რომ სახლებში ვიზიტი უნდა გაგრძელდეს მაშინ, როცა არსებობს ეჭვი ბავშვთან უხეშად მოპყრობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კონტაქტები იკრძალება.
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშის პოლიციამ, რომელსაც ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის ცუდი შედეგები აქვს, გახსნა ახალი სატელეფონო ხაზი შემთხვევების ზრდის გამო.
„დათრგუნე კორონა და არა საკუთარი ხმა“ – ვკითხულობთ რეკლამას ერთ-ერთი გაზეთის მთავარ გვერდზე. პოლიციამ პირობა დადო, რომ ქალი ოფიცრები განიხილავენ ყველა საქმეს და დამნაშავეები დაისჯებიან ჩადენილი ძალადობისთვის.
საბერძნეთში თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ იწყებდნენ კამპანიას, რათა დახმარებოდნენ ქალებს იზოლაციის შედეგად წარმოშობილ პრობლემებთან გამკლავებაში.
“ვაცნობიერებთ, რომ როგორც წესი, კრიზისის დროს ეს წარმოადგენს პრობლემას, ჩვენ ვმუშაობთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში რათა მივაწვდინოთ ხმა“ – თქვა მარია სირენგელამ, რომელიც ხელმძღვანელობს საოჯახო პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გენერალურ სამდივნოს.
“როდესაც მომდევნო კვირაში ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება და გვეცოდინება პრობლემის რეალური მასშტაბი, ჩვენ ჩავრთავთ სატელევიზიო არხებს, ასევე სოციალურ მედიას და პრესას. ჩემთვის უეჭველია, რომ კრიზისის ეკონომიკურ გავლენასთან ერთად მდგომარეობა აქაც გაუარესდება“
წყარო: https://www.theguardian.com/society/2020/mar/28/lockdowns-world-rise-domestic-violence?CMP=share_btn_fb&fbclid=IwAR2Wbcw4N72waxWj8saBfh3Xh4-yppBShG8Obg6x7khESmzrx0oGhY-cIIk
საქართველოში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ში. ასევე, მიმართოთ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარს” (032 230 76 03), სადაც გაგიწევენ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.