Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი მაია ხერხეულიძე.

ქალბატონო მაია, გვესაუბრეთ, რა გავლენა მოახდინა კოვიდპანდემიამ და იზოლაციამ  ჭარბი წონის შემთხვევების ზრდაზე ბავშვებში.

უკანასკნელ პერიოდში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ჭარბი წონის  პრობლემამაც მოიმატა, რადგან ადამიანები ხანგრძლივად  ჩაიკეტნენ ბინის პირობებში. ბავშვები, რომლებიც აქამდე დაკავებული იყვნენ სპორტით, რადგან პანდემიის დროს ეს აქტივობები შეწყდა, ბევრ დროს ატარებდნენ სახლში, ჰქონდათ ონლაინგაკვეთილები  და ფიზიკური აქტიურობის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჭარბ წონას ბევრი მიზეზი აქვს  და პირველ რიგში ეს არის არასწორი კვებითი ჩვევები, ე.წ. “ჯანქფუდი”, სწრაფი კვების საშუალებების  და ცხიმით მდიდარი საკვების მიღება.  ბავშვები ბევრ ტკბილეულს მიირთმევენ და  ეს ძალიან ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლები იწვევს  სიმსუქნეს და ჭარბ წონას. ჭარბი წონის მატებაზე  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი. უკანასკნელ პერიოდში ძალიან შეიცვალა ბავშვების და მოზარდების აქტივობა, ახლა ისინი გაცილებით დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ვიდრე ეს იყო გარკვეული წლების წინ. ამ ცხოვრების წესმა, ჰიპოდინამიურმა სტილმა,  მჯდომარე ტიპის ცხოვრებამ  და ნაკლებმა აქტივობამ, ძალიან სერიოზული პრობლემა გამოიწვია და გაიზარდა ჭარბი წონის შემთხვევათა რაოდენობა. 

ჭარბი წონის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია ჰიპოდინამია და სტრესი. ადამიანის ორგანიზმი სტრესს სხვადასხვანაირად პასუხობს, აჩენს  ზედმეტ  მოთხოვნილებას  კვებაზე, ტკბილეულზე და ამიტომ ესეც შეიძლება იყოს სიმსუქნის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბავშვებში და მოზარდებში ჭარბი წონის პრევენციაზე ან როგორ მოვახდინოთ ჭარბი წონის კლება, უნდა ვიცოდეთ, რომ ნუტრიცია ერთ-ერთი განმსაზღვრელია ამ პრობლემის მოგვარებისთვის.  ჭარბი წონის  პრევენციისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია  ძუძუთი კვება, რადგან დღეს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ, ნაკლები რისკია შემდგომში განუვითარდეთ სიმსუქნე და ჭარბი წონა, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც დაბადებისთანავე იყვნენ ხელოვნურ კვებაზე. 

როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ჯანსაღად და რა არის პრევენციის საშუალება?

პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა ასევე სწორად შეტანილი კვება და ჯანსაღი კვებითი პრინციპების  დანერგვა.  არსებობს “ჯანსაღი კვების თეფში”, დღეს ასე ეძახიან, ადრე იყო ცნობილი “ჯანსაღი კვების პირამიდა” ამის მიხედვით საკვები პროდუქტები იყოფა ოთხ ძირითადად ჯგუფად, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ჯგუფი – ეს არის ხილი და ბოსტნეული, რომელიც არის ვიტამინების და მიკროელემენტების ძირითადი წყარო ჩვენი ორგანიზმისთვის და დღესდღეობით ყველაზე დიდი, ჩვენი თეფშის ნახევარი, როდესაც მივირთმევთ, სწორედ ხილით და ბოსტნეულით უნდა იყოს წარმოდგენილი. მიჩნეულია, რომ მისი მიღება ჩვენს რაციონში ძალიან ბევრ ნუტრიციასთან ასოცირებული დაავადებებისგან გვიცავს და მათ შორის ჭარბი წონისგან და სიმსუქნისაგან. მეორე ჯგუფი – ეს არის ნახშირწყლოვანი საკვები,  რთული ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიც არის მარცვლეული კულტურა, რომელიც ასევე B ჯგუფის ვიტამინებით არის ძალიან მდიდარი. ამ ჯგუფში შემავალი საკვები პროდუქტები  ჩვენი რაციონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. მესამე ჯგუფი არის  ცილოვანი პროდუქტები და მასში ერთიანდება – ხორცი, თევზი, კვერცხი, ნებისმიერი პარკოსანი – მუხუდო, ბარდა, სოია, თხილეული, ნიგოზი, მიწისთხილი. მეოთხე  ჯგუფი არის რძის პროდუქტები, რომელიც ცალკე არის გამოყოფილი და, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტები ასევე ცილას შეიცავს, მაგრამ მისი ცალკე ჯგუფად გამოყოფა განპირობებული არის იმით, რომ ის არის კალციუმის ერთადერთი წყარო და მას განსაკუთრებით ბავშვებისთვის, (ბავშვებთან მუდმივად  მიმდინარეობს ზრდის პროცესი)  ძალიან დიდი როლი აქვს და ის ცალკე განიხილება როგორც კალციუმის წყარო. პირამიდა რომ წარმოვიდგინოთ, პირამიდის კენწეროში არის ცხიმი და ტკბილეული, რაც იმას გულისხმობს, რომ ტკბილი და ცხიმი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს არაფერს არ გვაწვდის, ამიტომ ის უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ხშირად  მშობლები პატარების გასახარებლად ძირითადად ყიდულობენ  არა განმავითარებელ სათამაშოებს, რომელიც ბავშვის  ტვინის სტიმულაციაზე იქნება გათვლილი, არამედ ტკბილეულს, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს ბავშვისთვის. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს არასწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას, საგემოვნო სისტემების ცვლილებებს, რომელსაც ძალიან ეჩვევა პატარა და უყალიბდება განსაკუთრებული  მოთხოვნილება და მერე ხშირად მთელი ცხოვრება ცდილობს ამას გადაეჩვიოს. თავიდანვე სწორი პრინციპის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ჩვენ პედიატრები ვურჩევთ მშობლებს, რომ ერთ წლამდე კვებაში საერთოდ არ შემოიტანონ შაქარი და მარილი და კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება მოხდეს სწორი პრაქტიკით. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5