პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია.
გვესაუბრეთ ბავშვის ფსიქოლოგიური მედეგობის შესახებ, რას გულისხმობს ეს მდგომარეობა და როგორ წავახალისოთ ჯანსაღი ამბიციურობა ბავშვებში?
მენტალური ჯანმრთელობა მოიცავს სამ კომპონენტს: ემოციური მდგრადობა, რაც თვითშეფასებიდან იწყება, ემოციური რეგულაცია და ემოციური მედეგობა. ემოციური მედეგობა წარმოადგენს უნარს, ადამიანის შესაძლებლობას, დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას სტრესის და სხვა გამოწვევების შემდეგ. ემოციური მედეგობა მეტად მნიშვნელოვანია ეფექტური ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. მედეგობა აერთიანებს ორ ძირითად ასპექტს: პოზიტიურ ადაპტაციას და სირთულეებთან გამკლავებას. ემოციური მედეგობისა და სტრესგამძლეობის უკეთ გასაგებად კარგი მაგალითია რეზინის ბურთი, რომელიც ზემოქმედების შედეგად ჩაზნექილია, თუმცა თუ ამ ზემოქმედებას მოვაშორებთ, ის თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება.
ამბიცია, ეს არის უნარი, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის განვითარებაში. ჯანსაღი ამბიციის მქონე ადამიანები არასდროს ყრიან ფარ-ხმალს, სურთ მეტის და მეტის გაკეთება, ისახავენ მიზნებს, რომლებსაც წარმატების მოტანა შეუძლია, არიან გამბედავები და რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღი ამბიციის მქონე ადამიანები არიან მოტივირებულები, რომელიც შინაგან მოთხოვნილებასა და საკუთარი თავის რწმენაზეა დაფუძნებული.
როგორ გამოიხატება ემოციური მედეგობა და ჯანსაღი ამბიციები ბავშვებში?
ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ყველას შემთხვევაში შესაძლოა განსხვავებულად გამოიხატებოდეს ჯანსაღი ამბიციები და ემოციური მედეგობა.
ემოციური მედეგობა ბავშვებთან შესაძლოა ასე გამოვლინდეს: გარკვეული სტრესის შემდეგ, პატარები თავიანთ წუხილს უზიარებენ მათთვის სანდო, ერთგულ ადამიანებს, რაც მათ უმარტივებს სტრესული მომენტების გადალახვას და განიცდიან კათარზისს, რის შედეგადაც ბრუნდება ჰომეოსტაზი. გარკვეული შეცდომების დაშვების შემდეგ, უფროსების მხარდაჭერის შედეგად, ბავშვი ცდილობს გამოასწოროს ესა თუ ის შეცდომა, წაგების შემთხვევაში, ის კვლავ ცდილობს ცდას, არ ნებდება და ა. შ.
რაც შეეხება ჯანსაღ ამბიციებს, ბავშვებთან შესაძლოა გამოვლინდეს სიახლეებისადმი მარტივად მიმღებლობასა და ადაპტირებაში, ახალ-ახალი გამოწვევების ძებნაში, და ყველანაირი რესურსის გამოყენებაში, გარკვეული სირთულეების გადასალახად. ძლიერად გამოხატულ მოტივაციაში, აქვთ გამარჯვების, წარმატების მიღწევის რწმენები, ბავშვები ჯანსაღი ამბიციებით, ყოველ ღონეს ხმარობენ იყვნენ საუკეთესოები. შური, რომელიც უჩნდებათ ბავშვებს, შეიძლება განვიხილოთ პოზიტიურ ასპექტადაც, ვინაიდან ეს ბავშვს ეხმარება თვითგანვითარებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში.
როგორი ემოციური მედეგობით ხასიათდებიან არაჯანსაღი ამბიციის მქონე ბავშვები?
არაჯანსაღი ამბიციის მქონე ბავშვები ხასიათდებიან უკიდურესი ინტერნალიზებული ქცევით (მაგ: სიმორცხვე), არ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა. შესაძლოა მათ გააჩნდეთ მიზნები, თუმცა მათი შინაგანი განწყობა „ვერ მიღწევის“ შიშითაა გაჯერებული. ყოველივე ეს სერიოზული მენტალური პრობლემების გამომწვევი შეიძლება იყოს, დაწყებული დაბალი თვითშეფასებით. ისინი არიან ნაკლებად მტკიცეები გარკვეული სტრესორების მიმართ, უჭირთ სირთულეების გადალახვა, რაც შეიძლება აისახოს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად.
მეტაანალიზური კვლევები მიუთითებს, რომ მედეგობასთან დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა: პოზიტიური აფექტი, თვითეფექტურობა, ოპტიმიზმი, სოციალური მხარდაჭერა, თვითშეფასება და ცხოვრებით კმაყოფილება. არაჯანსაღი ამბიციების მქონე ბავშვებს აქვთ შფოთვა, მედეგობა კი უარყოფითად არის დაკავშირებული ისეთ ფსიქიკურ პრობლემებთან, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია. არაჯანსაღი ამბიციის მქონე ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ ახალ გარემოებებთან ადაპტირება და გამოწვევების გამკლავება.
როგორ განვუვითაროთ ბავშვებს ემოციური მედეგობა და ჯანსაღი ამბიციები?
- როცა ბავშვი სიყვარულს და მხარდაჭერას გრძნობს, ემოციური სიმტკიცე უყალიბდება და თავს გრძნობს სასურველად, ის აღიარებულია გარშემომყოფების მიერ, რაც ამბიციის პოზიტიურ ჩანასახს აჩენს.
- ესაუბრეთ ბავშვებს ემოციებზე. ასწავლეთ მათ ემოციების დანახვა, შემჩნევა და აღიარება, საკუთარ მაგალითზე, გაუზიარეთ თქვენი ემოციები, ის თუ რას განიცდით, სახელი დაარქვით თქვენს ემოციას (სიხარული, მწუხარება, ბრაზი, შიში, გაოცება და ასევე მათგან კომბინირებული ემოციები, მაგ: დაფიქრებული, დაეჭვებული და ა. შ.) ამით ბავშვი ისწავლის ემოციებზე სახელის დარქმევას, მათ მიღებას და სხვებისთვის გაზიარებას.
- მიეცით ბავშვს საშუალება, თავისით გადაჭრას გარკვეული გამოწვევები, მიეცით მას დრო, ნაცვლად იმისა, რომ თქვენ მოუგვაროთ პრობლემა სწრაფად. მხარი დაუჭირეთ ბავშვს, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
- თუ ბავშვი გარკვეულ პრობლემებს ვერ უმკლავდება, გარკვეული კითხვებით მიიყვანეთ მისი გადაჭრისკენ, ამით მისი ემოციური მედეგობა გაიზრდება და თვითრწმენა მოემატება.
- ბავშვთან აღიარეთ საკუთარი შეცდომები, ამით ის სწავლობს, რომ შეცდომების გარეშე სწავლა შეუძლებელია. ეს კი მას დაეხმარება ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში და სირთულეებთან გამკლავებაში.