Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე “დედამიცის”-ს ესაუბრება ფსიქოლოგი მაია ხოსიტაშვილი.

ჯანსაღი თვითშეფასება პიროვნებისთვის აუცილებელი და საჭირო განცდაა. გვესაუბრეთ, რატომ სჭირდება ის ბავშვებს და რაში დაეხმარება მას  ჯანსაღი თვითშეფასება? 

მშობლებს აუცილებელია ახსოვდეთ, რომ არსებობს მხოლოდ დაბალი და ჯანსაღი თვითშეფასება. მაღალი თვითშეფასება, როგორც მოცემულობა, რეალურად არ არსებობს, რადგან ის წარმოადგენს შენიღბულ დაბალ თვითშეფასებას. Ბავშვების ძირითადი კომპლექსები და შიშები სწორედ მაღალ თვითშეფასებას არიან ამოფარებულნი, რათა ნაკლებად შესამჩნევნი გახდნენ გარშემომყოფებისათვის.

მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ თვითშეფასების ცალკეული არაჯანსაღი ტიპების გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

კრიტიკულად დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვის შემთხვევაში, სიტუაცია შემდეგია: ბავშვს რეალურად აქვს პოტენციალი და რესურსი, თუმცა ვერ იყენებს, რადგან არ აქვს თვითრწმენა. ამდენად, დაბალი თვითშეფასების საფასურის გადახდა ხდება ბავშვის მიერ ცხოვრებაში ბევრ შესაძლებლობაზე უარის თქმითა  და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ამისგან განსხვავებით უკრიტიკოდ მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს რეალურად  ნაკლები რესურსი და პოტენციალი აქვთ, თუმცა გააჩნიათ  ილუზორული რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იციან და გამოუვათ.  ესეც არაჯანსაღია ბავშვისთვის, რადგან გამოდის, რომ ისინი გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. ასეთ დროს ბავშვები  ძირითადად ეძებენ ისეთ თანატოლებს, ვისგანაც  წახალისებას და აღიარებას მიიღებენ, რაც მათ ილუზიას გაამართლებს.  საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან, ისინი აღმოჩნდებიან მტკივნეული რეალობის წინაშე.

ჯანსაღი თვითშეფასების ბავშვი  საკუთარ თავში ხედავს, როგორც ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებს, ასევე – ნაკლოვანებებს, სისუსტეებსა და გასაუმჯობესებელ მხარეებს. მიუხედავად ამისა, ბავშვს აქვს საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულება. ასეთი ტიპის თვითშეფასების ბავშვს შეუძლია იცოდეს, სად იწყება და სად მთავრდება მისი შესაძლებლობები, მეტიც ამ საზღვრების მიუხედავად  ის იღებს საკუთარ თავს. შედეგად,   ბავშვს აქვს განვითარების მოტივაცია, წინ მიიწევს და ცდილობს ეს საზღვრები გააფართოოს. მას არ ეშინია შეცდომების დაშვების და დახმარების თხოვნის. ამიტომ, ჯანსაღი თვითშეფასების ბავშვები ხასიათდებიან მაღალი თვითმოტივაციით და  განვითარებაზე ორიენტაციით.

რა როლს თამაშობს ბავშვის  თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ის გარემო, სადაც ბავშვი იზრდება? 

ამ საკითხში ადრეული ბავშვობის ასაკს გამოვყოფ, რადგან პიროვნების მთავარი ღერძი სწორედ ადრეულ ასაკში ყალიბდება.  ბავშვი ამ დროს არის ღია გარემოდან წამოსული სიგნალების მიმართ და შესაბამისად ადვილად ,,დაპროგრამებადია”.  ამ ასაკში მშობლის კომენტარი, რეპლიკა, თუნდაც მშობლისგან რეპლიკის არარსებობა ანუ იგნორირება, პირდაპირი მნიშვნელობით აისახება ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაზე. გარდა პირდაპირი გავლენისა, ადგილი აქვს არაპირდაპირ გავლენასაც, რადგან  ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება ყალიბდება პრინციპით “მშობელი, როგორც სარკე” ანუ “მე ვხედავ, მე ვაკეთებ”. მშობელს რა მიდგომა და რა თვითშეფასებაც აქვს საკუთარი თავის მიმართ, ბავშვი იმეორებს  და დაკვირვებით სწავლობს ამ მოდელს. გამოთქმაც კი არსებობს ,,ბავშვების აღზრდას აზრი არ აქვს, ისინი მაინც მშობლებს ემსგავსებიან. ამიტომ, უმჯობესია, მშობლებმა აღზარდონ საკუთარი თავი”. აღზრდა სხვ არაფერია თუ არა ჩვენ ვიქცეოდეთ ისე, როგორც გვინდა, რომ ბავშვები მოიქცნენ. ასე პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით ყალიბდება ბავშვის თვითშეფასება იმ სოციალური გარემოს თანამონაწილეობით, რომელშიც ის იზრდება. 

Ბავშვებში დაბალი თვითშეფასების მიზეზები უნდა ვეძიოთ თუ არა აღზრდის სტილში და რა შეცდომას ვუშვებთ მშობლები აღზრდის პროცესში? 

Როგორც ძალიან მკაცრი აღზრდის სტილი, ასევე ძალიან ლმობიერი აღზრდის სტილი არის დისფუნქციური ბავშვის თვითშეფასების ფორმირებისთვის. Მკაცრი აღზრდის სტილის დროს შეზღუდვა ხდება თვითშეფასების განვითარების, სივრცე განვითარებისთვის აღარ რჩება ბავშვს, არც შეცდომის დაშვებისთვის, არც საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისთვის; Მეორე მხრივ, თუ მშობელი ზედმეტ  თავისუფლებას აძლევს ბავშვს და არ უწესებს საზღვრებს, ესეც ხელს უშლის ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირებას, რადგან იმდენად თავისუფალია საზღვრები, რომ  ბავშვს არავითარი ჩარჩო არ აქვს, არავითარი სტანდარტი, რასთან მიმართებაშიც შეძლებს ჩამოაყალიბოს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. Აღზრდის სტილი, სადაც დაცულია ოქროს შუალედი და ბავშვს აქვს საზღვრები, ეს არის ყველაზე ეფექტური აღზრდის სტილი ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის. Გარკვეული საზღვრების დაწესება მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში და ამ საზღვრებში აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს თავისუფლება და არჩევანის უფლება, იმისთვის რომ გამოსცადოს საკუთარი თავი.

Როგორ უნდა წაახალისოს მშობელმა ბავშვში საკუთარი ძალების რწმენა?

Მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვითშეფასება შედგება ორი ფაქტორისგან და ძირითადი შეცდომას ისინი მაშინ უშვებენ, როცა ან ერთ ფაქტორზე მუშაობენ, ან მეორეზე – ან თვითეფექტურობაზე ან თვითღირებულების განცდაზე. არ არის საკმარისი, თუკი მხოლოდ თვითეფექტურობაზე მუშაობს მშობელი და წაახალისებს ბავშვში ამ განცდის ჩამოყალიბებას ანუ რწმენას იმისას, რომ ბავშვს შეუძლია თავი გაართვას გარკვეულ ამოცანებს და მშობლისგან დამოუკიდებლად თავად გადაჭრას გარკვეული საკითხები. ეს აყალიბებს თვითეფექტურობას და მას აქვს განცდა, რომ “მე ეს შემიძლია, თუ ძალისხმევას ჩავდებ და შემდეგ რაღაცები გამომივა”. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და მეორე კომპონენტია თვითღირებულების განცდა, რომელიც უფრო ემოციური კომპონენტია, ყალიბდება ადრეულ ასაკში მშობლის მხრიდან უპირობო მიღებით, უპირობო სიყვარულით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებელია  ჰქონდეს ყოველთვის განცდა, რომ ეყვარება მშობელს, მოეწონება მშობელს, მიუხედავად იმისა, რაღაცებს შეძლებს თუ ვერ შეძლებს, შეცდომებს დაუშვებს თუ არ დაუშვებს. უპირობო სიყვარულის თეორია ამბობს, რომ ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მშობლის სიყვარულის დაკარგვის და არ უნდა უწევდეს სიყვარულის დამსახურება და მოპოვება.  Მხოლოდ მშობლის მხრიდან უპირობო სიყვარულის შემთხვევაში უყალიბდება ბავშვს საკუთარ თავში თვითღირებულების განცდა, თვითპატივისცემა, საკუთარი თავის მიღება. Საბოლოოდ კი თვითეფექტურობისა და თვითღირებულების კომპონენტების დაბალანსებული განვითარება ქმნის ჯანსაღ თვითშეფასებას, რომელიც ბავშვს ეხმარება დამოუკიდებელ და თვითრეალიზებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5