Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კანის კიბო (კანის უჯრედების არანორმალური ზრდა) ყველაზე ხშირად სხეულის იმ ნაწილებზე ვრცელდება, რომლებიც მზისგან დაუცველია.  თუმცა იშვიათად ჩნდება ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის გამოსხივება ვერ აღწევს.

არსებობს კანის კიბოს სამი ძირითადი ტიპი – ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა.

კანის კიბოს რისკფაქტორები

ღია ფერის კანი. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად კანის ფერისა, შეიძლება დაემართოს კანის კიბო. თუმცა, მელანინის ნაკლებობის დროს კანი ნაკლებად არის დაცული მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებსაც  ღია ფერის თმა და თვალები აქვთ, მარტივად იღებენ მზეზე დამწვრობას და მეტი რისკის ქვეშ არიან დაავადდნენ კანის კიბოთი.  

მზის დამწვრობა. ბავშვობაში ან მოზარდობაში ერთი ან მეტი ბუშტუკოვანი დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. ზრდასრულ ასაკში მზის დამწვრობა ასევე რისკფაქტორია.

მზის გადაჭარბებული ზემოქმედება. ყველას, ვინც დიდ დროს ატარებს მზეზე, შეიძლება განუვითარდეს კანის კიბო, განსაკუთრებით თუ კანი არ არის დაცული მზისგან დამცავი საშუალებებით ან ტანსაცმლით. გარუჯვა, მზის ქვეშ თუ სოლარიუმში, ასევე საფრთხეში გაყენებთ, რადგან რუჯი თქვენი კანის რეაქციაა გადაჭარბებულ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე.

მზიანი ან მაღალმთიანი კლიმატი. მზიან ადგილებში მცხოვრები ხალხი მეტად არის მიდრეკილი კანის კიბოსკენ. მაღალ მთაში ცხოვრება კი, სადაც მზის შუქი ყველაზე ძლიერია, ასევე ქმნის პირობებს კანის დამწვრობისკენ.

ხალები. თუ გაქვთ დიდი რაოდენობით ხალები, განსაკუთრებით უჩვეულო ზომისა და ფორმის, აუცილებელია მათი ზომისა და ფორმის რეგულარული კონტროლი.

კანის კიბოსწინარე დაზიანებები. კანის დაზიანებები, რომლებიც ცნობილია როგორც აქტინური კერატოზები, ასევე ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. ისინი ყველაზე გავრცელებულია სახეზე, თავზე და ხელებზე და აქვს ყავისფერი ან მუქი ვარდისფერი შეფერილობა.

ოჯახური ისტორია. თუ თქვენს ერთ-ერთ მშობელს ან და-ძმას ჰქონდა კანის კიბო, თქვენ შეიძლება გქონდეთ დაავადების გაზრდილი რისკი.

დაბალი იმუნიტეტი. ადამიანები, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, კანის კიბოს განვითარების დიდი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ვირუსული ჰეპატიტისა და შიდსის მქონე ადამიანები.

რადიაციისა და გარკვეული ნივთიერებების, მაგალითად დარიშხანის ზემოქმედება.

კანის კიბოს უმეტესობის თავიდან არიდება შესაძლებელია. პრევენციისთვის მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს:

მოერიდეთ შუადღის მზეს.

ღრუბლები ნაკლებად გიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამიტომ გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ფილტრავს ყველა მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას, განსაკუთრებით იმ გამოსხივებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მელანომა, მაინც  მთავარ როლს ასრულებს მზისგან დაცვის  პროგრამაში.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს მინიმუმ 30 SPF-ს, თუნდაც მოღრუბლულ დღეებში. წაისვით უხვად და და განაახლეთ ყოველ ორ საათში ერთხელ – ან უფრო ხშირად, თუ ცურავთ ან ოფლიანდებით. წაისვით დიდი რაოდენობით  ყველაზე დაუცველ ადგილებში, მათ შორის ტუჩებზე, ყურებზე და ხელებისა და კისრის უკანა მხარეს.

ატარეთ დამცავი ტანსაცმელი, მაგალითად ფართოფარფლებიანი ქუდი.

არ დაივიწყოთ სათვალე. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთებს, რომლებიც ბლოკავს ორივე ტიპის UV გამოსხივებას – UVA და UVB სხივებს.

მოერიდეთ სოლარიუმს.

რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კანი და შეატყობინეთ თქვენს ექიმს ცვლილებების შესახებ. სარკეების დახმარებით დაითვალიერეთ სახე, კისერი, ყურები, სკალპი, გულმკერდი და ტორსი, მკლავებისა და ხელების ზედა და ქვედა მხარეები, ფეხების წინა და უკანა მხარე, თითებს შორის არსებული სივრცეები. ასევე შეამოწმეთ დუნდულები და სასქესო ორგანო.

წყარო: www. mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5