კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც მოგვიანებით მოჰყვება კარიესული დეფექტის წარმოქმნა ღრუს სახით ბავშვებში, რომელიც დაახლოებით 40%-ს უვითარდება ბაღში შესვლამდე. ამის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ შაქარი ან ტკბილეული არ არის, არამედ პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა. კარიესმა შესაძლოა ისეთ გართულებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა ღეჭვის პრობლემები, რასაც შედეგად საჭმლის მოუნელებლობა მოსდევს. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები შეიძლება გახდეს მეტყველების მოშლის ან შემდგომი კბილების ამოსვლის შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს.
პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია პირველივე კბილის ამოსვლისას, შემდეგ კი რეგულარულად ყოველ 6 თვეში.
ბავშვებმა კბილები დღეში 2-ჯერ უნდა გაიხეხონ. ჩვილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დოლბანდის ნაჭერი, რომელსაც თითზე ჩამოიცვამთ და ყოველი ჭამის შემდეგ ნელი მოძრაობით გაუსუფთავებთ პირის ღრუს. სასურველია კბილის წმენდის პროცესი პატარებში 2 წუთს მაინც გაგრძელდეს და მთლიან პირის ღრუს მოიცავდეს, იმ ნაწილებსაც, სადაც ჯერ კბილი არ ამოსულა. თუმცა, ხშირად ძნელია ვასწავლოთ ბავშვებს დამოუკიდებლად ამის კეთება. დიანა მაკალათია გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რათა ეს პროცესი ბავშვებს უფრო მეტად შევაყვაროთ.

- ნება დართეთ თვითონ აირჩიოს სასურველი ჯაგრისი
შესაძლოა თქვენთვის დამღლელი და სტრესულიც კი გახდეს ამორჩევის პროცესი, მაგრამ ეს შედეგად სიამოვნებასაც მოგიტანთ, არსებობს უამრავი ტიპის ჯაგრისი, რომელზეც შეიძლება გამოსახული იყოს მისი რომელიმე საყვარელი პერსონაჟი და მან სწორედ ის აირჩიოს, მისი ხათრით კი დაიწყოს კბილების გამოწმენდა. ასევე შესაძლოა გადავაწყდეთ მუსიკალურ, წამმზომიან, ელექტრო ჯაგრისებს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვადასხვა გემოების მიმართ არის სენსიტიური. ზოგს არ მოსწონს მენთოლიანი კბილის პასტა, ზოგიერთს კი ტკბილი გემოები, ამიტომ თუ თავიდან პასტის წასმაზე უარი განაცხადა, არ უნდა დავნებდეთ და შევურჩიოთ სხვა გემოს მქონე კბილის პასტა.
- ჩაენაცვლეთ ერთმანეთს
მიეცით მაგალითი ბავშვს, ჯერ თქვენ დაანახეთ თუ როგორ ისუფთავებთ პირის ღრუს და მერე მას მიეცით ამის საშუალება. შეგიძლიათ ეს პროცესი უფრო მხიარული გახადოთ, მიაწოდეთ მას თქვენი ჯაგრისი და სთხოვეთ გაგიხეხოთ კბილები, თქვენ კი მას გაუხეხავთ. ბევრ ბავშვს აქვს სურვილი დაემსგავსოს მშობელს, ამიტომ მათთვის სასურველი პროცესია კბილების ერთად გაწმენდა. თქვენზე დაკვირვებით ისინი სწავლობენ ამის სწორად გაკეთებას და ცდილობენ ზუსტად გაიმეორონ, რასაც თქვენ აკეთებთ.
- აქციეთ პირის ღრუს მოწესრიგება რეგულარულ რუტინად
დააწესეთ დღეში ორჯერ კბილების გამოწმენდის დრო. არ მისცეთ უფლება ბავშვს გამოტოვოს ერთი დღეც კი, რათა ეს პროცესი ყოველდღიურობაში დაინერგოს.
- როლური თამაშები
ბავშვს სათამაშოდ მიეცით ის ჯაგრისი, რომელსაც არ იყენებთ, ჩააცვით ექიმის შესაფერისად, ამით ის შეძლებს თავი სტომატოლოგად წარმოიდგინოს, თავისი თოჯინა კი პაციენტის როლში ჰყავდეს, ამ თამაშით ის ისწავლის ჯაგრისის ხელში დაჭერას და ასევე განუვითარდება მოტორული უნარებიც.
- გახადეთ პროცესი მხიარული
როგორც მერი პოპინსი იტყოდა, ყველაფერი მხიარულდება, რასაც თამაშად ვაქცევთ.
მოაწყვეთ შეჯიბრი, ვინ უფრო დიდხანს შეძლებს კბილების გამოწმენდას. საბოლოოდ კი ნება დართეთ, თუნდაც აბაზანის სარკეზე მარკერით მიაწეროს გამარჯვებულის სახელი.
არსებობს რამდენიმე აპლიკაციაც, რომელიც წამმზომის მეშვეობით განსაზღვრავს კბილების გამოწმენდის ხანგრძლივობას, „დისნეისა“ და „ორალ ბის“ აქვს აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც ბავშვებს შეუძლიათ ჰქონდეთ ინდივიდუალური პროფილი, რომლის მიხედვითაც, ყველა წესის დაცვის შემდეგ, სტიკერებს დაიმსახურებენ.
2 წუთი ხშირად ბავშვებისთვის 2 საათის ტოლფასია, ამიტომ შესაძლოა მათთვის დროის ეს მცირე მონაკვეთიც რთულად გასაძლები იყოს. კარგი გამოსავალია გამოიყენოთ სახალისო აპლიკაციები, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის მხრიდან ზედმეტი კითხვები ან უკმაყოფილება.
- დააწესეთ ჯილდო
დაჯილდოება კარგი გზაა სტიმულის მისაცემად. გააკეთეთ ცხრილი, სადაც უნდა მონიშნოთ სწორად შესრულებული პროცედურა და შესაბამის ადგილას დააკარით სტიკერი. ასევე აუხსენით, რომ ჯილდოდ ძილის წინ ზღაპარი დაიმსახურა. არავითარ შემთხვევაში არ გადასცეთ საჩუქარი, რომელსაც მატერიალური სახე ექნება.
- გამოიყენეთ სიმღერები, საინტერესო ამბები, მულტფილმები
ხშირად სიმღერები ბავშვისთვის რაიმეს სწავლის დიდი მოტივატორი ხდება. ძირითადად ინგლისურ ენაზე არსებობს თემატური სიმღერები, (მაგალითად პირის ღრუს ჰიგიენაზე ), რომლის მელოდია და ტექსტი უფრო მარტივად გვაწვდის ინფორმაციას პირადი ჰიგიენის შესახებ. ასევე კარგი საშუალებაა დროის განსაზღვრისთვის. ქართულ ენაზე ასევე გვაქვს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობით საბავშვო წიგნი სახელწოდებით „ტოპო-ტიპი კბილებს არ იხეხავს“, ტოპო–ტიპი პატარა თაგუნაა, რომელსაც, ჩვენი შვილების მსგავსად, არ უყვარს კბილების გახეხვა, მაგრამ ბოლოს მაინც უჯერებს თავის დედიკოს. თუ როგორ ახერხებს დედა ამას, შეგიძლიათ ამ წიგნიდან გაიგოთ და თქვენს შვილებსაც ასწავლოთ.
- იპოვეთ თქვენი შვილისთვის შესაფერისი სტომატოლოგი
აუცილებელია ექიმის სწორად შერჩევაც, მასთან ვიზიტი ბავშვისთვის სასიამოვნო გამოცდილებად უნდა იქცეს და არა შიშისმომგვრელ პროცედურად. კარგ სტომატოლოგს შეუძლია თქვენს შვილს მისცეს მოტივაცია თავად იზრუნოს პირის ღრუს ჰიგიენაზე, გასცეს საჭირო რჩევები და გასწავლოთ ბავშვისთვის არასასურველი პროცესის მხიარულ რუტინად გადაქცევა.
სახალისო სავარჯიშოები
- დახატე და გაასუფთავე
შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი თეფში, რომელზეც დახატავთ კბილის ფორმის ფიგურას, (ერთ მოზრდილ კბილს), რომლის ცენტრშიც მცირე ოდენობით დაასხამთ წვერის საპარს ქაფს ან თუნდაც კბილის პასტას, ბავშვს მივცემთ ნებისმიერი ჯაგრისს რომ თავისით შეძლოს დახატული კბილის გასუფთავება. შეამოწმეთ, არის თუ არა კბილის პასტა მთელ ზედაპირზე გადანაწილებული და დააკვირდით როგორ შეასრულებს პროცედურას.
- ძაფებით წმენდა
აიღეთ ლეგოს ერთი ნაწილი და გამოტოვებული ადგილები შეავსეთ პლასტილინით. ბავშვს მიეცით ძაფი. თავდაპირველად აუხსენით, რომ ზუსტად ისევე „იჭედება“ საკვები კბილებს შორის, როგორც ლეგოს ბლოკებს შორის პლასტილინი, ამიტომ აჩვენეთ, რომ ძაფის დახმარებით შეგიძლიათ მისი ამოღება.
- ასოებით თამაში
ეს მხიარული გზაა ვასწავლოთ როგორც პირის ღრუს გასუფთავების პროცესი. ასევე ასოები.
ავიღოთ კვერცხის ჩასადები გამჭვირვალე კონტეინერი და ზედ მარკერით დავაწეროთ სიტყვის ასოები არეულად მაგ. ბ კ ე ლ ი ბ ი, ( კ ბ ი ლ ე ბ ი) თითო კვერცხის ჩასადებ ადგილას თითო ასო უნდა იყოს მიწერილი, ბავშვს უნდა მივცეთ ძველი ჯაგრისი და ვთხოვოთ გონებაში ააწყოს სიტყვა და ამის შემდეგ წაშალოს თითო ასო მიმდევრობით.