ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ქალები ხშირად თავს იკავებენ სტომატოლოგთან ვიზიტისგან, მიზეზი შიშია, რომ შესაძლოა სტომატოლოგიური პროცედურების გამო ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს. სტომატოლოგს და სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ზურა ალხანიშვილს ვკითხეთ, რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ქალისთვის ამ პერიოდში კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რა უნდა გაითვალისწინონ მათ.
ორსულები და მეძუძური დედები ხშირად სვამენ კითხვას შეიძლება თუ არა მათთვის სტომატოლოგიური პროცედურები ამ პერიოდში. მთავარი კითხვა ეხება ანესთეზიას. გვესაუბრეთ ამაზე.
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები პაციენტთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც სტომატოლოგთა გუნდის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ყველასთვის ცნობილია, რომ ორსულობაც და ლაქტაციის პერიოდიც ქალის ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პერიოდია. ამ დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, რესპირატორულ, ენდოკრინულ და სხვა სისტემაში ცვლილებებს იწვევს. გამონაკლისს არც საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველი რგოლი, პირის ღრუ წარმოადგენს. სისხლის მიმოქცევის და ჰორმონული ცვლილებები პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსს ცვლის. შედეგად ჰიგიენის რუტინის ერთი პუნქტის უგულებელყოფამაც კი შეიძლება არასასურველ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.
ორსულობა სტომატოლგიური მომსახურების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა სიტუაცია უნდა შეაფასოს და განსაზღვროს სარგებლის და ზიანის მომტანი ფაქტორებიდან, რომელია პრიორიტეტი. საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს ორსულობის დაგეგმვისას პირის ღრუს პრობლემების სრული მოწესრიგება და ყველა პრევენციული ღონისძიების გატარება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რაც ტკივილს, შესიებას ან შეშუპებას გულისხმობს, სტომატოლგოური პროცედურის ჩატარება შესაძლებელია.
რაც შეეხება ანესთეზიას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტის მკურნალობა მულტიდისციპლინურ მიდგომას გულისხმობს. შესაბამისად მნიშვნელოვანია სტომატოლოგსა და პაციენტის გინეკოლოგს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია. არსებობს მოსაზრება, რომ ორსულებში ვაზოკონსტრიქტორის (ადრენალინი) შემცველი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული (ტონუსის მომატების ალბათომის გამო). თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავარი პრინციპი მოსალოდნელი სარგებლისა და შესაძლო ზიანის რისკის თანაფარდობის შეფასებაა. ტკივილმა და არაეფექტურმა გაუტკივარებამ შესაძლებელია უფრო მეტი ზიანი მიაყენოს პაციენტს და ნაყოფს, ვიდრე ეფექტურმა ანესთეზიამ. გარდა ამისა, არსებობს ისეთი საანესთეზიო საშუალებები, რომელიც პლაცენტარულ ბარიერს არ გადის, შესაბამისად ნაყოფისთვის უსაფრთხოა.
ანალოგიური მიდგომაა რენტგენოგრაფიულ გამოკვლევებთან დაკავშირებითაც. რენტგენის სურათის გადაღებისას ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, განსაზღვრავს პრიორიტეტს მოსალოდნელ სარგებელსა და არსებულ პოტენციურ საფრთხეს შორის.
სტომატოლოგიურ მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი არც ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებს აქვთ. ერთადერთი რჩევა, რაც მშობლებმა უნდა გათვალისწინონ, ესაა ანესთეზიის შემდეგ, ბავშვს პირველი კვების გამოტოვება, ვინაიდან ბავშვის აგზნების მცირედი რისკი არსებობს.
რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ორსულისთვის კბილებთან დაკავშირებით და რატომ?
ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ორსულობის გამო ქალებს უჩნდებათ კარიესი, ეწყებათ ღრძილების ანთება და ა.შ, თუმცა, რეალურად, კარიესი ბაქტერიული ეტიოლოგიის (წარმომავლობის) დაავადებაა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენის შედეგია. ვინაიდან ორსულობის დროს პირველ რიგში ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, გამღიზიანებელზე უჯრედულ დონეზე და არა მარტო, ორგანიზმის პასუხიც იცვლება და უფრო აგრესიული და მყისიერია. შესაბამისად, ბაქტერიები, რომლებიც სხვა დროს პირის ღრუში ანთებით ცვლილებებს არ იწვევდნენ, ამ პერიოდში შეიძლება ღრძილის ანთების მიზეზი გახდეს, არსებული ანთებითი პროცესები შეიძლება უფრო გამწვავდეს ან/და ამ პერიოდში გახდეს პაციენტისთვის შემსამჩნევი. ამიტომ, სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდში ქალებმა და როგორ იზრუნონ კბილების ჯანმრთელობისთვის?
პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენას. ჰიგიენური მოვლის საშუალებების შერჩევაში მათ პაროდონტოლოგები დაეხმარებიან. პირის ღრუს დამაკმაყოფილებელი ჰიგიენა და სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები ბევრი შესაძლო გართულების პრევენციის საშუალებაა.