Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საშვილოსნოს ყელის კიბოს  99.7% პაპილომავირუსული (HPV) ინფექციითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება, ხოლო 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით. ბოლო წლებში საშვილოსნოს ყელის ვირუსული კანცეროგენეზის მთავარ პრობლემად პაპილომავირუსული ინფექცია განიხილება, რომელიც მიჩნეულია სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციის ყველაზე გავრცელებულ სახეობად.გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სოფო ბოჯგუა გვესაუბრება პაპილომა ვირუსის ტიპებზე, მის დიაგნოსტირებაზე  და  ასევე, როდის არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მოზარდებისთვის სასურველი და ეფექტური. 

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ ხდება მისი გავრცელება?

ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელება, სქესობრივის გარდა ხდება  ვერტიკალური გზით და კანით კანთან კონტაქტით.  პაპილომა ვირუსის ძალიან ბევრი ტიპი არსებობს, ზოგიერთი კვლევით არსებობს  150-მდე ტიპი და თითქმის ყოვედღიურად იზრდება ამ ტიპების რაოდენობა. ჩვენ უფრო გვაინტერესებს ანოგენიტალური პრობლემების გამომწვევი ტიპები და ყველაზე მეტად ჩვენთვის საინტერესო არის ის ტიპი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. საშვილოსნოს  ყელის კიბოს ყველაზე ხშირად იწვევს 16 ტიპი ვირუსი, შემდეგ მეორე ადგილზე არის გავრცელებადობის თვალსაზრისით 18 ტიპი და შემდეგ მოჰყვება 31,33, 35,39 და ა.შ სადღაც, დაახლოებით 10-დან 12 ტიპის ვირუსი ითვლება ონკოაგრესიულ  ვირუსად.  ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია – დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად, ხშირად 10-15 წელიც კია საჭირო. შესაძლოა, ეს პროცესი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა სკრინინგით შესაძლებელია ადრეული ცვლილებების გამოვლენა, შესაბამისად, მკურნალობის დროული ჩატარება და კიბოს თავიდან არიდება.

როგორ ხდება პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირება?

ხშირად ადამიანები იკეთებენ პაპტესტს და ამბობენ რომ მათ აქვთ პაპილომა ვირუსი. პაპტესტი  პაპილომა ვირუსს არ ადგენს. პაპ ტესტი – ონკოციტოლოგიური გამოკვლევაა, სადაც უჯრედებს ვიკვლევთ და ვაკვირდებით მიკროსკოპით, შესაძლებელია შევნიშნოთ შეცვლილი უჯრედი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვრიცხოთ ეს დაზიანება და ცვლილება ხომ არ არის გამოწვეული პაპილომა ვირუსით.  ამისათვის საჭირო ხდება კვლევების გაღრმავება, საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება (კოლპოსკოპია), HPV  გენოტიპირება  საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია.  თვითონ ვირუსზე საუბრობს ვირუსის გენოტიპირება, ზემოთხსენებული  პსრ – მეთოდით კეთდება. 

გვესაუბრეთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო და ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებები საერთაშორისო დონეზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და იძლევა რეკომენდაციას იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამებში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩართვასთან დაკავშირებით. სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ვაქცინაცია წარმოადგენს პრევენციის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციულ ღონისძიებაათა შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეგულარულ სკრინინგთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს.

2006 წელს დაიწყო აპვ  ვაქცინაცია. ვაქცინა თავდაპირველად მოიცავდა მაღალ ონკოგენურ ტიპებს და იყო ორ ვალენტიანი ვაქცინა, ანუ ბივალენტური  და შემდეგ უკვე შეიქმნა ოთხვალენტიანი ვაქცინა, რომელსაც დაემატა ისეთი ტიპები, რომელიც არ არის ონკოაგრესიული, მაგრამ იწვევს კანზე კონდილომებს, მეჭეჭებს და ა.შ 

2018 წელს შეიქმნა ვაქცინა, რომელსაც ჰქვია ნონავალენტური ვაქცინა, რომელიც ცხრა ვალენტიანია და უფრო მეტ ტიპს მოიცავს, ვიდრე წინა ორი ვაქცინა. 

რატომ არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ეფექტური მოზარდებში და რა ასაკში არის სასურველი ჩატარდეს ვაქცინაცია?

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პირველად სასურველია და  ეფექტურია გაკეთდეს ცხრა წლის ასაკში. 9 დან 12 წლამდე ვაქცინაციის 2 ეტაპად ჩატარება არის საკმარისი, 15 წლიდან კი სამ ეტაპიანი ვაქცინაცია არის საჭირო. 

ამერიკაში და იაპონიაში რეკომენდაციას უწევენ არამხოლოდ მოზარდი გოგონების აცრას, ასევე რეკომენდირებულია მოზარდი ბიჭების აცრაც. ეს ჩვენს პროტოკოლებშიც შემოტანილია, უბრალოდ ჯერჯერობით მოზარდი ბიჭების აცრა უფასო არ არის, ამიტომ ვაქცინაცია მშობლის პასუხისმგებლობაა. იმუნიზაციას არ ახლავს გართულებები, შესაძლებელია მოგვცეს მხოლოდ  ადგილობრივი რეაქცია, როგორც სხვა გეგმიურ აცრებს აქვთ და აცრის შემთხვევაში მისი მოქმედების ხანგრძლივობა არის რვა წელი. რვა წლის შემდეგ რევაქცინაცია ხდება საჭირო. 

ადამიანის პაპილომა ვირუსი ადეულ ვადაზე ძალიან მარტივი სამართავია, ამიტომაც ნუ დაიზარებთ პაპ ტესტს და ჩაერთეთ სკრინინგის უფასო  პროგრამაში. 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსის ლიკა ჯაბიძის ინფორმაციით, საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით: ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5