Skip to content Skip to sidebar Skip to footer

8 სექტემბერი წიგნიერების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით პლატფორმამ “დედამ იცის” მოგიმზადათ  ინტერვიუ მასწავლებელ ინა იმედაშვილთან, რომელიც წიგნიერების მნიშვნელობაზე  გვესაუბრება. 

ინა, გვესაუბრეთ რას გულისხმობს წიგნიერება? რამდენად მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარება მოსწავლეებში და როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეს წიგნიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი  უნარები? 

წიგნიერება ეს არ არის მხოლოდ წიგნების კითხვა და არ უკავშირდება მხოლოდ ლიტერატურას, წიგნიერება ბევრად ფართო ცნებაა და მოიცავს ყველა იმ უნარსა და ჩვევას, რაც ადამიანს შეიძლება ტექსტის მიმართ ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ჩვენ ტექსტების სამყაროში ვცხოვრობთ – ის ყველგანაა, ვიბადებით და დაბადების მოწმობაში ჩნდება ჩანაწერი, ანუ ჩვენ ტექსტებთან ერთად ვიბადებით, ვიზრდებით და საბოლოოდ ალბათ ვკვდებით კიდეც, ჩვენი საბოლოო ეპიტაფიაც ტექსტია. ნარატივებია მათემატიკაშიც, ფიზიკაშიც, ბიოლოგიაშიც – თუ ადამიანს კითხვა, გააზრება უჭირს, მაშინ მისთვის დახურულია ცოდნის კარიბჭე, სწორედ ესაა წიგნიერება, გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც მოიცავს ყველაფერს, ამ სიტყვის მთელი სისავსით. ამიტომ წიგნიერების  განვითარება, წიგნიერების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უმნიშვნელოვანესია, ფაქტობრივად, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. განსაკუთრებით, თანამედროვე ეპოქაში, ამ ინფორმაციით დახუნძლულ დროებაში, როდესაც ტყუილ-მართალი ასეა ერთმანეთში არეული, ინტერპრეტირებული, სკანდალზე ორიენტირებულმა ინფორმაციებმა წაგვლეკეს – სათაური ყვირის, კომენტარებში კი ადამიანები ყვირიან, სიყვითლე ყველგანაა, სოციალური ქსელები უხვად გვაყრის მდარე წერილებს, ამ ქაოსს, ამ ხმაურს კი მხოლოდ ის გაუმკლავდება, ვისაც წიგნიერების კომპეტენცია განვითარებული აქვს. 

როგორ უნდა განავითაროს მასწავლებელმა მოსწავლეებში წიგნიერების უნარები სასწავლო პროცესში

სკოლა ის ეტაპია, ის პლატფორმა – სადაც ჩვენ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრებაში ნახტომისთვის ვამზადებთ, ჰოდა, წიგნიერების მიმართულებით მუდმივი მუშაობით, ჩვენ მათ იმ აბჯარსა და ჯადოსნურ ჯოხს მივცემთ, რომლითაც ცხოვრებაში ნახტომი გაუადვილდებათ, შემეცნების კარი მათთვის გაიღება და გლობალიზაციის, სოციალური ქსელების, ტექსტების სამყაროს, ინფორმაციების ნაკადების შემოტევას მარტივად გაუმკლავდებიან. 

წიგნიერებაზე მუშაობისას  მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი რესურსი და მეთოდები, დაწყებით საფეხურზე ტექსტის აღქმა მნიშვნელოვანია ვიზუალის გარდა, შეხებითაც. ამიტომ საურველია სიტყვების გამოძერწვა, აწყობა. გარდა ამისა წახალისება, სტიმულები – ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება, კარგი იქნება სკოლის ბიბლიოთეკა გამოვიყენოთ, ბავშვებმა წიგნები გამოიტანონ, რაღაც დრო დავუთქვათ, წაიკითხონ, შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ. ილუსტრაციებზე  ვარაუდების გამოთქმა, ერთობლივი კითხვა, გაგრძელებების მოფიქრება, პატარა წიგნების შექმნა – ეს ის აქტივობებია, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება წიგნიერების უნარ-ჩვევების გამტკიცებაში და ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საგანთა შორის კავშირები, ინტეგრირება, რომ მოსწავლემ შეძლოს წიგნიერების ფართო გაგებით აღქმა. 

რამდენად მნიშვნელოვანია მშობელმა უკითხოს ბავშვს და საერთოდ როგორ უნდა შეურჩიოს ლიტერატურა

წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვა ბავშვის მუცელში ყოფნისას იწყება, მნიშვნელოვანია, რომ დედამ ხმამაღლა წაიკითხოს ლექსები, ზღაპრები, ისე როგორც მუსიკა მოქმედებს ჩვილზე, ასევე სიტყვებიც, ამოკითხული ტექსტიც. წიგნების მაღაზიებში ხშირად შევხვდებით ჭრაჭუნა და ჩხარუნა წიგნებს, რომლითაც ჩვილი თამაშობს, ღრძილებს იქავებს, მაგრამ ამავდროულად ტექსტსაც ეჩვევა, ეხება, უყურებს. ამას მოჰყვება მშობლისგან წიგნების წაკითხვა, სასურველია ამ პროცესში დედაც ჩართული იყოს და მამაც, რადგან როლური მოდელი ორივე სქესის წარმომადგენელი გახდეს, ძილის წინ წიგნის კითხვა – ეს მნიშვნელოვანი და ინტიმური რიტუალია, წიგნიერება რომ გვერდზე გადავდოთ, ეს პროცესი შვილსა და მამას, შვილსა დედას შორის განსაკუთრებული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მათ უკვე თავის რიტუალი აქვთ, რაღაც საერთო, რაღაც საიდუმლო – რომელიც მხოლოდ მათია, ძილის წინ ჩურჩულით წაკითხული ამბები კი ისეთი იდუმალი ხდება, ჯადოსნური სიზმრები  ამ პროცესის გაგრძელებაა. მე და ჩემს დას დედა გვიკითხავდა ხოლმე ზღაპრებს, ან თავად იგონებდა ამბებს და გვიყვებოდა, აი ამდენი ხნის შემდეგაც ის მომენტები რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის, რაღაც ძალიან საინტერესოს, საყვარელის  მოლოდინი მიჩნდება. 

მე მგონია, რომ ბავშვმა საკითხავი წიგნი თავად უნდა შეარჩიოს, ჩემი მოსწავლეების მშობლებს ყოველთვის ვურჩევ, წიგნის შერჩევისა და ყიდვის პროცესიც დღესასწაულად აქციონ, ბავშვებს მივცეთ უფლება ანოტაციების, ყდის, ილუსტრაციების მიხედვით იყიდონ ის წიგნი, რომელიც მათ უნდათ, თუნდაც ჩვენთვის არასასურველი იყოს (რა თქმა უნდა, შესაბამისი ასაკობრივი ლიტერატურიდან), ამ აქტით, ჩვენი შვილი  თუ ჩვენი მოსწავლე რაღაცნაირად პასუხისმგებელი ხდება, რომ თავის შერჩეულს წიგნს გაუფრთხილდეს,  წაიკითხოს… არასდროს არ უნდა ვაიძულოთ ბავშვებს წიგნის კითხვა, ეს სულ საპირისპირო შედეგს მოგვცემს, არ უნდა ვაიძულოთ იმ წიგნის კითხვის გაგრძელება, რომელიც აღარ მოსწონს, არ მოვთხოვოთ შინაარსის მოყოლა – ეს წიგნთან ურთიერთობის ინტიმსა და მაგიას ანადგურებს. ყველაზე მთავარია წიგნის კითხვისგან სიამოვნების მიღება ვასწავლოთ, კითხვა სიამოვნება უნდა იყოს და არა ძალდატანება. 

რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის რუტინის შექმნა და შენარჩუნება ბავშვისთვის

სამწუხაროდ, ეს სამყარო არა მხოლოდ უფროსებისთვის, ბავშვებისთვისაც აჩქარდა, უამრავი გაკვეთილისა და წრეების შემდეგ ისე იღლებიან, სახლში მისულებს კითხვის თავიც აღარ აქვთ, ამასობაში ხელიდან გვეცლება კითხვის რუტინა, კითხვის, წიგნის ყოველდღიურობის ნაწილად ქცევა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანი რამეა და არ ღირს დაკარგვად, ამიტომ წლის დასაწყისშივე, ისე დაგეგმეთ თქვენი შვილის დღე, რომ სულ რაღაც დღეში ერთი საათი წიგნის კითხვა მოახერხოთ, ერთად ან ცალ-ცალკე. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება და სამომავლოდ წიგნიერებასთან ერთად, მშვენიერ მოგონებებსაც შექმნის და დამერწმუნეთ, წიგნებთან დაკავშირებული მოგონებები ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5