კითხვა/თხრობი-ს განმავითარებელი მარტივი აქტივობები
ამბის თხრობა – „სთორითელინგი“ მშვენიერი გზაა იმისთვის, რომ თქვენი ბავშვი გახდეს მეტად შემოქმედებითი და ამავდროულად წარმოსახვის უნარიც განუვითარდეს. მასწავლებელი დიანა მაკალათია გთავაზობთ აქტივობებს, რომელიც გამოგადგებათ სახლშიც და საგაკვეთილო პროცესშიც, რათა ბავშვებს ამბის თხრობის ტექნიკა აათვისებინოთ. ქვემოთ მოყვანილი თამაშები
გაუღვივებს მათ კითხვის ინტერესს,
გაუუმჯობესებს წერის პრაქტიკას,
ასწავლის აზრის გადმოცემას,
აუმაღლებს ჩართულობის დონეს.
ამბის თხრობისთვის საჭირო კუბები ან კამათლები
ეს კუბები შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ბავშვებთან ერთად
მარტივად შეგიძლიათ ამობეჭდოთ ნახატები ან თავად დახატოთ ფურცელზე და შემდეგ დააკრათ ისე, რომ კუბი აეწყოს. გადაწყვიტეთ, თუ რამდენი კუბი გინდათ მისცეთ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. მათ უნდა გააგორონ კუბები და გამოიყენონ რაც შეიძლება მეტი გამოსახულება თავიანთი მოთხრობის შესაქმნელად, რომელსაც ან ფურცელზე გადაიტანენ ან აუდიტორიის წინაშე მოჰყვებიან.
ქილაში ჩაყრილი ამონარიდები/წინადადებები
ამობეჭდეთ (ან თავად შექმენით) მოკლე ამონარიდები, წინადადებები ნოველებიდან, ამოჭერით ისე, რომ მოათავსოთ ქილაში ან კონტეინერში. თითოეულმა მოსწავლემ უნდა ამოიღოს თითო ქაღალდი და ზედ დატანილი წინადადების გაგრძელება, ამბის შეთხზვა უნდა შეძლოს. ვფიქრობ, ეს თამაში მხიარული, საინტერესო და დამაინტრიგებელიც კია, რაც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს.
სპინერი
ამ ქაღალდის სპინერის შექმნაც იოლია. არსებობს მაგალითები, რომლის ამობეჭდვაც შეგიძლიათ ან დახატეთ მარტივი გამოსახულებები და დააწერეთ წინადადებები. მაგ. უეცრად მოიღრუბლა – დახატეთ მუქი ფერის ღრუბელი) ეს აქტივობა მთელი კლასის ჩართულობას მოითხოვს. სთხოვეთ მოსწავლეებს წრიულად დასხდნენ. პირველმა მათგანმა თხრობა უნდა დაიწყოს 2-3 წინადადებით, შემდეგ კი სპინერი მის გვერდით მჯდომს გადასცეს. მოსწავლე დაატრიალებს სპინერს და ამბავს რამდენიმე წინადადებას დაამატებს. ასე გაგრძელდება ამბის ლოგიკურ დასასრულამდე.
ამბავი ყუთში
მოათავსეთ სხვადასხვა პატარა საგანი ყუთში. მიეცით მოსწავლეებს მათზე დაკვირვების საშუალება და დრო ფიქრისთვის. მათ უნდა მოიფიქრონ ამბავი, სადაც ნახსენები იქნება ყველა ის საგანი, რომელიც ყუთში მოათავსეთ.
ამ აქტივობის მიმდინარეობის პროცესში, მოსწავლეები შეიძლება შუა გზაზე „გაიჭედონ“ და სირთულეს გადააწყდნენ, ამისთვის მასწავლებელს რამდენიმე საკვანძო კითხვა შეუძლია დასვას, რათა მოთხრობის გაგრძელებაში დაეხმაროს მათ.
ხელნაკეთი მარიონეტული სათამაშოები
თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, თუ რას მოიფიქრებთ საგაკვეთილო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისთვის. ერთ-ერთი სახალისო აქტივობა მარიონეტული სათამაშოების შექმნაა, რასაც კარგად გამოიყენებთ ამბის თხრობისთვის, ის მოსწავლეებს აუდიტორიის აღქმას ასწავლის და ასევე დაეხმარება გაიუმჯობესონ მოსმენის, დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარი არა ბანალური და მოსაწყენი გზით, (მაგ, ტექსტის დაზეპირება) არამედ თამაშით. ეს აქტივობა კარგი ხერხია იმისთვის, რომ მომავალში ბავშვს შეუყვარდეს კითხვა.
ნახატები ქვებზე
ნახატიანი ქვები ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ ავამაღლოთ კლასში მოსწავლეების ჩართულობის დონე, გავხადოთ გაკვეთილი უფრო საინტერესო და განსხვავებული, მორგებულია ყველა ასაკის ბავშვზე.
ქვებზე ხატვა ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ ბავშვს განვუვითაროთ როგორც საკომუნიკაციო, ენობრივი, ასევე წარმოსახვითი უნარები. საინტერესოა ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსაც უფრო მეტად ეხმარებათ მსგავსი აქტივობები და ისინი გაკვეთილზე უფრო პროდუქტიულები და მეტად ჩართულები არიან იმისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი თავი. მოსწავლეებს შეუძლიათ ქვაზე თავად დახატონ ან უბრალოდ სტიკერი მიაკრან რაიმე გამოსახულებით, ეს თავად მათ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შემდეგ უნდა აირჩიონ 1 ქვა, და დაიწყონ ამბისთვის პირველი წინადადების მოფიქრება, ამისთვის შესაძლებელია მასწავლებელმა კითხვებიც დასვას, რაც დაეხმარებათ მათ უკეთ შეასრულონ დავალება. მაგ: „რა ფორმის ან ფერის არის ქვაზე დატანილი გამოსახულება?“ „რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნახატი?“, როგორი განვითარება გსურთ მოთხრობის ან რას ფიქრობ როგორ დაუკავშირდება შემდეგი ქვა ლოგიკურად წინას?“
იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკული დავალებები გახდება თქვენი ბავშვებისთვის საწინდარი იმისა, რომ მეტი ენთუზიაზმი გაუჩნდეთ კითხვისადმი და გახდნენ მეტად შემოქმედებითნი.
გამოყენებული წყარო:https://thecolorfulapple.com/