Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება თეონა ლოდია, ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 

როდის არის კითხვის სირთულის გამოვლენისთვის კრიტიკული ასაკი და როგორ ამოვიცნოთ კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა ბავშვებში?

სკოლაში შესვლასთან ერთად ბავშვი  უმნიშვნელოვანესი გამოწვევის — წერა-კითხვის შესწავლის — წინაშე დგება. სკოლაში მიღებული პირველი გამოცდილება კითხვის შესწავლასთან დაკავშირებით, ბავშვის არა მარტო შემეცნებითი, არამედ სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. თუ დადებითია ეს გამოცდილება,  ბავშვი რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, სიხარულით მიდის სკოლაში და მოტივირებულია. შესაბამისად, მშობლებისა თუ მასწავლებლების სწორ მხარდაჭერას კითხვის ათვისების ამ ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  თუმცა, არცთუ იშვიათად, მიუხედავად სწორი მხარდაჭერისა თუ ხელსაყრელი პირობებისა, ბავშვს მაინც უჭირს კითხვის ათვისება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კითხვის უნარის სპეციფიკურ დარღვევას, რომლის დიაგნოსტირება სპეციალისტის პრეროგატივაა.  თუმცა მშობლისა თუ მასწავლებლის როლი პრობლემის დროული იდენტიფიცირებაა. კითხვის სირთულეების გამოსავლენად კრიტიკული ასაკი არის 5-დან 7 წლამდე. თუკი მოვახერხებთ, ამ ეტაპზე აღმოვაჩინოთ პრობლემა, გაცილებით იოლია მასთან გამკლავება და თანმდევი ემოციური თუ ქცევითი სირთულეების თავიდან აცილება.  დადგენილია მთელი რიგი მახასიათებლებისა, რომლებიც სკოლამდელ ასაკში შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს კითხვა. მაგალითად:

  • სიტყვების, ბგერების მკაფიოდ წარმოთქმის ან მსგავსი ჟღერადობის ბგერების/სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევის სირთულე;
  • საგნების, ფერების, ფორმების სახელების დამახსოვრების სირთულე;
  • სივრცეში ორიენტაციის, სივრცითი მიმართებების (მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ…) სირთულე;
  • ჯგუფური თამაშის დროს წესების, მითითებების გაგებისა და დაცვის სირთულე;
  • გაფერადების, ხატვის, ფანქრის გამოყენების სირთულე და ა. შ. 

თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე თავისებურება შესამჩნევია, რეკომენდებულია მიმართოთ სპეციალისტს, რათა დროულად შეფასდეს ბავშვის უნარები და დაიგეგმოს შესაბამისი ჩარევა. 

მაშასადამე, კითხვის უნარის ჩამოყალიბება სკოლაში შესვლის შემდეგ კი არ იწყება, არამედ ამ უნარის წარმატებით ათვისებისთვის მთელი რიგი წინაპირობები ბავშვის ცხოვრების პირველი შვიდი წლის განმავლობაში ვითარდება.  მაგალითად, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფონოლოგიური ცნობიერება (სიტყვების ბგერითი ანალიზის და სინთეზის უნარი) კითხვის უნარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა და წინ უსწრებს ასოების ცნობის უნარის განვითარებას. 

კითხვა რთული ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია, მოზრდილებს გვიჭირს იმის გაცნობიერება, თუ რა დიდ ძალისხმევას მოითხოვს კითხვის სწავლა ბავშვისგან. კითხვა იწყება ასოების მხედველობითი აღქმით, გარჩევით და ცნობით. შემდეგ ხდება ასოების დაკავშირება შესაბამის ბგერებთან, ხორციელდება სიტყვის ბგერითი მთლიანობის აღქმა ანუ მისი წაკითხვა, ბოლოს კი, წაკითხულის გაგება სიტყვის შინაარსთან დაკავშირებით. ზრდასრული ადამიანის კითხვის პროცესში ცნობიერდება მხოლოდ წაკითხულის შინაარსი, ხოლო ის ფსიქოფიზიოლოგიური ოპერაცია, რომელიც ამას წინ უსწრებს, მიმდინარეობს გაუცნობიერებლად,  ავტომატურად. 

მოგვიანებით, სკოლის ასაკში, კითხვის სირთულეების აღმოსაჩენად საყურადღებო თავისებურებებია, მაგალითად, კითხვის დაბალი მოტივაცია, წაკითხულის გააზრების სირთულე, შეცდომები სიტყვების ამოკითხვისა თუ ჩაწერისას.  არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კითხვაში სირთულეების მქონე ბავშვები მასწავლებლების ყურადღების ცენტრში რთული ქცევის გამო ექცევიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ქცევის პრობლემები უფრო თვალშისაცემია, თუმცა, მოგვიანებით სპეციალისტის შეფასების კვალდაკვალ აღმოჩნდება, რომ ქცევის პრობლემების  უკან კითხვის სირთულეები დგას. 

მთავარი გამოწვევა კითხვის სირთულეების მქონე ბავშვის სწავლებისას არის მეთოდების სწორად შერჩევა. ბავშვი ვერ სწავლობს იმ სტანდარტული მეთოდებით, რომელთაც მას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სთავაზობს. ბავშვის უნარების შეფასების საფუძველზე უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც ისწავლის ის სკოლაში. სწავლების მეთოდები უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ძლიერ მხარეებს და ირიბად ავითარებდეს სუსტ მხარეებს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დახმარების სტრატეგიები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მშობლის, მასწავლებლის და შესაბამისი სპეციალისტის შეთანხმებული, თანმიმდევრული დახმარებით აუცილებლად მიიღწევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5