ბავშვები, რომლებსაც კოლიკა აწუხებთ, ტირიან საათების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯანმრთელები, დანაყრებულები და მშრალები არიან.
კოლიკა, როგორც წესი, იწყება 2 კვირის ასაკში და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე.
მოუყევით პედიატრს ბავშვის ტირილის შესახებ, რათა გამორიცხოს ჯანმრთელობის პრობლემა.
სცადეთ თეთრი ხმაური, რწევა, გახვევა, მასაჟი და ბავშვის დაჭერა ვერტიკალურად ჭამის დროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კარგად გრძნობდეთ თავს. ამიტომ მიმართეთ დახმარებისთვის ოჯახს და მეგობრებს.
რა არის კოლიკა?
კოლიკა არის ჯანმრთელი ბავშვის უკონტროლო ტირილი. თქვენ შეიძლება მასზე ეჭვი მიიტანოთ, თუ ბავშვი არის 5 თვემდე, ტირილი გრძელდება 3 საათზე მეტხანს, 3 ან მეტი დღე კვირაში და ეს გრძელდება ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
კოლიკა არ არის დაავადება და გრძელვადიან ზიანს არ მიაყენებს თქვენს შვილს, მაგრამ ის ხშირად ძალიან დამთრგუნველია ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.
დაახლოებით 1 ბავშვს 5-დან კოლიკა ეწყება 2-3 კვირის ასაკში, ან 2-3 კვირის შემდეგ, თუ ნაადრევი ახალშობილია.
კოლიკის სიმპტომები
ჩვილები, როგორც წესი, ტირიან, როცა უნდათ ჭამა, საფენის გამოცვლა, ურთიერთობა, არიან გადაღლილები ან შეშინებულები. თუ ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია და ბავშვი მაინც ტირის, სავარაუდოდ, ეს კოლიკაა. მას ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:
- გადაჭარბებული ტირილი, ხშირად დღის ერთსა და იმავე დროს, ძირითადად, საღამოს საათებში.
- ტირილი არის ჩვეულებრივზე ხმამაღალი. თქვენი პატარა შეიძლება გამოსცემდეს ისეთ ხმებს, თითქოს ტკივილი აწუხებს.
- ბავშვი არ მშვიდდება, მიუხედავად თქვენი მცდელობებისა.
- ტირილის ეპიზოდები იწყება უეცრად და ასევე მთავრდება.
- მუცლის პრობლემების ნიშნები: ბავშვები, რომლებსაც გაზები ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები აწუხებთ, შეიძლება ძალიან გაღიზიანდნენ. ტირილის დროს ჰაერის გადაყლაპვა კი აძლიერებს გაზების პრობლემებს. შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი, რომელსაც კოლიკა აწუხებს, შეიძლება თითებს კუმშავდეს, ზურგს რკალავდეს, წითლდებოდეს, ფეხებს იქნევდეს და გაზებს უშვებდეს ტირილის დროს.
რამდენ ხანს გრძელდება კოლიკა?
საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეა. კოლიკა ძლიერდება 6 კვირის ასაკში და სუსტდება 3-დან 4 თვის შუალედში. 4 თვისთვის ჩვილების 80-90% თავს აღწევს მას. ზოგიერთს შეიძლება კიდევ 1 თვე დასჭირდეს.
დიახ, ეს გრძელი გვირაბია. მაგრამ, ამასობაში ისწავლეთ, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი და ითხოვეთ დახმარება, როცა დაგჭირდებათ. იმ ჩვილის მოვლა, რომელსაც კოლიკა აწუხებს, ძალიან დამთრგუნველია და თქვენ გჭირდებათ რეგულარული შესვენებები, რომ თავი კარგად იგრძნოთ. დატოვეთ ბავშვი სანდო ადამიანთან, სანამ თქვენ გაისეირნებთ, გამოიძინებთ ან ტირილით განიტვირთებით.
რა იწვევს კოლიკას?
კოლიკის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. თუმცა, გამოყოფენ სავარაუდო რისკ-ფაქტორებს:
- მოწევა. იმ დედების შვილები, რომლებიც ეწეოდნენ ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უფრო მიდრეკილნი არიან კოლიკისკენ, თუმცა ეს რისკი მცირდება ძუძუთი კვების დროს.
- მგრძნობიარობა. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კოლიკისგან გამოწვეული ხანგრძლივი ტირილი არის ფიზიკური გათავისუფლების საშუალება მგრძნობიარე ბავშვებისთვის. ასეთი ბავშვები საღამოობით დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების, ხმების ან შეგრძნებების გადამუშავებას ვერ ახერხებენ და გაღიზიანების გამო ტირიან.
- მუცლის პრობლემები. ზოგიერთი ექსპერტის აზრის გასტროენტეროლოგიური ფაქტორების დამსახურებაა კოლიკის სიმპტომები. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში, თუ დარწმუნდებით, რომ ძუძუთი ან ბოთლით კვების დროს არ ყლაპავს ზედმეტ ჰაერს, ამოაქარვებინებთ (ამოაბოყინებინებთ) ჭამის შემდეგ და უზრუნველყოფთ სწორ მოჭიდებას ძუძუთი კვების და შესაბამის ბოთლს ხელოვნური საკვების შემთხვევაში.
ჩვილების 2-3% აქვს მუცლის ტკივილი ძროხის რძის ცილაზე ალერგიის ან ლაქტოზის აუტანლობის გამო. თუ თქვენ ამაში ეჭვი შეგეპარებათ, ამოიღეთ თქვენი მენიუდან რძის პროდუტები (თუ ძუძუთი კვებავთ) ან შეატყობინეთ ექიმს, რომ ბავშვს დაუნიშნოს ჰიპოალერგიული ფორმულა (თუ ბავშვს კვებავთ ადაპტირებული ნარევით).
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი. თუ თქვენი ბავშვი ხშირად აღებინებს, შეიძლება ჰქონდეს რეფლუქსი, რომელიც იწვევს კოლიკის სიმპტომებს. შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ და დააკვირდით, ხომ იმატებს ასაკობრივი ნორმის ფარგლებში.
- ნაწლავის ბაქტერია. ერთი თეორიის თანახმად, კოლიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების დისბალანსით. კვლევები აჩვენებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც კოლიკა უფრო მეტად აწუხებთ, ნაწლავის განსხვავებული მიკლოფლორა აქვთ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ნაკლებად იტანჯებიან ამით.
- სეროტონინის მაღალი დონე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კოლიკის მქონე ზოგიერთი ბავშვი გამოყოფს მეტ სეროტონინს – ჰორმონს, რომელიც ეხმარება ტვინს სხეულთან კომუნიკაციაში და იწვევს შინაგანი კუნთების შეკუმშვას.
- ადრეული შაკიკი. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კოლიკა ბავშვთა შაკიკის ადრეული სიმპტომი შეიძლება იყოს.
- ოჯახური სტრესი. კვლევების მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ იმ დედების შვილებს უფრო აწუხებთ კოლიკა, რომლებიც განიცდიან შფოთვით აშლილობას. არსებობს კავშირიც ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და კოლიკას შორის. თუ თქვენ განიცდით შფოთვას ან დეპრესიას, მიმართეთ სპეციალისტს თქვენი და თქვენი შვილის კარგად ყოფნისთვის.
მივმართო ექიმს კოლიკის დროს?
დიახ, კარგი აზრია, რომ ექიმს აცნობოთ თქვენი შვილის გამუდმებული ტირილის შესახებ, რათა მან გამორიცხოს საშარდე გზების ან ყურის ინფექციები. თუ თქვენს პატარას აქვს სიცხე, ღებინება, ფაღარათი ან სისხლიანი განავალი – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს არ არის კოლიკის სიმპტომები.
კოლიკის დროს ბავშვის დამშვიდების მეთოდებზე წაიკითხეთ შემდეგ სტატიაში.
წყარო: www.babycenter.com