Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმისდედამ იცისკითხვებსპასუხებს  ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

როდის და როგორ ჩნდება კომპლექსები ბავშვებში? რას განიცდის ამ დროს ბავშვი და როგორ დავეხმაროთ

კომპლექსები აზრების, წარმოდგენებისა და განწყობების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის მიმართ უჩნდება. ბავშვს, რომელსაც ფსიქოლოგიური კომპლექსები აქვს, დამახინჯებული ხედვა უყალიბდება თავისი სხეულისა და გონებრივი შესაძლებლობებისადმი. ამის გამო ხშირად განიცდის ფსიქოლოგიურ, ემოციურ დისკომფორტს. კომპლექსები იწვევს ქცევის შეცვლას, გარკვეულ შემთხვევებში სოციალურ იზოლაციამდეც  შესაძლოა მიიყვანოს ინდივიდი. კომპლექსების მქონე ბავშვის ქცევა თვალშისაცემია სკოლაში, თანატოლებთან, უცხო გარემოში, ოჯახში. როგორც წესი გაურბიან ურთიერთობას, სიახლეს, საკუთარი თავის წარმოჩენას, ხშირად მარტო რჩებიან მძიმე განცდებთან, თუმცა ასევე შესაძლოა ერთიანად გამოამჟღავნონ მძლავრი ემოციები – ბრაზი, ტირილი, აგრესია. ისინი მუდამ კრიტიკულები არიან საკუთარი თავისადმი, რაც  უშლით ხელს გარემოსთან ადაპტირებაში.

რა იწვევს ამგვარ მდგომარეობას ბავშვებში?

აღზრდას, ადრეულ გამოცდილებას, მაგალითებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მშობელი ძალზედ კრიტიკული და მომთხოვნია საკუთარ შვილთან ურთიერთობისას და ნაკლებად ითვალისწინებს იმ რეალურ რესურსებს, რაც აქვს ბავშვს, ასაკობრივ მახასიათებლებს, განვითარების საფეხურს. მუდამ უკმაყოფილოა იმ ქცევით თუ შედეგით, რომელსაც ბავშვი ამჟღავნებს. ასეთი მიდგომის მშობლები, როგორც წესი არ ავლენენ უპირობო მიმღებლობას, მათ მუდამ აქვთ მკაცრი კრიტერიუმები, გადაჭარბებული მოლოდინები. შედეგად კი ბავშვს უყალიბდება განცდა – ,,მე საკმარისად კარგი არ ვარ’’. ეს იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ სირთულეებს, დამახინჯებული წარმოდგენების ჩამოყალიბებას, თვითშეფასების მნიშვნელოვნად დაქვეითებას, რაც თავის მხრივ ცვლის და ართულებს ქცევასაც.

არსებობს მეორე უკიდურესობა – ჰიპერმზრუნველობა, რა დროსაც დედ-მამა არ უქმნის შვილს ისეთ სივრცეს, სადაც ის გამოავლენს სოციალური თვალსაზრისით აუცილებელ უნარებს,  არ აძლევს შესაძლებლობას  ცდისა და შეცდომის გზით განვითარების. ასეთი მიდგომის მქონე მშობლები ყველაფერს აკეთებენ თავად, რათა ბავშვმა არ განიცადოს მარცხი, ტკივილი. ამასობაში ბავშვი იზრდება, მიდის სკოლაში, სადაც უამრავ სირთულეს აწყდება, როგორც თანატოლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე აკადემიური სწავლების მიმართულებით და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მას გარკვეულ წინააღმდეგობებთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები არ აქვს. არასწორია, ცხადია, როდესაც გადამეტებულ, ილუზორულ წარმოდგენებს ვუყალიბებთ აღსაზრდელს საკუთარი თავის მიმართ. ადამიანი არის ერთიანი მთელი, რაც გულისხმობს როგორც დისფუნქციურ ასევე ფუნქციურ მხარეებს და ჩვენი ვალია მივიღოთ ეს მოცემულობა ბავშვებთან ურთიერთობაში და დავიცვათ ისინი პოტენციური იმედგაცრუებისაგან მომავალში.

როგორ დაიცვას მშობელმა ზღვარი, რომ მომავალში ასეთი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს ბავშვი?

როგორც უკვე ვახსენე, უპირობო მიმღებლობა არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც შენდება ჯანსაღი ურთიერთობა. მშობლებს უნდა გვჯეროდეს ჩვენი შვილების, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველა მიმართულებით საუკეთესო უნარ-ჩვევებს ავლენს, თუმცა ყველას აქვს თავისი უნიკალური პოტენციალი, რომელსაც სჭირდება შემჩნევა. ბავშვი წარმოდგენებს იყალიბებს იქიდან გამომდინარე, თუ რა ინფორმაციებს იღებს გარშემომყოფებისაგან. თუ მას მუდამ ესმის, რომ არასაკმარისად ძლიერია, თანატოლები მასზე კარგად ართმევენ თავს სხვადასხვა დავალებებს, უუნაროა, უნიჭოა, სუსტია – ამ შემთხვევაში ის შესაძლოა იმდენად მიჰყვეს ამ წინასწარმეტყველურ დამოკიდებულებას, რომ მართლაც დაკარგოს წვდომა საკუთარ რესურსებთან, ნიჭთან, სურვილებთან. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ იმის მიუხედავად რამდენად წარმატებული იქნება  ბაღსა თუ სკოლაში, ფეხბურთსა თუ ცურვაზე მშობელს ეყვარება, გაუგებს, მიიღებს, მხარს დაუჭერს. შეცდომები და მარცხი არ უნდა აღიქმებოდეს ტრაგედიად. რადგან განვითარება მოდის სწორედ შეცდომებისაგან თუ, რა თქმა უნდა, მას გამოვიყენებთ, როგორც რესურსს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5