Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი.  
 

რა არის კომპლექსური დავალება? რას სწავლობს ბავშვი ასეთი დავალების მომზადებისას? 

კომპლექსური ეწოდება ისეთი ტიპის დავალებას, რომლის მიზანია ერთდროულად რამდენიმე უნარის გავარჯიშება და ამ პატარა საფეხურების შეერთებით უფრო მასშტაბურ შედეგზე გასვლა. სწორად მიცემული და შესრულებული კომპლექსური დავალება მოსწავლეს უზრდის თვითშეფასებას, თვალსაჩინოდ ანახებს თავისივე განვითარების შედეგებს, აჩვენებს, როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში სკოლაში ნასწავლი მასალა და გარდა ამისა, თამაშ-თამაშით უვითარებს დასახული პრობლემებისა და ამოცანების დამოუკიდებლად და შემოქმედებითად გადალახვის უნარებს. 

კომპლექსური დავალების შესრულებისას ბევრად მარტივია, ბავშვმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს მისთვის სასურველი გზით. ამ მოქნილობას ქმნის ზუსტად ის, რომ ერთი და იგივე მსხვილი შედეგი შესაძლოა დადგეს სხვადასხვა ქვესაფეხურებზე აქცენტის გაკეთებით, იმის მიხედვით, თუ რა არის მოსწავლის კონკრეტული ინტერესი. კონკრეტულ პროექტში ზოგი უკეთეს დიზაინს შექმნის, ზოგი უკეთ გამოითვლის რა არის საჭირო, ზოგი უკეთ წარადგენს კლასის წინაშე და ა.შ. 
 

რა კოგნიტური პროცესები უნდა გაიაროს მოსწავლემ ასეთი დავალების შესრულებისას? 

აი, ზუსტად აქ არის მასწავლებლისა და მშობლის როლი. სასარგებლო კომპლექსური დავალება შესაძლოა ტანჯვად ექცეს ბავშვს, თუ ის უფროსის დახმარებით ვერ მიაღწევს იმას, რომ დავალება დაყოს ქვესაფეხურებად. რით უნდა დავიწყოთ, შემდეგ რა მოდის, ბოლოს რა უნდა იყოს. ამგვარი აზროვნების განვითარება ნათლად აჩვენებს ბავშვს, სად აქვს გამოწვევები, რაზე უნდა იმუშაოს უფრო მეტი, რა უკეთ გამოსდის. ასე ვითარდება ანალიტიკური უნარი, რაც ადამიანს სკოლის დასრულების შემდეგაც, ცხოვრების ბოლომდე თვითგანვითარებაში ეხმარება. თუ მასწავლებელი ითხოვს იდეალურად შესრულებულ დავალებას, აქ აღარ რჩება სივრცე ბავშვის განვითარებისთვის, ის ისტრესება, უვარდება თვითშეფასება, მშობელს სთხოვს დავალების შესრულებას და ირღვევა მისი განათლებისთვის საჭირო მთელი ციკლი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმაც სწორად აუხსნან მშობლებს, რომ რთული დავალების მიცემა არის ისეთივე სავარჯიშო ტვინისთვის, როგორც სპორტული დატვირთვა ორგანიზმისთვის – მწვრთნელი გეხმარება, მხარს გიჭერს, მაგრამ შენს ნაცვლად ვერ ივარჯიშებს, რომ ამ რთულ მიზანს მიაღწიო. 

რა არის კომპლექსური დავალების უმთავრესი მიზანი, რას ამოწმებს, რა უნარებს ავითარებს? 

ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰყავს გარშემო ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი ოცნებები, იცის რა სჭირდება ბედნიერებისთვის, როგორი უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვერ აღწევს შედეგს და ამით უბედურია. ზუსტად ეს არის კომპლექსური დავალების შესრულების მთავარი მიზანიც. ადამიანი მიაჩვიოს არა მხოლოდ ოცნებების წარმოდგენას, არამედ ამ ოცნებების გეგმებად, ამოცანებად, დეტალებად გარდასახვას და ამგვარი პატარა საფეხურებით წინ სიარულს. 

სანამ ინტერნეტი იარსებებდა, სკოლის ფუნქცია იყო რაც შეიძლება დატვირთული ინფორმაციით გაეშვა ადამიანი, იმიტომ რომ გარემოში ეს ინფორმაცია ასე ადვილად ხელმისაწვდომი აღარ იყო. დღეს ეს ასე არ არის. ზუსტად ორი წუთია საჭირო, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მოიძიო. ამიტომ სკოლამ შეიცვალა ფუნქცია. ასე მარტივად მოძიებადი ფაქტების დაზეპირების ნაცვლად, ის ვალდებულია განავითაროს ის უნარები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანს დაეხმარება გააგრძელოს განვითარება ტექნოლოგიურად ასე სწრაფად განვითარებად გარემოში და არ იყოს მისი ატესტატისა და დიპლომის იმედად, რომელიც სულ უფრო და უფრო დაკარგავს ძალას, თუკი ადამიანს არ ექნება დამოუკიდებლად განვითარების უნარ-ჩვევები და სულ სხვას დაელოდება, ვინ მიაწვდის დაღეჭილ ინფორმაცია, რომ თვითონ დაიზეპიროს. 

როგორ დაეხმაროს მშობელი ბავშვს, როდესაც მას აქვს კომპლექსური დავალება? 
 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეცადეთ იყოთ კარგი მწვრთნელი თქვენი შვილისთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ გოლების გასატანად მოედანზე მან უნდა ითამაშოს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5