Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვებში აგრესიული ქცევა სკოლამდელ ასაკშიც იჩენს თავს  და ხშირად ისინი თავიანთ ბრაზს და  უკმაყოფილებას ნეგატიური ქცევით  გამოხატავენ. მშობლები და ბავშვებთან დაკავშირებული პირები კი  ამ გამოწვევას სრულიად მოუმზადებელი და არაინფორმირებული ვხვდებით. განათლების ფსიქოლოგს და ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ნინუ კიკნაველიძეს ვთხოვეთ  აეხსნა, რა განაპირობებს  კონფლიქტს ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ მათ პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრაში.

ნინუ კიკნაველიძე
განათლების ფსიქოლოგი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

რა შეიძლება გახდეს  კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში  და რას მიგვანიშნებს ბავშვი აგრესიული ქცევის დროს?

აგრესია, როგორც არასასურველი ქცევა ბავშვის მხრიდან, გამოიხატება საკუთარი თავის ან სხვისი მისამართით. სოციალურად მიუღებელ აქტივობებს, ბავშვები ძირითადად მიმართავენ ყურადღების მიქცევის მიზნით. ბავშვებმა ხშირ შემთხვევაში იციან, რომ ისინი არასასურველ ქმედებას ჩადიან, თუმცა საკუთარ სურვილებთან და მოთხოვნილებებთან შეწინააღმდეგება უჭირთ.

იმედგაცრუება და ბრაზი მაშინ, როდესაც მათ გარშემო ყველაფერი ისე არ ხდება როგორც მათ უნდათ, გამოწვეულია იმით, რომ ისინი ვერ იკმაყოფილებენ საკუთარ სურვილებს და შესაძლოა ეს გამოიხატოს არასასურველ ფიზიკურ ქმედებაში. სხვისთვის ან საგნებზე ხელით საზიანო შეხება ნიშნავს იმას, რომ ისინი მოითხოვენ ყურადღებას კონკრეტული კონფლიქტის დროს, რითაც ბავშვი ამბობს – ,,შემომხედეთ, ძალაუფლება ჩემს ხელშია.’”

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რა არის კონფლიქტის გამომწვევი თავისებურებები?

0-2 წელი:

ის, რაც შეიძლება კონფლიქტი გეგონოთ, არის ხშირად მარტივი, ბავშვური ქცევა (ხელის კვრა, ნივთის გამოგლეჯვა, ჩარტყმა).

 საკუთარი თავის კონტროლი და მოლაპარაკების უნარი ამ ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას.

ბავშვები, მნიშვნელოვან უნარებს ივითარებენ კონფლიქტების დროს, რაც გამოიხატება ერთმანეთის მოსმენით და სიტყვების წარმოთქმით, რომლითაც ისინი საკუთარ თავს გამოხატავენ.

3-4 წელი:

 ამ ასაკის ბავშვები არიან მესაკუთრეები  და უჭირთ სათამაშოების გაზიარება.

რადგან 3-4 წლის ბავშვები კონფლიქტებს აღიქვამენ მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, მათთვის რთულია სხვისი ემოციების გაგება და გაზიარება.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ხშირად ყურადღების მიქცევის მიზნით ერთვებიან კონფლიქტში.

5-6 წელი:

 ამ ასაკში უკვე ხდება კარგის და ცუდის გაგება და გაცნობიერება.

ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლებიც მომავალში შესაძლებელია მოხდეს.

ამ ასაკის ბავშვებს, აქვთ უნარი წინასწარ განსაზღვრონ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ კონკრეტულ ქმედებას/ქცევას.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კონფლიქტის მოგვარება და მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილება?

გაითვალისწინეთ ეს მარტივი საფეხურები, რომელებიც დაგეხმარებათ მოაგვაროთ კონფლიქტები ბავშვებში.  ეს ფორმულა ეფექტურია 3 წლის ასაკიდან  და ზევით:

დასხედით ერთად. ბავშვები დასვით ერთმანეთის პირისპირ და ჰკითხეთ – რა მოხდა?

დაეხმარეთ მათ, უთხრან ერთმანეთს (და არა თქვენ), რაც მოხდა. წაახალისეთ ბავშვები – შეხედონ ერთმანეთს თვალებში და მოჰყვნენ ამ ამბავს საკუთარი პოზიციიდან, რიგრიგობით. არ არის საჭირო, რომ ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, მთავარია ერთმანეთს მოუსმინონ. მოსმენა ეხმარება თანაგრძნობის განვითარებას.

დაეხმარეთ მათ, იმის გააზრებაში, რომ ერთმანეთს აწყენინეს. შეაჯამეთ, რაც მოისმინეთ, ხაზი გაუსვით ორივე ბავშვის როლს კონფლიქტის წარმოქმნაში და მის შედეგებში.

სთხოვეთ ორივე ბავშვს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს სიტუაციის გამოსწორებაში. ორივეს შეუძლია იფიქროს, თუ როგორ დაეხმარონ ერთმანეთს, რომ უკეთ იგრძნონ თავი და მომავალში ეს კონფლიქტი აღარ განმეორდეს. არ აიძულოთ მათ მობოდიშება, თუმცა ახსენეთ ის, როგორც კარგი პირველი ნაბიჯი. ფოკუსირება მოახდინეთ პრობლემის გადაჭრაზე ბოდიშის მიღმა.

წაახალისეთ ბავშვები მოძებნონ თამაშის ალტერნატიული გზები და აუხსენით, რომ როგორც კი ისინი დაიცავენ შეთანხმებებს თამაშის დროს, უფრო მეტად ისიამოვნებენ პროცესით და ერთმანეთთან ურთიერთობით.

როგორ უნდა ითანამშრომლონ ბაღმა და მშობელმა, როდესაც ბავშვებს საბავშვო ბაღში აქვთ პრობლემა?  რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დროს მედიაცია?

ყველაზე გავრცელებული მიზეზი კონფლიქტური სიტუაციებისა პედაგოგებსა და მშობლებს შორის დაკავშირებულია ქცევით პრობლემებთან, რომლებიც მომდინარეობს მათი შვილებიდან და ნებისმიერი ხილული განსხვავებებიდან ბავშვების ქცევაში და დამოკიდებულებაში. ასეთ სიტუაციებში მშობელი შეიძლება დაუპირისპირდეს პედაგოგს, ბაღს და სხვა მშობლებს. ზოგჯერ ეს შესაძლოა გამოჩნდეს ისე, თითქოს ბაღი ქმნის საკუთარ კოალიციას და მშობლები კი საკუთარს. ძალიან ბუნებრივია ფიქრი იმის შესახებ, რომ თქვენ შვილს ყველაფერი იდეალურად აქვს და პრობლემები არის სადღაც სხვაგან.

ხშირად გაცილებით მარტივია გადაჭრა რაღაც საკითხი სწრაფად და ლოკალურად, ვიდრე დაელოდო სიტუაციის გამწვავებას, თუმცა ეს ყოველთვის არ არის მართებული და შესაძლებელი, რადგან ზოგჯერ მშობლებს სურთ მოისმინონ რას იტყვის სხვა მშობელი და პედაგოგი. პედაგოგმა შესაძლოა ისაუბროს იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მან შეამჩნია, თუმცა მშობელმა შესაძლოა ეს არ ჩათვალოს მნიშვნელოვან საკითხად. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ყველა ჩართული მხარე შეთანხმდეს დროსა და ადგილზე (შესაძლოა ეს იყოს მედიაციის ოთახი), სადაც მათ შეეძლებათ შეხვედრა და შემთხვევის განხილვა. სწორედ აქ შეგიძლია ნამდვილად გაიგო რა სიტუაციაშია ბავშვი სახლში, რა სიტუაციაშია ბაღში და რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დაეხმარო მას მის რეალურ საჭიროებებში და ინტერესებში.

ზოგჯერ, მშობლები არ აქცევენ ყურადღებას პედაგოგის მონათხრობს, რადგან ხშირად ბავშვის ქცევა სახლში და ბაღში ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბავშვს აქვს  თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე.

ყველასთვის გასაგებია, რომ მშობელიც, როდესაც საუბარი შეეხება მის შვილს და მასწავლებელიც, როდესაც ის აწყდება სირთულეებს, შესაძლოა იყვნენ ემოციურები. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ დიალოგის დაწყებამდე. ის ეხმარება ემოციების გვერდით გადადებაში და რეალური ფაქტების დანახვაში. თუ მასწავლებელი შენიშნავს, რომ ბავშვი აკეთებს ისეთ რამეს, რომელიც მანამდე სხვა ბავშვის ქმედებაში არ გამოვლენილა, მაშინ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა აწარმოოს ჩანაწერები, რაც დაეხმარება კონკრეტული ქცევის ანალიზში და მიაგნებს ქცევის გამომწვევ წინაპირობას. ეს ჩანაწერები ეხმარება ბაღის გუნდს ობიექტურად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიკაცია და მშობლებთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის სპეციალისტებს და დაგეგმოს პროფესიული ჩარევის გზები.

რას ურჩევდით  მშობლებს და მასწავლებლებს?

დიალოგის პროცესი მშობელსა და პედაგოგს შორის სასურველია შედგეს მედიაციის ოთახში, სადაც კომუნიკაცია მარტივია, ვიდრე ბავშვის ჯგუფის ოთახში ან დერეფანში. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, რომ პედაგოგები და ბაღის ადმინისტრაცია კონცენტრირებულია ბავშვის კეთილდღეობაზე და რეალურად აქვთ თანამშრომლობის  სურვილი.

ამის გაცნობიერების შემდეგ, მშობლები  ხდებიან უფრო გულწრფელები, გამოხატავენ ნდობას და არიან მშვიდად. შემდეგ ისინი აცნობიერებენ, რომ ბაღის მხრიდან მიღებული რეკომენდაცია არის არა შეტევა, არამედ ბავშვზე ცენტრირებული მიდგომა. დიალოგის დასაწყისში არავინაა უკეთესი ან უფრო ჭკვიანი. ყველა მშობელი დაინტერესებულია, რომ მათმა შვილმა მიიღოს საუკეთესო, თუმცა ასევეა პედაგოგიც, როდესაც ის თანმიმდევრულად  ასრულებს საკუთარ საქმეს, დაინტერესებულია ყველა დეტალით, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და ქონდეს შესაბამისი გარემო განვითარებისთვის.  მედიაცია არის საუკეთესო იარაღი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ კომპრომისს. დიახ, მედიაცია არ არის ყოველთვის მარტივი, ის, როგორც წესი, მოითხოვს ბევრ დიალოგს, რომ დავინახოთ პოზიტიური დინამიკა, რისი მიღწევაც ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია. მედიაციის პოზიტიური შედეგებიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ ნეგატიური სტერეოტიპების შემცირება, რომელებიც მშობლებს გააჩნიათ ბაღების მიმართ და ის მომდინარეობს მათი ბავშვობის დროინდელი გამოცდილებიდან.

იყავით კარგი მაგალითი, უთხარით ბავშვებს, რომ იყვნენ ისეთები და მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ, მაგრამ მათ უნდა აკონტროლონ თავიანთი ქმედებები. მოახდინეთ ქცევების ილუსტრაცია და მოდელირება, რომლებსაც ბავშვებისგან ელით. თუ თქვენ არ გინდათ რომ ბავშვი ყვიროდეს, აზიანებდეს სხვას და შედიოდეს კონფლიქტში, პირველ რიგში შეცვალეთ საკუთარი ქცევა!

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5