“დედამიცის” ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
გვესაუბრეთ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე. რა ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი აქვს მას კორონავირუსისგან?
ვირუსები რომ მუტაციას განიცდიან, ეს ახალი ამბავი არ არის და ეს მათ ბიოლოგიურ განვითარებაში დევს. მთავარი გახლავთ ის, რომ ახალმა ვირუსმა SARScov 2-მა გაჩენის დღიდან დღემდე, დაახლოებით 4000-მდე წერტილოვანი მუტაცია განიცადა. ამ ახალ ვარიანტში და არა ახალ შტამში, (მნიშვნელოვანია, ტერმინოლოგიურადაც სწორად გავაკეთოთ ამის დეფინიცია) თავი მოიყარა 23-მა მუტაციამ, მათ შორის რვა მუტაცია არის ვირუსის გენომის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის მთავარი დამაკავშირებელი ადამიანის რეცეფტორებთან. სპაიკ ცილის ამ რვა მუტაციაში ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა, რომელიც სპაიკ ცილის კონკრეტულად ე.წ. რეცეფტორთან დამაკავშირებელი დომენის ცვალებადობას უკავშირდება. მსოფლიოში არის სამი საყურადღებო ვარიანტი: ერთი ბრიტანული, ერთი სამხრეთ აფრიკული და ერთი ნიგერიული.
ბევრი კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში: ახალი ვარიანტი უფრო ადვილად გადაეცემა თუ უფრო რთულად?უფრო მსუბუქ დაავადებას იწვევს თუ უფრო მძიმეს? ამცირებს ადამიანების სიკვდილობას თუ ზრდის?ახალი ვარიანტის აღმოჩენა შეუძლიათ თუ არა უკვე არსებულ ტესტ სისტემებს: PCR და ანტიგენის ტესტს? ახალი ვარიანტი ხომ არ გამოიწვევს იმ ადამიანების დაავადებას, რომლებმაც უკვე გადაიტანეს SARSCOV2? და მთავარი კითხვა, ახალი ვარიანტი ხომ არ გაუსხლტება იმ ვაქცინებს, რომლებიც უკვე არსებობს და მილიონობით ადამიანი უკვე აიცრა?
ამ ჩამოთვლილი კითხვებიდან მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი აქვს კაცობრიობას პირველ კითხვაზე. დადასტურებული სამედიცინო კვლევებით და მათემატიკურ-ბიოლოგიური მოდელირებებით აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის ამ ახალ ვარიანტს 50-76 %-მდე მარტივად შეუძლია გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს, ვიდრე ძველი ვარიანტი ამას “ახერხებდა”. დანარჩენი კითხვები ბოლომდე პასუხგაცემული არ არის, თუმცა მეცნიერული და დაკვირვებითი ვარაუდით ჯერჯერობით ეს ახალი ვარიანტი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, არ იწვევს უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციას, არ იწვევს უფრო მეტ გარდაცვლილ ადამიანს, არ იწვევს იმას, რომ ვაქცინა უეფექტო იყოს და დიაგნოსტიკური საშუალებები შესაცვლელია. ამიტომ, ეს ვარიანტი ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ მეტი ადამიანის დაავადების პოტენციური რისკია სხვა მეტი “მავნებლობით” არ ხასიათდება.
კორონავირუსის ახალ ვარიანტთან მიმართებაში როგორია თქვენი პროგნოზი საქართველოსთვის?
რადგანაც, ახლა ჩვენ დიდი მიმოსვლა არ გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, არც ბრიტანეთთან, არც ნიგერიასთან და არც სამხრეთ აფრიკასთან, ოპტიმისტურად თუ შევხედავთ, ჩვენთან ეს ახალი ვარიანტი ძველ ვარიანტს ზაფხულამდე ვერ ჩაანაცვლებს. შეიძლება არც ზაფხულში არ მოხდეს ეს, ამიტომ ჩვენ ისევ ძველებურ რეჟიმში უნდა ვატაროთ ნიღაბი, უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა დავიბანოთ ხელები. სხვა რაიმე არსებითი ცვლილება, ამის გამო, რომ ბევრი ვინერვიულოთ, ან მეტი ვიპანიკოთ, არ არსებობს.