Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის”-ს ესაუბრება თსსუ პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ბატონო ივანე, გვესაუბრეთ კორონავირუსის დელტა ვარიანტის შესახებ, რომლის შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება დღითიდღე. ამ ვარიანტს რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს ძველი ვარიანტებისგან შედარებით და რომელ ასაკობრივ ჯგუფში გხვდება უფრო მეტად?

“დელტა” ვარიანტის სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის წარმოდგენილი და ამ დროისთვის 92 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა პაციენტების რაოდენობა უფრო მეტია. ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა და პროცენტულობით არის 20%-ი, ანუ ყოველი მეხუთე  კორონავირუსის “დელტა” ვარიანტით არის ინფიცირებული და ეს მონაცემებიც ყოველდღიურად იზრდება. ამ ვარიანტს სწრაფი გავრცელების თვისება აქვს.  იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა “დელტა” ვარიანტის სტატისტიკური ზრდა დღეების განმავლობაში, ნაჩვენებია, რომ ყოველ ორ კვირაში შესაძლოა გაორმაგდეს შემთხვევათა რაოდენობა, რაც გვაფიქრებინებს იმას,  რომ აგვისტოში კორონავირუსის დელტა ვარიანტი იქნება დომინანტური ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩაანაცვლებს დღეისათვის გავრცელებულ “ბრიტანულ” ე.წ. ალფა ვარიანტს.

ეს ვარიანტი კლინიკური ნიშნებით ძირითადად არ განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე ნიუანსით განსხვავებულია, ისეთით, როგორიც არის შედარებით ნაკლები ხველა, ნაკლები ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. ამ ვარიანტს  უფრო მეტად ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ძლიერი ყელის ტკივილი, თუმცა ეს სიმპტომები მაინც ინდივიდუალურია პაციენტებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება  უფრო სწრაფი გავრცელებაა, დელტა ვარიანტით დაინფიცირებული უფრო მეტ ადამიანს გადასდებს ვირუსს, ვიდრე კორონავირუსის ბრიტანული, ალფა ვარიანტი. ანუ ამ შემთხვევაში ერთი ადამიანი 5-6 ადამიანს აინფიცირებს, ორიგინალური, ჩინური ვარიანტის შემთხვევაში – 2.5-ს.  ეს არის ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს დიდი ბრიტანელი კოლეგებისგან,  მათ ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ ამ მხრივ, რადგან ეს იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში ინდოეთის შემდეგ, სადაც კორონავირუსის დელტა ვარიანტმა მთლიანად ჩაანაცვლა კორონავირუსის ალფა, ბრიტანული ვარიანტი. ეს ვარიანტი უფრო 12-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული, განსხვავებით კორონავირუსის  ჩინური ვარიანტისაგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით 40-50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. კორონავირუსის დელტა ვარიანტი უფრო მეტად ფილტვებს აზიანებს და სტაციონარში მოხვედრილ პაციენტებს შორის  ფილტვების ხვედრითი წილი არის შედარებით უფრო მაღალი და ეს არის ის განსხვავებები, რაც დღეისათვის ცნობილია.

წლამდე ბავშვებში როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რას ურჩევდით მშობლებს, როგორ უმკურნალონ, სად უმკურნალონ და საჭიროა თუ არა ჰოსპიტალიზაცია?

წლამდე ბავშვები ეროვნული პროტოკოლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომელი ვარიანტით არიან ინფიცირებული, საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. წლამდე ასაკში თუ არის სიმპტომები – ხველება, მაღალი ტემპერატურა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ნებისმიერი ნიშნის არსებობისას, წლამდე ასაკი წარმოადგენს გარკვეულ რისკ-ჯგუფს და ამ ასაკის ბავშვები, მიუხედავად დაავადების პირველ დღეებში არსებული სიმძიმისა, აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში. კორონავირუსის ამ ვარიანტისთვის, ისევე როგორც სხვა ვარიანტების დროს, მკურნალობის არსენალი არის ძალიან შეზღუდული და ძირითადად ვიყენებთ ე.წ. სიმპტომურ საშუალებებს.

რას გვეტყვით ვაქცინაციაზე?

ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი შვილები და შვილიშვილები კორონავირუსის ამ “შეშფოთების” ვარიანტისგან  (როგორც მას უწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც გამოხატავს მის ადგილს სხვადასხვა ვარიანტთა შორის), არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. ბავშვებში ჩვენ ვაქცინაციას ვერ ვატარებთ, მათ ნაკლებად შეუძლიათ ნიღბის ტარება და ერთადერთი შესაძლებლობა არის ოჯახის უფროსი წევრების – ბებიების, ბაბუების, მშობლების ვაქცინაცია. დღეისათვის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საყოფაცხოვრებო კონტაქტებზე მოდის, ეს არის  კონტაქტები, როცა ოჯახის წევრებისგან გადაედოთ კორონავირუსი. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ, თქვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.

ვირუსის მიმდინარეობისას ან გამოჯანმრთელების შემდეგ რა ანალიზები და კვლევები სჭირდება ბავშვს?

ჩვენი ეროვნული პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული  ანალიზები დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობის სიმძიმეზე, ოღონდ ეს არის ანალიზები, რომელიც კეთდება სტაციონარის პირობებში. რაიმე დამატებითი ანალიზი და გამოკვლევა თუ ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია და იმყოფება სახლში, არ არის საჭირო. თუმცა,  კორონავირუს გადატანილი ბავშვი  საჭიროებს ხანგრძლივ მეთვალყურეობას და დაკვირვებას, ამიტომ ეს ბავშვები უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დღეისათვის საქართველოში რამდენიმე კლინიკაა, მათ შორის იაშვილის კლინიკას, რომელიც ახორციელებს პოსტკოვიდური სინდრომის შეფასებას და მართვას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5