Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორია ახალი კორონავირუსის იმუნიტეტი სხვა ტიპის კორონავირუსებთან შედარებით, არის  თუ არა რეინფიცირების საფრთხე მოკლე ვადებში  და როგორ ხდება ვირუსის მოცვა მოსახლეობაში, წამყვანი ინფექციონისტი – მაია ბუწაშვილი გვესაუბრება.

შეიძლება ითქვას, რამდენხანს  ტოვებს  კორონავირუსი იმუნიტეტს?

იმუნიტეტის ინტენსივობა ახალ კორონავირუსთან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან  ახალი ინფექციაა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ანტისხეულები მუშავდება, მაგრამ რამდენ ხანს  გრძელდება ანტისხეულების არსებობა ორგანიზმში, ცხადია ეს ჯერ უცნობია, პანდემიის ვადების გამო. 

როგორი იყო სხვა ცნობილი ეპიდემიების დროს იმუნური სისტემის პასუხი? 

დღეს პარალელებს ავლებენ სხვა ტიპის კორონავირუსებთან, მაგალითად, როგორიც იყო  SARS-ი 2003 წელს. გამოიკვლიეს  ამ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები და ჩატარებული  კვლევით აღმოჩნდა, რომ სამი წელი გრძელდებოდა მათ სისხლში ანტისხეულების ცირკულირება, ანუ სამი წელი გაგრძელდა ნოლ ჯგუფის იმუნური პასუხი. შემდეგი კვლევა იყო MERS-ი ანუ, 2012 წლის კორონავირუსული ეპიდემიის გადარჩენილთა სისხლის კვლევა და იქაც, სამწლიანი ხანგრძლივობა ჰქონდა. ზუსტად ასევე, ერთ-ერთი მსუბუქი კორონავირუსი, რომელიც ყოველ წელს ცირკულირებს, ამ ვირუსის იმუნიტეტიც დაახლოებით იგივე ვადებს ემთხვევა, ორი ან სამი წელი. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც, დაახლოებით ასეთი ხანგრძლივობის იმუნიტეტი შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვარაუდია. ზოგადად, რაც ახალ კორონავირუსში  შეინიშნება ის არის, რომ  მას  ნაკლები მუტაციები ახასიათებს, ვიდრე გრიპის ვირუსს და იმედი აქვთ უფრო სტაბილური იმუნიტეტი ექნება, ვიდრე მაგალითად გრიპის ვირუსს.  

შეიძლება მოხდეს თუ არა რეინფიცირება კორონავირუსით?

თუ ხანმოკლე იმუნიტეტი მუშავდება, რეინფექცია შესაძლებელია რომ მოხდეს.  მაგრამ, არა მოკლე ვადებში და არა, ამავე სეზონზე. 

რატომ  აღმოჩნდა ბავშვების იმუნური სისტემა უფრო ძლიერი კორონავირუსის მიმართ?

ბავშვების იმუნური სისტემა უფრო ძლიერი არ აღმოჩნდა, რადგან  ბავშვებიც ინფიცირდებიან.  ბავშვებში გართულებები შედარებით იშვიათია  და იშვიათია ლეტალური გამოსავალი. H1N1-ის  დროს 0-დან 5 წლამდე ბავშვები სერიოზულად დაზარალდნენ და სეზონური გრიპის დროსაც ასეა. ასე, რომ ბავშვები ამ ვირუსთან მიმართებით კარგ პოზიციაში არიან, მაგრამ რატომ, ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. 

მშობლებმა რა უნდა გაითვალისწინონ არსებული საფრთხის  პრევენციისთვის?

ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ და სამწუხაროდ, მშობლები ხშირად უარს ამბობენ ბავშვების  გეგმიურ ვაქცინაციაზე და ეს დაუშვებელია, რადგან კორონა ვირუსი გადაივლის და შეიძლება, მივიღოთ სხვა აფეთქება, მაგალითად წითელასი. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ინფექციები, რომლებიც სულ არის ჩვენს გარშემო და გეგმიურ ვაქცინაზე უარი არ უნდა თქვან მშობლებმა და ჩაუტარონ  ბავშვებს.

Როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია ბავშვების გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით? 

მნიშნელოვანია ამ პერიოდში ბავშვები მოარიდონ მშობლებმა სხვა ბავშვებს, რომ არ მოხდეს მათი ინფიცირება. შეიძლება, გვამშვიდებს  ის ფაქტი, რომ ბავშვებში არ რთულდება ეს ინფექცია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები შეიძლება იყვნენ ინფექციის გადამტანი ხანდაზმულებისთვის. ვიცი, ძალიან რთულია ბავშვების გამოკეტვა  და არც  უნდა გამოვკეტოთ, რადგან ყველა ბავშვს არ აქვს აივანი, ეზო და ბავშვებს კი  ფიზიკური დატვირთვა და მოძრაობა სჭირდებათ. მშობლებმა ეს ძალიან რთული მისია უნდა შეასრულონ, დაიკავონ ოქროს შუალედი, ისე რომ თან რისკი არ შეუქმნან  ბავშვებს ვირუსის მიმღებლობის საფრთხე  და თან, ბავშვები არ  ჩაკეტონ სახლებში; ამისთვის, ისეთ ადგილებში უნდა ეცადონ სეირნობას, სადაც ხალხი არ არის ან ძალიან ცოტაა.  ბავშვის გარეთ  გაყვანის დროს, კარგი იქნება თუ თან გვექნება სადეზინფექციო სითხე და ხშირად დავუმუშავებთ ხელებს. სახლში შემოყვანისთანავე კი ისევ  დავბანთ ხელებს და გამოვუცვლით ტანსაცმელს. 

როგორ ხდება ვირუსის მოცვა, უნდა მოვიხადოთ თუ არა ყველამ კორონავირუსი? 

ყველამ არ უნდა მოვიხადოთ ეს ვირუსი. ასეთი ეპიდემიები არ არსებობს, მთელი პოპულაცია რომ მოიცვას, რადგან 100 %-იანი მოცვა,  ვერცერთ ინფექციას ვერ ექნება. უმრავლესობის მოცვა ხდება მხოლოდ ვაქცინის დროს, ანუ ვაქცინაციის შემდეგ ხდება იმუნიტეტის გამომუშავება. სხვა პანდემიებს თუ შევადარებთ, მაგალითად H1N1-ის დროს დედამიწის მოსახლეობის 20-30  % იყო  ინფიცირებული. ამიტომ, გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა უნდა მოიხადოს ეს ინფექცია, არარეალისტურია და ეს არ მოხდება. 

 როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება პანდემიის პირობებში?

პირველ რიგში სიფრთხილის ზომები უნდა გავითავისოთ კარგად და ჩვევებში გაგვიჯდეს, რაც ძალიან წაგვადგება არა მხოლოდ, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ზოგადად,  ბევრი ინფექციების გავრცელება  შემცირდება მკვეთრად. სოციალური დისტანცია ძალიან დიდხანს იქნება ძალაში, თუმცა ნელ-ნელა უნდა აღდგეს სავაჭრო დაწესებულებები, კაფეები, რათა ადამიანებმა  შეეძლოთ თავიანთი ცხოვრების გამრავალფეროვნება და სტრესში არ იყვნენ. დისტანციის დაცვით, რაოდენობის კონტროლით, აი ასე ფრთხილად შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრება პანდემიის პირობებში  და გეგმიურად მივუდგეთ ამ საკითხს.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5