სკოლამდელი ასაკის ბავშვები ღამე ძირითადად მაშინ იღვიძებენ, როცა გადაღლილები არიან და სტრესი აქვთ.
კოშმარები
კოშმარები არის საშიში სიზმრები, რომლებიც ხშირად ხდება ღამის მეორე ნახევარში, როდესაც სიზმარი ყველაზე ინტენსიურია. ბავშვები იღვიძებენ ტირილით ან შიშით და შეიძლება გაუჭირდეთ ძილის შებრუნება.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
- რაც შეიძლება სწრაფად, მიდით თქვენს შვილთან.
- დაარწმუნეთ, რომ იქ ხართ და არ დაუშვებთ, რომ მას რაიმე ზიანი მიადგეს.
- წაახალისეთ ის, გითხრათ რა მოხდა სიზმარში. შეახსენეთ მას, რომ სიზმარი არ არის რეალური.
- მიეცით მას საშუალება, გაანათოს ოთახი, თუ ეს მას თავს უკეთ აგრძნობინებს,
- როგორც კი თქვენი შვილი მზად იქნება, უბიძგეთ ძილისკენ.
- მოათვალიერეთ ოთახი, ხომ არ არის რაიმე, რაც აშინებს თქვენს შვილს, მაგალითად ჩრდილები. იზრუნეთ, რომ ისინი აღარ ჩანდეს.
ღამის ტერორები
ღამის ტერორი ყველაზე ხშირად გვხვდება ახლად ფეხადგმულ და სკოლამდელ ასაკში, ძილის ყველაზე ღრმა ეტაპზე – ჩვეულებრივ ადრეული ღამით, მაშინ, როცა მშობლებს ჯერ არ სძინავთ. ღამის ტერორის დროს:
- ბავშვი ტირის უკონტროლოდ.
- ბავშვი შეიძლება კანკალებდეს, ოფლიანობდეს ან სწრაფად სუნთქავდეს.
- ბავშვს შეიძლება ჰქონდეს შეშინებული, დაბნეული, შუშისებრი მზერა.
- ბავშვი შეიძლება ყვიროდეს, გირტყამდეთ ან მოგჩერებოდეთ.
- ბავშვი ვერ გხედავთ, ვერ ხვდება, რომ იქა ხართ.
- ბავშვი ცდილობს ხელი გკრათ, განსაკუთრებით, თუ მის გაკავებას ცდილობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ღამის ტერორი შეიძლება გაგრძელდეს 45 წუთამდე, უმეტესობა გაცილებით მოკლეა. ბავშვების უმრავლესობა ისევ იძინებს, რადგან ისინი რეალურად არ არიან გაღვიძებული. კოშმარისგან განსხვავებით, ბავშვს არ ახსოვს ეს ეპიზოდი.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ღამის ტერორი ხშირად უფრო საშიშია მშობლისთვის, ვიდრე ბავშვისთვის.
- ნუ ეცდებით ბავშვის გაღვიძებას.
- დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ზიანს ვერ მიაყენებს საკუთარ თავს. თუ ის ცდილობს საწოლიდან ადგომას, ნაზად დააბრუნეთ ლოგინში.
- დაიმახსოვრეთ, რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენი შვილი ალბათ ისევ დამშვიდდება და განაგრძობს ძილს. თუ თქვენს შვილს ღამის ტერორი აქვს, აუცილებლად უთხარით ძიძას და იმ ადამიანებს, რომლებთანაც ბავშვს ტოვებთ, რა არის ეს და რა უნდა გააკეთონ ამ დროს.
აწარმოვეთ ძილის დღიური
თუ გაწუხებთ თქვენი ბავშვის ძილის ჩვევები, ესაუბრეთ მის პედიატრს. აწარმოვეთ ძილის დღიური, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- სად სძინავს თქვენს შვილს?
- რამდენ ხანს სძინავს ღამე?
- რა სჭირდება მას დასაძინებლად (მაგალითად, საყვარელი სათამაშო ან პლედი)?
- რამდენი ხანი სჭირდება მას დასაძინებლად?
- რამდენად ხშირად იღვიძებს ის ღამით?
- რას აკეთებთ მის დასამშვიდებლად, როცა ის ღამით იღვიძებს?
- რამდენჯერ და რამდენი საათი სძინავს დღისით?
- რაიმე ცვლილება ან სტრესი ხომ არ არის სახლში ან საბავშვო ბაღში?
თვალყური ადევნეთ ამ ინფორმაციას 1-დან 2 კვირამდე და თან იქონიეთ, როდესაც გაესაუბრებით თქვენი შვილის ექიმს. გაითვალისწინეთ, რომ ძილის პრობლემები ძალიან ხშირია და დროისა და პედიატრის დახმარებით თქვენ და თქვენი შვილი დაძლევთ მათ.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია