Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კოშმარი არის სიზმარი, რომელიც შეიძლება იყოს დამასევდიანებელი, საშიში ან უცნაური. ეს ხდება თვალების სწრაფი მოძრაობის REM ძილის დროს, როცა ტვინი მუშაობს, თითქმის ისევე, როგორც სიფხიზლისას. კოშმარის შემდეგ თქვენ აუცილებლად გაიღვიძებთ, ხოლო ცუდი სიზმარი არ გამოგაღვიძებთ. ეს განასხვავებს მათ ერთმანეთისგან.

სიზმრები – ცუდი სიზმრებისა და კოშმარების ჩათვლით – კვლავ საიდუმლოებით მოცულია მეცნიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, რა იწვევს მათ, ქვემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა შეიძლება უფრო გაახშიროს კოშმარული სიზმრები.

1. შფოთვა ან სტრესი

ყოველდღიური სტრესი, სკოლის ან სამსახურის პრობლემების გამო შფოთვა, დიდი ცვლილებები და მოვლენები, მაგალითად საყვარელი ადამიანის დაკარგვა, შეიძლება გახდეს კოშმარული სიზმრების მიზეზი.

2. ტრავმა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

კოშმარები ხშირდება ტრავმული მოვლენის (ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, უბედური შემთხვევა) ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შემდეგ და უფრო ამძაფრებს ამ მდგომარეობებს.

3. ფსიქიკური დაავადებები

თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა ან შიზოფრენია, თქვენ სავარაუდოდ კოშმარების გამოცდილებაც გექნებათ.

4. წამლები

ზოგიერთმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს კოშმარები. მაგალითად,

  • ანტიდეპრესანტები
  • ანტიმიკრობული საშუალებები
  • ბეტა-ბლოკატორები
  • წნევის დამწევი საშუალებები
  • წამლები პარკინსონის დაავადებისათვის
  • წამლები მოწევის საწინააღმდეგოდ
  • ამფეტამინი და მეთილფენიდატი (ADHD– ის და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ)

თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტები იწვევს თქვენს კოშმარებს, აცნობეთ ექიმს. მან შეიძლება შეგიცვალოთ წამალი ან მისი დოზა.

5. ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება

თუ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხართ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო ხშირად გაქვთ კოშმარები.

6. ძილის ნაკლებობა

თუ გიჭირთ ჩაძინება ან ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძეთ ან გვიან დაწექით დასაძინებლად, შეიძლება კოშმარი დაგესიზმროთ.უძილობაც კოშმარის ერთ-ერთი მიზეზია.

7. ძილის წინ კვება

ძილის წინ კვებამ ან წახემსებამ შეიძლება დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი, რაც იწვევს ტვინის მეტ სიფხიზლეს.

8. ძილის აპნოე

ძილის დროს სუნთქვის პერიოდული შეჩერება, ხვრინვა შეიძლება გახდეს კოშმარების მიზეზი.

9. საშიში წიგნები და ფილმები

ზოგჯერ, საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები შეიძლება გახდეს კოშმარების მიზეზი, განსაკუთრებით თუ მათ ძილის წინ წაიკითხავთ ან უყურებთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან კოშმარები?

  • ერთსა და იმავე დროს დაწექით დასაძინებლად და გაიღვიძეთ;
  • უარი თქვით ალკოჰოლზე, ნიკოტინზე და კოფეინზე;
  • ივარჯიშეთ დღის პირველ ნახევარში;
  • ძილის წინ დაისვენეთ;
  • მოერიდეთ საშიშ ფილმებს, ვიდეო თამაშებს, სატელევიზიო შოუებსა და წიგნებს.
  • თუ ეს რჩევები არ მოქმედებს, მიმართეთ ექიმს. ის შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი კოშმარების სხვა  მიზეზის პოვნაში.

როდის მივმართოთ ექიმს?

ნორმალურია ხანდახან დაგესიზმროთ კოშმარი. თუმცა, მიმართეთ ექიმს, თუ

  • ეს ხელს გიშლით ნორმალურად ძილში;
  • ეს ხდება კვირაში ერთხელ მაინც;
  • ეს მოქმედებს თქვენს განწყობაზე ან საქმიანობაზე;
  • გეშინიათ ჩაძინების;
  • გიჭირთ ყოველდღიური დავალებების შესრულება;
  • კოშმარები დაგეწყოთ ახალი წამლის მიღების შემდეგ.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5